გაბრიელი (ტუსკია)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი გაბრიელ (ტუსკია) გურიის სამღვდელოებასთან ერთად

გაბრიელი, (ტუსკია გაბრიელი) – (1799, სოფელი აცანა, გურიის სამთავრო, 11. 09. 1881), საეკლესიო მოღვაწე, ეპისკოპოსი.

დაიბადა მღვდლის ოჯახში. ეკუთვნოდა აზნაურთა წოდებას, ჰყავდა ექვსი ძმა. 1814 წ. 20 იანვრიდან გურიის უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის მამათა მონასტრის მორჩილი იყო. აქვე შეისწავლა წერა-კითხვა, წმ. წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. 1818 წ. 15 დეკემბერს შემოქმედელმა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (შერვაშიძე) ბერად აღკვეცა და ამავე დღეს დიაკვნად აკურთხა (მეორე ვერსიით 1815 წ. 20 ნოემბერს ეკურთხა დიაკვნად). 1824 წ. 13 აგვისტოს მღვდლად ეკურთხა (მეორე ვერსიით 1826 6. 20 მარტს). 1829 წ. იანვარში გარდაიცვალა უდაბნოს მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი არსენი (გამყრელიძე) და მონასტრის საძმომ წინამძღვრად გაბრიელი გამოარჩია. 1830 წ. 15 სექტემბერს იმერეთის მთავარეპირკოპოსმა სოფრონმა (წულუკიძე) ამავე მონასტრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა და გურიის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად დაადგინა. 1836 წ. 18 ოქტომბერს იღუმენის წოდება მიენიჭა და წინამძღვრად დამტკიცდა. 1840 წ. 13 აპრილს გადადგა მთავარხუცესობიდან. 1840 წ. 4 აგვისტოს შეთავსებით გახდა ჯუმათის მამათა მონასტრის წინამძღვარი, რაც უდაბნოს წმ. იოანე ნათლისმცემლის ხატზე მისივე შესრულებული წარწერით დასტურდება: „1848 წლის ივნისის თვესა მე ჯუმათის მონასტრის გამგებელმან და იოვანე ნათლისმცემლის უდაბნოს იღუმენმა ტუსკიამ მოვაჭედინე ხატი ესე ორმოცის მანათის შემწეობითა თამარ დავით ნეფის ასულისათა და ორასი დრემის ვეცხლის შეწირვითა მთავრის დადიანის ასულის მარიამის გამდელის ასტანდარისათა და შეიწირე ნათლისმცემელო საცხონებლად სულთა მათთა“.

1842 წ. 7 აპრილს გურიის ეპარქიის საეკლესიო მამულების მართვა დაევალა. 1844 წ. 24 აგვისტოს დაჯილდოვდა სამკერდე ოქროს ჯვრით. 1848 წ. 6 მაისს გაბრიელს არქიმანდრიტის პატივის მიენიჭა. 1851 წ. 13 აპრილს ისევ აირჩიეს გურიის ეპარქიის მონასტრების მთავარხუცესად. 1852 წ. 5 აპრილს ებოძა წმ. ანას III ხარისხის ორდენი. 1854 წ. 13 დეკემბერს გელათის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანეს და იმავდროულად ჩააბარეს ამავე მონასტრის საეკლესიო მიწების მმართველობა. მისი წინამძღვრობის დროს, 1854-1856 წწ., გელათის მონასტერში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, კერძოდ, თითქმის მთლიანად გადაიღება მონასტრის ნაგებობანი. 1856 წ. 10 აპრილიდან 3 ნოემბრამდე დროებით განაგებდა იმერეთის ეპარქიას. 1858 წ. 14 აპრილს წმ. ანას II ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. იმავე წელს ყირიმის ომის (1853-1856) სამახსოვროდ წმ. ვლადიმირის ლენტიანი ბრინჯაოს ჯვარი მიიღო.

1859 წ. 19 იანვარს გაბრიელი რუსეთის წმ. სინოდმა მღვდელმთავრად გამოირჩია. 1859 წ. 25 მარტს ეპისკოპოსად აკურთხეს და გურიის ეპარქიის მმართველად დაინიშნა. 1867 წ. 16 აპრილს წმ. ვლადიმირის III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1873 წ. 8 აპრილს ვ უბოძეს.

გურიის საეპისკოპოსო კათედრა იმჟამად ჯუმათის მონასტერში მდებარეობდა. გაბრიელის წინამორბედებმა რამდენჯერმე ითხოვეს კათედრის ოზურგეთში გადატანა, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწიეს. ამასთან დაკავშირებით, 1860 წ.გაბრიელი საქართველოს ეგზარქოს ევსევის (ილინსკი) სწერდა: „ჯუმათის მონასტერი მდებარეობს მაღლის მთის წვერსა ზედა, რომლისადმი შესასვლელი გზა ფრიად ვიწრო არს, ესრეთ რომელ ატანისადმი საჭიროთა მასალათა შესაკეთებლად და დასაჭერად შენობათა, თანასწორი ხარჯის ატანისა და სხუათა საჭიროებათათვის წარმოადგენს გარდამეტებითსა სიძნელესა... ცხოვრებითა თვისითა ჯუმათის მონასტრის თანა, მე მოკლებულ ვარ საშუალობას, სიმარჯვით და პირისპირ შეყრისადმი სამოქალაქო მთავრობისა თანა, ძლიერ ცუდის გზის მიზეზით... ოზურგეთშიდ სასულიერო მთავრობას შეუძლია იქონიოს განუწყვეტელი მოლაპარაკება ესევითარისა თანავე სამოქალაქოთსადმი, განსანათლებლად მოწაფეებითა და მოსასპობელად ყოველთა გარდახდომილებათა, რომლისთვისცა საჭირო არიან სასულიერო და სახორციელო მოქმედებანი, მიხედვისამებრ ადგილობითთა გარემოებათა თანა, და ამისათვის მე საუმჯობესოდ ვრაცხ ჯუმათის მთავარანგელოზისა სობორო შეირაცხოს პირველ ხარისხოვან მონასტრად, შემოქმედის მაცხოვრისა და იოანე ნათლისმცემლისა უდაბნო მეორე კლასისად, ხოლო სამღვდელმთავრო კათედრა გარდატანილ იქმნას დაბასა შინა ოზურგეთს“.

გაბრიელის თხოვნაც უყურადღებოდ დარჩა. მისი ოცდაორწლიანი მღვდელმთავრობის მთელ პერიოდში ვერ მოხერხდა ოზურგეთში შესაფერისი შენობის გამონახვა ან ახლის აგება.

1881 წ. 1 აგვისტოს ღრმად მოხუცებული გაბრიელი პენსიაზე გავიდა და მალევე გარდაიცვალა. 1881 წ. სექტემბერში გაზ. „დროება“ წერდა: „ამ სეკტემბრის 11-ს, პარასკევს, გარდაიცვალა მოხუცი და ყოვლადპატიოსანი გურიის ეპისკოპოსი (ტუსკია) 12-ს ამ თვისას დეპეშა მოუვიდა თბილისს საქართველოს ეგზარქოს გარდაცვალებულის მოხსენებისათვის; 13-ს, კვირას, სიონში სწირა ვიკარნი ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) და მწუხარებით მოიხსენა განსვენებული წირვაზედ, ვითარცა თანამოძმე და მეგობარი თვისი. შემდგომ წირვისა გარდაუხდა პანაშვიდი, რომელზედაც შემოსილნი იყვნენ ორი არქიმანდრიტი: გრიგოლი (დადიანი) და მაკარი (მატათაშვილი) და კრებული სიონის სობოროსი. მეორე დღეს აგრეთვე სწირა ეპისკოპოსმა ალექსანდრემ ბერძნების ჯვარის მამის ეკლესიაში, სადაცა იყვნენ თანამწირველნი ბერძნების არქიმანდრიტები, და კვალად თანაგრძნობით მოიხსენა წირვაზედ ახლადგარდაცვალებული ეპისკოპოსი“.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი



წყაროები და ლიტერატურა

  • გაზ. „დროება“, 1881, №192;
  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №8147; საქმე №18526; ფ. 48, აღწერა 1, საქმე №7323, საქმე №14715; საქმე №16587; საქმე №1770;
  • არქიმანდრიტი ტარასის (კანდელაკი) ფონდი, გლენძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწ. მუზეუმი.
  • აბულაძე ა., გურიის უდაბნოს სავანე, თბ., 2005;
  • თავბერიძე ი., ჯუმათის მონასტრის სიძველეები, თბ., 2005

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები