ეკლესია ვაზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ეკლესია „ვაზი“ - თავისუფალი მიმართულების ეკლესია, ანუ ქრისტიანული საზოგადოებაა, რომელიც თავს არც ერთ კონფესიას არ მიაკუთვნებს; ჩამოყალიბდა, ძირითადად, ბაპტისტური ეკლესიის ბაზაზე 1996 წელს, მოქმედებს თბილისში, რეგისტრირებულია 1999 წლიდან; ხელმძღვანელი დოქტ. კონსტანტინე სარაჯიშვილი, ხუცესი - ვილი როჰერტი, რომელიც ამჟამად გერმანიაში ცხოვრობს. აქვს ოფისი საბურთალოს რაიონში, ნუცუბიძის პლატოზე.

სახელწოდება აღებულია იესო ქრისტეს ფრაზიდან: „მე ვარ ვენახი ჭეშმარიტი“ (იოანე 15:1). ამდენად, ვენახი, ანუ ვაზი მაცხოვრის სიმბოლოა და ამ სახელით მოქმედი საზოგადოების წევრები და თანამდგომები თავს იესო ქრისტეს მიმდევრებად მიიჩნევენ. აღნიშნული საზოგადოება სხვა რელიგიური ორგანიზაციებისაგან იმით განსხვავდება, რომ ის თავისი წევრებისაგან მხოლოდ და მხოლოდ იესო ქრისტეს გამომსყიდველობითი მისიის აღიარებას მოითხოვს. მისი კარი ღიაა ყველასათვის, ვისაც ქრისტესადმი, როგორც მხსნელისადმი, რწმენა აქვს. დოგმატური პოზიციები და პრინციპები „ვაზის“ წევრთათვის მეორეხარისხოვანია. ამიტომ საზოგადოება „ვაზი“ ნებისმიერი აღმსარებლობის მიმდევარს აერთიანებს. მის საღვთისმსახურო შეკრებებში (ლოცვა, ქადაგება), ბიბლიის შემსწავლელ სემინარებსა და, განსაკუთრებით, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობენ როგორც პროტესტანტები, მართლმადიდებლები და კათოლიკეები, ისე აგნოსტიკოსები და ათეისტებიც კი. უკანასკნელნი, ცხადია, არ ლოცულობენ, მაგრამ დებატებში სიამოვნებით ერთვებიან და სამეცნიერო-შემეცნებით მოხსენებებსაც კითხულობენ. ამ მიზნით „ვაზის“ ოფისში რეგულარულად იმართება „კაფეები“ და ეწყობა ქრისტიანული ფილმების ჩვენება.

მიზნები და ამოცანები, რაც „ვაზის“ პროფილს და საქმიანობას განაპირობებს, ჩამოყალიბებულია წერილობით დეკლარაციაში: „ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, რომლებიც ეძებენ ჭეშმარიტ ღმერთს და ცოცხალ ურთიერთობას მასთან. ჩვენი მიზანია, მათ შეიცნონ და გააცნობიერონ ღმერთი, პირველ ყოვლისა, მისი მარადიული სიტყვის - ბიბლიის - მეშვეობით“.

„ვაზის“ რწმენის ფორმულა ასე ჟღერს:

ჩვენ გვწამს ერთარსი, სამპიროვანი ღმერთი: მამა, ძე - იესო ქრისტე და სულიწმიდა. ბიბლია არის ღვთის გამოცხადების წმინდა, დასრულებული, უშეცდომო, ღვთივსულიერი წიგნი. იგი დღესაც აქტუალურია, ვინაიდან მისი პრინციპები მარადიულია. ჩვენ გვსურს ვიცხოვროთ ბიბლიური პრინციპებით მამა ღმერთის სადიდებლად, იესო ქრისტეს რწმენით და სულიწმიდის ძალით... ჩვენ გვწამს, რომ იესო ძალითა და ძლევამოსილებით კვლავ მოვა ამ დედამიწაზე, რათა წაიყვანოს თავისი ეკლესია და განიკითხოს ურწმუნონი.

ჩვენ გვწამს, რომ ყოველი ადამიანი ცოდვილია და ღმერთისაგან გამოყოფილი. მხოლოდ იესო ქრისტეს ცოცხალი რწმენით (რაც საქმეებით გამოიხატება) და ცოდვების გულწრფელი მონანიებით (რაც ცხოვრების შეცვლით უნდა გამოიხატებოდეს) ხდება ყოველი ადამიანის ხელახლად შობა, სულით შობა და მარადიული სიცოცხლის მიღება ღმერთის თანდასწრებით.

ვცხოვრობთ რა ამ პრინციპებით, ჩვენ აქ წარმოვადგენთ იესო ქრისტეს ეკლესიას - მის სხეულს, რომლის თავი თვით ქრისტეა...”

„ვაზის“, როგორც ეკლესიის, პრაქტიკაში წამყვანი ადგილი ბიბლიის კითხვას და შესწავლას განეკუთვნება. საეკლესიო წესები (ნათლობა და ზიარება) ტარდება მაშინ, როდესაც ხუცესი საქართველოში ჩამოსვლას მოახერხებს. გარკვეული ადგილი უჭირავს, აგრეთვე, მისიონერულ საქმიანობას. ეს პრინციპიც იესოს სიტყვებს ეყრდნობა: „წადით, მოიმოწაფეთ და ასწავლეთ“ (მათე 28:1920). ამ ეკლესიაში განმარტავენ, რომ მათი მისიონერობა დოგმატურ შინაარსს არ შეიცავს და მიზნად მხოლოდ ზოგადქრისტიანული მცნებების გავრცელებას ისახავს.

საზოგადოება „ვაზი“ თავის წევრებს და თანამოაზრეებს კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისკენ მოუწოდებს. მისი დეკლარაციის მე5 პარაგრაფში აღნიშნულია:

ჩვენ გვსურს ვიყოთ ქრისტიანები, რომლებიც აქტიურ როლს ასრულებენ თანამედროვე საზოგადოებაში; ჩვენ გვსურს ვილოცოთ იმ პირთათვის, რომლებსაც პასუხისმგებლობა აკისრიათ საზოგადოებასა და სახელმწიფო აპარატში (1 ტიმ. 2:14); ჩვენ გვსურს, ყველა სახელმწიფო სტრუქტურაში ვიკისროთ პასუხისმგებლობა და შევასრულოთ აქტიური როლი, რაც არ ეწინააღმდეგება ბიბლიურ სწავლებას; ჩვენ გვსურს საზოგადოებაში სოციალური პასუხისმგებლობის აღება...“


წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები