საფარის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საფარის მონასტერის საერთო ხედი

საფარის მონასტერი (ინგლ. Safara Monastery) – X საუკუნის მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი, საფარის სამონასტრო კომპლექსი. მდებარეობს საქართველოში, ისტორიულ მესხეთში, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ახალციხიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით ათიოდე კილომეტრის დაშორებით, მაღალი მთის ტერასაზე ტყით დაბურულ ვიწრო ხეობაში; რომლის ქვემოთ ჩრდილო-აღმოსავლეთით მდინარე ურაველისწყალი მიედინება. სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: წმ. საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მცირე სამლოცველოები, სამრეკლო, ჯაყელთა სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სამონასტრო ნაგებობები.

დღემდე მოღწეულ ნაგებობებიდან უძველესია ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. იგი X საუკუნით თარიღდება. მას მოგვიანებით მიადგეს წმიდა საბას სახელობის ეკლესია, რომლის თანადროულია იქვე, დასავლეთით მდგარი სამრეკლო.

სარჩევი

წმინდა საბა განწმენდილის ტაძარი

ჩუქურთმები და რელიეფი

წმ. საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. იგი დიდებულ გრანდიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. გეგმაში მისი ზომებია: 21,6x16,6 მ, სიმაღლე გუმბათის წვერამდე – 22,5 მ. ნაგებობა შვეული კლდის პირზეა აღმართული და ირგვლივ მერცხლის ბუდეებივით ეკვრის დანარჩენი მცირე ეკლესიები: სამხრეთით – მიძინების ტაძარი (ყველაზე ძველი შენობა მონასტრის ტერიტორიაზე), აღმოსავლეთით – წმ. დიმიტრის სახელობის სამლოცველო, აქვეა წმ. გიორგის სახელობის პატარა ეკლესია და ჩრდილო-აღმოსავლეთით – იოანე ოქროპირის სამლოცველო.

გალავნის ფრაგმენტი

მთავარი ტაძრის ასაშენებლად საჭირო გამხდარა არა მარტო ადგილის მოქანდაკება, არამედ კლდის ქიმზე საგანგებო საყრდენის ამოყვანაც. რთულ რელიეფიან ხევში მშენებლებს საგანგებო ბაქანი შეუქმნიათ და ამისთვის ხელსაყრელ ადგილად უკვე არსებული მიძინების ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია მიუჩნევიათ, ამიტომაც წმინდა საბას ტაძარი უშუალოდ არის მიდგმული ძველ საყდართან. ახალი ტაძრისთვის სამი მხრიდან – დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან მშენებლებს დაუტოვებიათ შესასვლელები, მაგრამ მხატვარს სამხრეთის კარი ამოუშენებია და მთელი ფასადი ერთიან მოსახატ სიბრტყედ გადაუქცევია. ტაძრის შიდა სივრცის მთავარი ნაწილი შექმნილია ცენტრალური ჯვრით, რომლის აღმოსავლეთის მკლავი აფსიდით მთავრდება, დანარჩენი კი მართკუთხაა. ამათგან სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავები ვიწროებია, ხოლო დასავლეთისა მათ თითქმის ორჯერ აღემატება. აფსიდისა და ბემისაგან შემდგარი საკურთხეველი შეისრული კონქითა და კამარითაა გადახურული. საკურთხევლის ცენტრში ტრაპეზია. საკურთხევლის სამხრეთით და ჩრდილოეთით სადიაკვნო და სამკვეთლოა. ორივე სათავსო ერთნარია. მათი ძირითადი სივრცის საფუძველი კვადრატს უახლოვდება და აღმოსავლეთით ღრმა აფსიდით მთავრდება. ამ სათავსოთა განათება აღმოსავლეთის მხრიდან არსებული თითო სარკმლით ხდება. სადიაკვნესა და სამკვეთლოს თავზე ე.წ. საიდუმლო ოთახებია განლაგებული. სადიაკვნესა და სამკვეთლოს შესასვლელები დარბაზიდანაა, სამკვეთლო საკურთხეველთან კარითაა დაკავშირებული. ტაძრის ცენტრალური სივრცე გვირგვინდება გუმბათით, რომელიც საკურთხევლის კუთხეებსა და დასავლეთის ბურჯებს ეყრდნობა. აქ კვლავ ჩნდება დიდი ხნის წინ მივიწყებული პატრონიკე. ის ორადაა გაყოფილი – ერთი ინტერიერის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეშია გამართული, ხოლო მეორე ჩრდილო-დასავლეთში, მაგრამ ისინი ერთმანეთს არ უკავშირდება და არც ასასვლელი კიბე აქვთ გაკეთებული. ტაძრის შიდა სივრცე საშუალოდაა განათებული. სინათლის ძირითადი წყარო გუმბათის ყელში არსებული რვა სარკმელი და ჯვრის ყოველ მკლავში განლაგებული თითო სარკმელია. გუმბათის ყელი დადაბლებული და გაფართოებულია, რის შედეგადაც შენობის კორპუსი უფრო მაღალი ჩანს (ქვემო კორპუსი სიმაღლით გაცილებით აღემატება გუმბათის ყელს სახურავიანად). დასავლეთი კარიბჭე უჩვეულოდ მაღალია. მისი შიგა სივრცე, ღია თაღები, ვარსკვლავისებრი კამარები უხვადაა შემკული ჩუქურთმებითა და რელიეფებით. შენობაზე ბევრი წარწერაა.

წმინდა საბას ტაძრის მოხატულობა: ჯაყელების პორტრეტი, XIV ს.

სამრეკლო

სამრეკლო ადრინდელი ქართული სამრეკლოების ტიპისაა. მონასტრის ტერიტორიაზე გაფანტული სხვა სამლოცველოები XIV-XVI საუკუნეებს მიეკუთვნება. აღსანიშნავია, რომ საფარის ტაძრის შიდა სივრცე წარმოადგენს, ერთი მხრივ ტრადიციების გაგრძელებას, ხოლო მეორე მხრივ, მასში ძალიან ბევრი რამ ახლებურადაა გადაწყვეტილი. ექსტერიერშიც დაახლოებით ასეთივე სურათია და სწორედ ეს აქცევს მას ეპოქალურ ტაძრად. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ტაძრის არცერთი ფასადი მორთულობით გადატვირთული არ არის. ორიგინალური გადაწყვეტით კი აღმოსავლეთის ფასადი გამოირჩევა, რომლის პირდაპირი ანალოგია არ მოიძებნება. მისი დამახასიათებელი ნიშანი ფასადის ცენტრალურ შვერილ ნაწილზე არსებული სამი სარკმელია, რომელთაგან პირველი და მესამე ცენტრში არსებული მოზრდილი მაღალი სარკმლის ზემოთ, მარჯვნივ და მარცხნივ არიან განლაგებული და მათი ზომები ძალზე მცირეა, რის გამოც „ხარისთვალა“ სარკმლებადაა სახელდებული. საფარის ტაძრის ოსტატის მიერ შექმნილ აღნიშნულ კომპოზიციას არც წინამორბედი ჰყოლია და არც მიმდევარი. ფასადებიდან თავის ხანას ყველაზე უკეთ ჩრდილო ფასადი წარმოადგენს. ჩრდილო ფასადზე ჯვრის მოთავსების ტრადიცია მანამდე არ არსებობდა.

მიძინების ეკლესია

მიძინების ეკლესიის დაარსების შესახებ წერილობითი წყაროები არ არსებობს, მაგრამ მისი ხუროთმოძღვრული ფორმებისა და ჩუქურთმების ხასიათი მოწმობს, რომ იგი X საუკუნეშია აგებული. მიძინების ეკლესია ერთნავიანი, დარბაზული ტიპის, კრამიტით გადახურული, უგუმბათო შენობაა. რაც შეეხება საქართველოში ერთ-ერთ უძველეს, თლილი ქვით ნაგებ სამრეკლოს, მას არავითარი მორთულობა არ აქვს და, ჩვეულებისამებრ, ორსართულიანია. მონასტერს თავს დაჰყურებდა ციხე, რომელსაც გარშემო დიდი გალავანი ერტყა.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ საფარის მონასტერი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი გამორჩეული ტაძარია. მასში, ერთი მხრივ, ნათლად ჩანს წინა საუკუნეების დიდებული მემკვიდრეობითობა და, მეორე მხრივ, იმ დაღმართის საწყისი ეტაპი, რაც შემდეგდროინდელი ქართული სატაძრო არქიტექტურისთვის იყო დამახასიათებელი.

ცნობილი მოღვაწეები

საფარის ლიტერატურული კერის მთავარი წარმომადგენელია კათალიკოსი არსენ დიდი (საფარელი) (IX ს.). ავტორი ანტიმონოფიზიტური ტრაქტატისა „განყოფისათვის ქართლისა და სომხითისა“.

X-XI სს. მოღვაწეთაგან ცნობილი არიან იოანე და გაბრიელ საფარელები, ისინი პალესტინაში მოღვაწეობდნენ და ამრავლებდნენ ხელნაწერებს. XII ს. მოღვაწეა იოანე მტბევარ-საფარელი, რომელმაც 1195 დაამზადებინა წყაროსთავის სახარება (Q–№907). XVI სში აქ მოღვაწეობდა ცნობილი კალიგრაფი სვიმეონ კარგარეთელი, რომელსაც იოაკიმე მაწყვერელის დაკვეთით გადაუწერია პოლემიკურ-დოგმატიკური და სამეცნიერო კრებუ- ლი (S-№3I2), მონაწილეობა მიუღია აბუსერისძე ტბელის შრომების შემცველი უძველესი ხელნაწერის (A-№85) შევსება-რესტავრაციაში, გადაუწერია გულანებიც (A-№197, K №6.16).

ხელნაწერთა გამრაელება საფარაში გვიან ხანამდე გრძელდებოდა. 1778 მიტროფანე საფარელმა იქ გადაწერა დოგმატიკურ-პოლემიკური კრებული (K-№101), 1844 ქრისტესია სამადაშვილმა გადანუსხა „გრდემლი“ (A-№1591).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები