გიორგი VIII

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი VIII – ერთიანი საქართველოს მეფე (1446-1466), კახეთის მეფე (1466-1476), მეფე ალექსანდრე I დიდის ძე, ძმა მეფე ვახტანგ IV-ისა.

ვახტანგ IV-ის გარდაცვალების შემდეგ (1446) სამეფო ტახტზე პრეტენზიას აცხადებდა მისი ორი მომდევნო ძმა: დემეტრე და გიორგი. ორივე საკუთარ თავს საქართველოს მეფეს უწოდებდა. დემეტრეს გარდაცვალების შემდეგ (1452/53) გ. VIII ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გახდა და აღარც მეფობის მოცილე ჰყავდა, მაგრამ ძმებს შორის დაწყებულმა დაპირისპირებამ საშუალება მისცა ოდიშის (სამეგრელო-აფხაზეთი) და სამცხის სამთავროებს, რომ თანდათანობით ცენტრისგან სრული დამოუკიდებლობისთვის მიეღწიათ. მათ ჰყავდათ საკუთარი ჯარი და დამოუკიდებლად წარმართავდნენ საგარეო პოლიტიკას. ყველაზე მეტად ამ მხრივ აქტიურობდა სამცხის მთავარი ყვარყვარე II ჯაყელი. განაწყენებულმა გიორგი VIII-ზე, რომელმაც 1447 წ. მის ძმას აღბუღას დაუჭირა მხარი, არ იკმარა პოლიტიკური სეპარატიზმი და სამცხის სამთავროს საეპისკოპოსოების საქართველოს ეკლესიიდან ჩამოშორება და მაწყვერელის მეთაურობით ცალკე საეკლესიო მმართველობის შემოღებაც მოინდომა. იგი თვითონ ნიშნავდა სამცხის ეპისკოპოსებს და მცხეთაში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან საკურთხევლად აღარ უშვებდა, მიისაკუთრა სამცხეში საპატრიარქოს კუთვნილი ვარძიის მონასტერი. სამთავროს ეკლესიებში შეწყვიტეს წირვა-ლოცვებში საქართველოს მეფისა და კათოლიკოს-პატრიარქის მოხსენიება. სრულიად საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქის, დავით III-ის ენერგიული ძალისხმევის შედეგად, სამცხის ათაბაგის ეს განზრახვა ჩაიშალა. დავით III პირადად ჩავიდა სამცხეში და საფარის ეკლესიაში განდგომილი მღვდელთმთავრები შეაჩვენა. უფრო ზუსტად, დამსწრე მოსახლეობის დიდი რაოდენობის გამო „საფარის თავზედა“ (ე.ი. ღია ცისქვეშ) ჩაატარა „უჯუარობისა და შეუნდობლობის“ (ე.ი. განკანონებისა და დაკრულვის) საეკლესიო წესი. კათოლიკოსის წყევლა-კრულვამ დიდი შეძრწუნება გამოიწვია სამცხის მორწმუნეთა შორის და ჩაშალა ყვარყვარეს გეგმები. შეჩვენებული მღვდელმთავრები მცხეთაში გამოცხადდნენ მეფისა და კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე ერთგულების ნიშნად, რაც დოკუმენტურადაა დადასტურებული აქაურ ეპისკოპოსთა ე.წ. „ერთგულების ფიცის წიგნებით“. პრობლემის ასე სწრაფად გადაწყვეტას, რა თქმა უნდა, იმანაც შეუწყო ხელი, რომ მთლიანად სამცხის მოსახლეობაში შეურყეველი იყო ქვეყნის რელიგიური ერთიანობის იდეა.

გიორგი VIII-ის ერთ-ერთი ასული დანიშნული იყო ბიზანტიის უკანასკნელ იმპერატორ კონსტანტინე XI-ზე. 1449 წ. ოქტომბერში ნიშნობის ჩასატარებლად საქართველოში ჩამოვიდა იმპერატორის პირველი მდივანი გიორგი სფრანძესი, მაგრამ თურქ-ოსმალთა მიერ 1453 წ. კონსტანტინოპოლის აღებამ, თვით იმპერატორის მკვლელობამ და ბიზანტიის იმპერიის დაცემამ ჩაშალა ეს ქორწინება. საქართველოში კარგად ჰქონდათ შეგნებული ის დიდი საფრთხე, რაც ბიზანტიის იმპერიის დაცემას მოჰყვებოდა. ამიტომაც ქართველმა მეფე-მთავრებმა ერთმანეთს შორის ზავიც დადეს და აქტიური მონაწილეობაც მიიღეს ანტიოსმალური კოალიციის შექმნაში. კოალიციის ინიციატორმა, რომის პაპმა პიოს II-მ, 1459 წ. საქართველოში მოავლინა ელჩი ლუდოვიკო ბოლონიელი. პაპის ელჩს საქართველოს სამეფო კარზე თურქთა წინააღმდეგ ბრძოლის საკმაოდ მასშტაბური და დეტალურად დამუშავებული გეგმა წარუდგინეს. ჯვაროსნულ ომში, ევროპის სახელმწიფოების პარალელურად, უნდა შეეტიათ აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნებს (საქართველო, ტრაპიზონი, მცირე სომხეთი) და მაჰმადიანურ ირანს. თურქები არა მარტო კონსტანტინოპოლიდან, არამედ საერთოდ მცირე აზიიდან უნდა განედევნათ, რათა მათგან საშიშროება სამუდამოდ აღმოფხვრილიყო. ასევე უნდა გაეთავისუფლებინათ იერუსალიმიც ეგვიპტელი მამლუქებისაგან. ქრისტიან მოკავშირეთა მთელი ლაშქარი 120 ათასს აღწევდა. ამ გეგმის დასაზუსტებლად და შესათანხმებლად მოკავშირეებმა 1459 წ. ლუდოვიკო ბოლონიელს თავიანთი ელჩები გააყოლეს ევროპაში. გგიორგი VIII-ის ელჩს, ნიკოლოზ თბილელს, თან მიჰქონდა საქართველოს მეფის წერილი მოკავშირეთა მზადყოფნის შესახებ, მაგრამ როგორც ცნობილია, ევროპის სახელმწიფოების პასიურობის გამო, ოსმალთა წინააღმდეგ ჯვაროსნული ლაშქრობის მოწყობის მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. ანტიოსმალური კოალიციის ჩაშლისთანავე საქართველოში დროებით შეჩერებული შინაფეოდალური ბრძოლა კიდევ უფრო მეტი სიმძაფრით გაჩაღდა, რამაც საბოლოოდ დაშლამდე მიიყვანა ერთიანი ქართული ფეოდალური მონარქია. გიორგი გიორგი VIII-ის ძალისხმევა, დაემორჩილებინა გამდგარი მთავრები და ერისთავები, სრული კრახით დამთავრდა. ის 1462 წ. ყვარყვარე ათაბაგმა დაამარცხა, შემდეგ წელს სამოქალაქოს (ქუთაისის ოლქი) ერისთავმა ბაგრატმა, ხოლო 1465 წ. სამცხის მთავარმა საერთოდაც ტყვედ ჩაიგდო და ვაჰანის ქვაბში დაამწყვდია. გიორგის დაპატიმრებით ისარგებლა ბაგრატ ერისთავმა, ქართლში გადავიდა და 1466 წ. თავი საქართველოს მეფედ გამოაცხადა. ყვარყვარეს მიზანი საქართველოს მეფის დასუსტება იყო და არა გიორგის მმართველობის შეცვლა ბაგრატის ხელისუფლებით. ამიტომ მან ტყვეობიდან გაათავისუფლა გიორგი VIII და ჯარიც კი მიახმარა ბაგრატის წინააღმდეგ საბრძოლველად. მიუხედავად ამისა, გიორგი VIII-მ ქართლის დაკავება ვეღარ შეძლო. ის კახეთში გადავიდა, სადაც ადგილობრივი წვრილი და საშუალო აზნაურების დახმარებით დაამარცხა ერისთავები და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. ამ დროიდან (1466) იწყება კახეთის ცალკე სამეფოსა და მისი დინასტიის ისტორია.

გიორგი VIII-მ (გიორგი I-მა კახთა მეფემ), როგორც ჩანს, გაითვალისწინა ის შეცდომები, რომელიც ერთიანი საქართველოს მეფობის დროს დაუშვა. მან მთელი რიგი ღონისძიებები გაატარა კახეთში თავისი ხელისუფლების განმტკიცების მიზნით. გააუქმა საერისთავოები და მათ მაგივრად კახეთი მცირე ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად სამოურავოებოდ დაყო. მოურავები ძალითაც და გავლენითაც გაცილებით ჩამოუვარდებოდნენ ერისთავებს. გიორგი VIII-მ სამხრეთ-ადმინიდტსვიული თვალსაზრისით კახეთი ოთხ სადროშოდ დაყო და მათ სათავეში ეპისკოპოსები ჩააყენა, რათა სადროშოს სარდლობა მთავრებს სამემკვიდრეოდ არ ექციათ. მანვე ალავერდელი კახეთის ეპისკოპოსთა თავად გახადა. კახეთის სამეფოს სატახტო ქალაქი 1466 წლიდან გახდა გრემი. ჩატარებული რეფორმებით გიორგიმ არ დაუშვა მთავართა გაძლიერება და ძალაუფლება თავის ხელში აიღო.

მძიმე პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ყოველმხრივ ცდილობდა ყურადღება არ მოეკლო საქართველოს ეკლესიისთვის. ცნობილია მის მიერ სვეტიცხოვლის, გელათის, სამთავისის, რკონის, ქვათახევისა და სხვა ეკლესია-მონასტრებისთვის მამულების შეწირვისა თუ ძველ შეწირულობათა განახლების ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ ერთიანი საქართველოს მეფეს საბოლოოდ კახეთიღა შერჩა საგამგებლოდ, ეკლესიური სეპარატიზმი მისთვის ყოვლად მიუღებელი იყო. კახთა პირველი მეფე მიიჩნევდა, რომ საქართველო განუყოფელი იყო ეკლესიურად, სათავეში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქით. ამიტომაც ზრუნავდა ის საკათედრო ტაძრის, მცხეთის სვეტიცხოვლის კუთვნილ მამულებზე კახეთში, ათავისუფლებდა მის ყმებს გადასახადებისგან და სწირავდა ახალ მამულებს.

გიორგი VIII-ის ძმა იყო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი დავით II (1425/26-1428). მისი მეფობის დროს პატრიარქობდნენ დავით IV (1443/47-1459), მარკოზი (1460-1466) და დავით V (1466-1479).

გიორგი VIII ისტორიულ საბუთებში მოიხსენიება, როგორც იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანი; ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფე, შაჰანშა და შარვანშა, ჩრდილოეთისა, აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის ხელმწიფედ ფლობით მპყრობელი, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერის გამაერთიანებელი, აფხაზეთისა და ქართლის მეფეთ-მეფე.

გ. ოთხმეზური


წყაროები და ლიტერატურა

  • ეგნატაშვილი ბერი, ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
  • ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973;
  • ლენინგრადის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ქართულ საბუთთა ფონდი 6, 2r-4r:;
  • სცსა, საბუთები №№ 1448-531, 5016, 5025, 1449-1171, 1483, 1486, 1524, 1525, 1529, 1613; სხეც-ის ისტორიული საბუთების ფონდი №№ d-504, 601, 1530, 1564, d-1055, 1370, 1371, 1347, 2007; d-7118, 7588, 9221, 9601, 10121, 2859.
  • გიორგი ფრანძესი, მცირე ქრონიკა, გეორგიკა, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 8, თბ., 1970;
  • თამარაშვილი მ., ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის, ტფ.,1902;
  • საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 3, თბ., 1979;
  • ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ. ჟორდანიას გამოც., წგ. 2, ტფ., 1897;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 3,).

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები