გერასიმე (დოგრაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გერასიმე – (დოგრაშვილი გრიგოლ), (XVIII ს. 80-იანი წლები, სოფელ დოგრი, იმერეთის სამეფო, – 1868, ქ. იერუსალიმი), არქიმანდრიტი. უცნობია, თუ სად მიიღო სასულიერო განათლება, ან როდის მოხდა მისი ხელდასხმა. 1818 წ. უკვე მღვდელია, რაც ეგზარქოს თეოფილაქტეს (რუსანოვი) სახელზე გენერალ ა. ველიამინოვის მიერ გაგზავნილი ერთ-ერთი წერილით დასტურდება.

1819-1820 წლებში იმერეთში მოხდა აჯანყება, რომელშიც სამღვდელოებაც აქტიურად მონაწილეობდა. სავარაუდოდ, მათ რიცხვში უნდა ყოფილიყო გრიგოლიც, რომელმაც აჯანყების დამარცხების შემდეგ სხვა ქართველებთან ერთად დატოვა საქართველო და ოსმალეთის იმპერიას შეაფარა თავი. გერასიმე იერუსალიმში ჩავიდა და ქართველთა წმ. ჯვრის მონასტერში გაჩერდა, სადაც გერასიმეს სახელით ბერად აღიკვეცა.

ათონის მთის ქართველთა ახალი წმ. იოანე ღვთისმეტყველის სავანის წინამძღვარმა, სქემიღუმენმა ბენედიქტემ (ბარკალაია) ვიდრე ათონის მთაზე ჩავიდოდა, თავდაპირველად წმ. მიწა და იერუსალიმი მოილოცა. იგი წერდა: „დროსა ჩემის აღმოსავლეთთა ადგილთა მყოფობისა 1866 წელსა, მე არა ღირსი ღირს ვიქმენ ხილვად წმიდისა ქართველთა ჯვარის მონასტრისა იერუსალიმსა შინა, აღშენებულსა და შემკულსა ჩვენის ტომისაგან, ქართულნი წარწერანი და გამოხატულობანი კედელთა ზედა მისთა მრავალთა მეფეთა და ჩინებულთა ჩვენის ქვეყნისათა (რომელთა შორის არს სურათი პოეტის შოთა რუსთაველისაცა) და მდიდარი ქართულის წიგნებითა ბიბლიოთეკა ღირსნი არიან ყურადღებისა განათლებულთ ჩვენის ქვეყნის შვილთა, გარნა სდუმნიან განათლებულნი ჩვენნი. მონასტრის წიგნთსაცავი, სამსე მრავალგვარი ხელნაწერი პერგამენტის წიგნებითა, ხარტიებითა და გუჯრებითა ვპოვე დროთაგან განხრწნილ, წვიმისა და ნოტიოსაგან, არა საკმაოდ დაცულ, რაისა გამო გარდამოვიტანე წიგნნი იგინი სხვასა დიდსა ოთახსა შინა შემწეობითა და ბრძანებითა მონასტრის მის არქიმანდრიტისა გერასიმესითა (ქართვ. გვარად დოგრაშვილი), რომელიცა მიიცვალა 1868 წელსა და მისა შემდეგ მონასტერი უპყრიესთ ბერძენთა, რომელთაცა დააყოვნეს მონასტერი და სარგებლობენ დიდძალის შემოსავლითა...

1883 წ. იანვარ-მაისში ა. ცაგარელი სპეციალურად სამეცნიერო მიზნით ეწვია ახლო აღმოსავლეთს. იგი იყო პირველი ქართველი მეცნიერი, რომელმაც მოინახულა იქ არსებული ქართული სავანეები. თავის ნაშრომში ის წერდა: „ჩვენს დროს საკუთრივ ქართულ მონასტრად ირიცხება იერუსალიმის მახლობლად ჯვარის მონასტერი, აშენებული XI ს-ში ბაგრატ IV-საგან. ამ 40 წლის წინათ იღუმენობდა ქართველი ვინმე გერასიმე“.

წმ. მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე) 1936 წ. ზაფხულში ესტუმრა წმ. მიწას და დაგვიტოვა ძვირფასი ჩანაწერები, სადაც ის მოიხსენიებს გერასიმეს: „1841 წელს ჯვრის მონასტრის წინამძღვარი იყო არქიმანდრიტი გერასიმე, საქართველოდან. იგი სამი წელი წინამძღვრობდა, შემდეგ უარი თქვა თავის საეკლესიო თანამდებობაზე, 1845 წელს“.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი



წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 488, აღწერა 1, საქმე №170;
  • გაზ. „დროება“, 1880, №126-127;
  • გაზ. „ივერია“, 1886, №13; 1889, №70.
  • ფერაძე გ., უცხოელ პილიგრიმთა ცნობები პალესტინის ქართველი ბერებისა და ქართული მონასტრების შესახებ, თბ., 1995.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები