გოთანა-ნანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოთანა-ნანა (ვაინ. Готана-нана – „გუთნისდედა“) – წვიმის გამოწვევის მაგიური რიტუალი და ამ რიტუალის მთავარი პერსონაჟი-ქალი პანკისელ ქისტებში.

ხანგრძლივი გვალვების დროს გოთანა-ნანასთან შეკრებილი ქისტი ქალები, ნაკადულის (წყაროს) ფსკერის „გადახვნის“ მიზნით, კავს ან გუთანს გამართავდნენ და ზედ თეთრ სამოსში გამოწყობილ დედაბერს დასვამდნენ. ეს უკანასკნელი დაილოცებოდა, უზენაესს პირობას მისცემდა, რომ წვიმის მოსვლამდე მარხვას შეინახავდა და მხოლოდ წვიმის წყლით გაიხსნილებდა; შემდეგ უღელში შებმულ ქალთა და მათ თანმხლებთა პროცესია წვიმაზე ხმამაღალი ლოცვით წყაროსკენ გასწევდა. გუთანზე მჯდომი დედაბერი გზად საწესო სიმღერას მღეროდა და უზენაეესსა და ჭექა-ქუხილის ღვთაებას – სიელას – წვიმის გამოგზავნას ევედრებოდა. წყაროსთან მისული ქალები კავს ნაკადულის ფსკერზე ორ-სამჯერ გაატარებდნენ და თან წუწაობდნენ, ცდილობდნენ გამვლელი მამაკაცების დასველებასაც; ბოლოს, სოფელს კარდაკარ დაივლიდნენ და ფულსა და პროდუქტებს შეკრებდნენ; ფულით ციკანს შეიძენდნენ, დაკლავდნენ და გაშლიდნენ სუფრას, რომელზედაც აუცილებლად ობლებს მოიწვევდნენ. სუფრაზე დასხდომის წინ ასაკით უფროსი ღვთის მიმართ ლოცვას აღავლენდა: „ღმერთო, ჩვენს ცოდვებს ყურადღებას ნუ მიაქცევ. ჩვენ ისე უცოდველად არ ვთვლით თავს, რომ შენ მოგმართოთ; თუ არა, შენ, აბა, ვის უნდა შევთხოვოთ? თუ შენ არ მოგვცემ, აბა, ვინ უნდა მოგვცეს? ჩვენ მოვედით შენთან ყელგამშრალი საქონლისა და ქმართა ერთგული ცოლების გადასარჩენად, წყალში თევზის სასიცოცხლოდ. ცხიმოვანი გაგვიხადე მიწა, გამოგვიგზავნე თბილი წვიმა, სიელა!“ ლოცვის შემდეგ სუფრას მიუსხდებოდნენ და ცეკვა-სიმღერით დაასრულებდნენ.

გვალვების დროს იდენტური მაგიური წესის შესრულება ფართოდ იყო გავრცელებული ვაინახებისა და კავკასიის სხვა ხალხების (მათ შორის ქართველების) ყოფაში. როგორც ჩანს, გვალვების შემთხვევაში წყაროთა გაღრმავება და გასუფთავება რეალურად წყლის, განსაკუთრებით სასმელი წყლის უკმარობის საწინააღმდეგო ღონისძიება იყო, ხოლო მოგვიანებით მან სიმპათიური მაგიის პლანში გადაინაცვლა: დამშრალი კალაპოტის „გადახვნას“ ანუ მიწისქვეშა წყლების გახსნას, მაგიური ქმედების გზით, ზეციური წყლის ანუ წვიმის „გახსნა" უნდა გამოეწვია. ამიტომაც არის, რომ ზოგიერთ საწესო მიმართვის ტექსტში საუბარია „კარის გახსნაზე“, რაშიც ცის კარის გახსნა ანუ წვიმისთვის გზის მიცემა იგულისხმება.

გამოთხოვილი წვიმა ანუ გაავდრება ყოველთვის როდი იყო კეთილისმყოფელი: არცთუ იშვიათად, დამწიფებული მოსავალი ისეტყვებოდა. ამიტომ ვაინახები მიმართავდნენ სხვადასხვა საშუალებებს, რითაც ნათესები უნდა დაეცვათ; მაგალითად, სეტყვის დროს ეზოებში კერიის ზესადგარს, ცულს თოხს და სხვა სახის რკინის საგნებს გადმობრუნებულ მდგომარეობაში დებდნენ; იცოდნენ ასევე სამსხვერპლო ცხოველის ქონის ან ძვლის დაწვაც. საინტერესო ჩვეულება ჰქონდათ ქისტებს: ეზოში გამოვიდოდა პატარა ბიჭი და გაშიშვლებულ საჯდომს იმ მხარეს მიუშვერდა, საიდანაც სეტყვა უშენდა, თან იძახდა: „[სეტყვა] წადი ქართან ერთად, მე, პირმშო გთხოვ!“ ვაინახები ასე იქცეოდნენ მოღრუბლულ ამინდშიც (მსგავსი წესი გავრცელებული იყო კავკასიისა და შუა აზიის ხალხებშიც).



ლიტერატურა

მ. ალბუთაშვილი. პანკისის ხეობა: ისტორიულ-ეთნოგრაფიული და გეოგრაფიული აღწერა. თბ., 2005.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები