გაგარინი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრიგოლ გაგარინი

გაგარინი გრიგოლ გრიგოლის ძე (29.04 (11.05) 1810, სანქტ-პეტერბურგი, 30.01.1893, შატელრო, საფრანგეთი; დაკრძალულია სოფ. სუჩკიში), რუსი მხატვარი, არქიტექტორი, ხელოვნების მკვლევარი, რომანტიზმის წარმომადგენელი, პეტერბურგის სამხატვრო აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი (1859-1872).

დაიბადა გამოჩენილი დიპლომატის ოჯახში. 1816 წლიდან ოჯახთან ერთად ცხოვრობდა საფრანგეთსა და იტალიაში. საფუძვლიანი სამხატვრო განათლება არ მიუღია. 1823-1824 წწ. იტალიაში კ. ბრიულოვის ყოფნისას ფერწერაში მისგან იღებდა გაკვეთილებს. 1832 წ. რუსეთში დაბრუნდა, დაუახლოვდა ა. პუშკინს და მისი თხოვნით 1833-1834 წწ. მუშაობდა მისი ლექსების ილუსტრაციებზე. 1834-1839 დიპლომატიური მისიით იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში. 1839 წ. ნახატების სერია შექმნა ვ. სოლოგუბის „ტარანტასისათვის“. 1838-1840 წწ. გ. დაუახლოვდა მ. ლერმონტოვს და ჩაება ე.წ. „თექვსმეტთა წრეში“, რომელიც ნიკოლოზ I-ის რეჟიმისადმი კრიტიკულად განწყობილ ახალგაზრდებს აერთიანებდა.

გრიგოლ გაგარინი საქართველოს ორჯერ ესტუმრა. 1841-1854 წწ. აქ მან სამხედრო სამსახურში გაატარა. მონაწილეობდა კავკასიის ომებში. კავკაკიის ბრძოლების თემა მის შემოქმედებაშიც აისახა („ვალერიკთან ბრძოლა“, „ჭიდილი“ (შესრულებული აქვს მ. ლერმონტოვთან ერთად), 1840 წ.; „ახატალის ბრძოლა“, 1841 წ.; „გენერალ კლიუკი ფონ კლუგენაუს შეხვედრა შამილთან“, 1849 წ.).

1848-1854 წწ. თბილისში ცხოვრობდა და აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. აქ დაუახლოვდა პოეტ ა. ჭავჭავაძის ოჯახს. შეასრულა ქართველ არისტოკრატთა პორტრეტები („დავით ჭავჭავაძე“, „მაიკო ორბელიანი“, „მარიამ ფალავანდიშვილის პორტრეტი“), პეიზაჟები („გზა თბილისსა და თელავს შორის“, „სურამის ციხე“), (XIX ს. 40-იანი წწ., რუს. მუზეუმი, სანქტ-პეტერბურგი). საქართველოში მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის თანაშემწე იყო. 1850 წ. დამდეგს მისი ბრძანებით შექმნილი „ქალაქ თბილისში მუდმივი თეატრის მომწყობი კომისიის“ წევრი გახდა. საქართველოში პირველი სათეატრო შენობა 1847-1851 წწ. აშენდა არქიტექტორ ჯ. სკუდიერის მიერ. თეატრი აღმოსავლურ ყაიდაზე („ისლამური ინტერიერი“) გაგარინმა გააფორმა. მან თბილისის საოპერო თეატრის დარბაზი, ფოიეები და ფარდაც მოხატა (თემა რუსეთისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობა). ფარდაზე დახატული სამნაწილიანი კვარცხლბეკის დეკორისთვის მხატვარმა შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო არქიტექტურის მოტივები, ლილვოვან ნახევარსვეტებზე დაფუძნებული თაღების ტრადიციული დეკორი გამოიყენა. 1874 წ. ხანძრის შედეგად შენობა დაიწვა. ჩვენამდე მოღწეულია ფარდის ესკიზები. გაგარინმა ქართულ თეატრში მხატვრულად გააფორმა გ. ერისთავის „გაყრა“ და „დავა“.

XIX ს. 50-იან წწ. გაგარინი მუშაობს თბილისის სიონის ტაძრის მოხატულობაზე. მისი ინიციატივით ტაძარში XVIII ს. ბოლოს აღმართული ხუთიარუსიანი კანკელი შეიცვალა დაბალი, ქართული ტრადიციებისთვის დამახასიათებელი კანკელით. კანკელის პროტოტიპი შუამთის მონასტრის ძველი კანკელი გახდა, რომელიც მხატვარმა სიონში მუშაობის დაწყების წინ შეისწავლა. სიონის ტაძრის მოხატულობა რუსეთის იმპერიის მასშტაბით ნეობიზანტიურ სტილში შესრულებული პირველი ფერწერული ანსამბლია. გამოყენებულ იქნა ცვილის საღებავების ტექნიკა. გაგარინის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით გაიწმინდა და შეკეთდა ბეთანიის ტაძარი.

კავკასიის შთაბეჭდილებები აისახა მის მიერ პარიზში გამოცემულ ალბომებში „თვალწარმტაცი კავკასია“ (1847) და „კავკასიური კოსტუმი“, რომლებიც მხატვრულთან ერთად, დოკუმენტურ მნიშვნელობასაც ინარჩუნებს. მხატვრის კავკასიისადმი და კერძოდ საქართველოსადმი განსაკუთრებული დამოკიდებულება ჩანს არა მხოლოდ მის შემოქმედებაში, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ნააზრევში. საინტერესოა გაგარინის მოხსენება მინისტრ ა. ჩერნიშევისადმი, სადაც იგი აკრიტიკებს რუსეთის პოლიტიკას ამიერკავკასიაში.

გაგარინი როგორც შემოქმედი და ისტორიკოსი ხელს უწყობდა ე.წ. „რუსული სტილის“ (ნეობიზანტიური ვარიანტი) განვითარებას. მისი თაოსნობით სამხატვრო აკადემიასთან დაარსდა „ქრისტიანულ სიძველეთა მუზეუმი“. მოგვიანებით გამოქვეყნდა მისი შრომები „მცირე ქრონოლოგიური ცხრილი და სახელმძღვანელო ბიზანტიის ისტორიისათვის“ (1856) და „ხუთგუმბათიანი ეკლესიების წარმოშობა“ (1881).

ა. მგალობლიშვილი

ლიტერატურა

  • დოლიძე ი., სათეატრო არქიტექტურა საქართველოში, თბ., 2005;
  • ფერაძე თ., გრიგოლ გაგარინი და საქართველო, თბ., 1955;
  • Иоселиани П., Описание древностей города Тифлиса, Тфл., 1886;
  • Caвинов A. H., Г. Гагарин. [1810-1893], M., 1954.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები