ბაპტიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაპტიზმი ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროტესტანტული მიმდინარეობაა, რომელიც XVII საუკუნის დამდეგს ინგლისსა და ჰოლანდიაში წარმოიშვა. სახელწოდების ძირი (ბაპტიზო) ბერძნულია და ნიშნავს წყლით ნათლობას, კონკრეტულად - შთაფლვითა ანუ ჩაყვინთვით ნათლობას. ამდენად, ბაპტისტების რელიგიურ ცხოვრებაში ყურადღება უმთავრესად რწმენისმიერ გაცნობიერებულ ნათლისღებაზეა გადატანილი, რომელიც შთაფვლით უნდა შესრულდეს.

მსოფლიოში ბაპტისტების საერთო რაოდენობა დაახლ. 75 მილიონია (ბავშვების ჩათვლით, რომლებიც, ფორმალურად ეკლესიის წევრებად არ მიიჩნევიან).

დღესდღეობით ბაპტიზმის მიმდევრები ევროპაში, ლათინურ ამერიკასა და აფრიკის კონტინენტზეც მრავლად არიან, თუმცა მის ცენტრად აშშ მიიჩნევა. ბაპტისტების დაახლ. ორი მესამედი აშშში ცხოვრობს (48 მილიონი ადამიანი, მოსახლეობის 19%.) და ამ ქვეყნის საზოგადოებრივ, პოლიტიკურ თუ კულტურულ ცხოვრებაზე საკმაოდ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.

სარჩევი

ისტორია

ბაპტიზმის წარმოშობასთან დაკავშირებით ერთიანი შეხედულება ჩამოყალიბებული არ არის. ზოგიერთი რელიგიათმცოდნე ბაპტიზმს რეფორმაციის დროინდელ რადიკალურ მოძრაობას, ანაბაპტიზმს უკავშირებს. ადრეული რეფორმატორული ტრადიციის მიხედვით, თუკი ადამიანი ქრისტიანულ-კათოლიკურ ან პროტესტანტულ ქვეყანაში დაიბადებოდა, იგი ავტომატურად ამ ქვეყნის ეკლესიის ნაწილად მიიჩნეოდა. ეს იმის შედეგი იყო, რომ რეფორმაციის პირველი ტალღა საერო დიდებულებისაგან დიდად იყო დავალებული. რომ არა მათი მხარდაჭერა, ფართომასშტაბიანი რეფორმაცია ვერ განხორციელდებოდა, მაგრამ რეფორმაციის მეორე ტალღამ სწორედ ეს გააპროტესტა. ისინი თვლიდნენ: ის, თუ რომელ სახელმწიფოში დაიბადება ადამიანი, არ უნდა გახდეს მისი რწმენის განმსაზღვრელი ფაქტორი. რეფორმაციის რადიკალურმა მიმართულებამ, რომელსაც ანაბაპტისტები ედგნენ სათავეში, ეჭვქვეშ დააყენა ეკლესიისა და სახელმწიფოს ასეთი ურთიერთობის საკითხი. მისმა წარმომადგენლებმა ციურიხში დაიწყეს ზრდასრული ადამიანების ხელმეორედ მონათვლა და სწორედ აქედან მომდინარეობს მათი სახელი „ანაბაპტისტები“, ანუ „ხელმეორედ მონათლულები“. თუმცა ბაპტისტებთან ანაბაპტისტების სხვა უფრო საფუძვლიანი კავშირის დამადასტურებელი ისტორიული მონაცემები რელიგიათმცოდნეებს არ მოეპოვებათ. მეორე მხრივ, როგორც ჩანს, მენონიზმმაც იქონია მნიშვნელოვანი გავლენა ბაპტიზმის ჩამოყალიბებაში.

ბაპტისტური ეკლესიის სამშობლოა დიდი ბრიტანეთი და ნიდერლანდია, კონკრეტულად - ამსტერდამი. პირველი თემის დამაარსებლად ანგლიკან მქადაგებელს ჯონ სმიტს (დაახ. 1554, სხვა მონაცემებით 1565-1612) ასახელებენ. იგი ყურადღებას ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფასა და ადგილობრივი ეკლესიის დამოუკიდებლობაზე (თვითმყოფადობაზე) ამახვილებდა. მქადაგებელს ანგლიკანური ეკლესია იმთავითვე დაუპირისპირდა და დევნა დაუწყო, რის გამოც მან 1607-1609 წლებში ამსტერდამს შეაფარა თავი. იქ იგი (მენონიტების გავლენით) მივიდა გაცნობიერებული ნათლობის აუცილებლობის იედეამდე და 1608 წელს, თავის რამდენიმე მიმდევართან ერთად, ხელმეორედ მოინათლა. 1609 წელს, მას შემდეგ, რაც ეს ჯგუფი ბრაუნისტების (კონგრეგაციონალისტების) საზოგადოებიდან განკვეთეს, ჯონ სმიტმა, 36 მომხრესთან ერთად ამსტერდამში ახალ ეკლესიას დაუდო სათავე, და ჩვეულებრივ, ეს თარიღია მიაჩნეული ბაპტიზმის წარმოშობის თარიღად.

1612 წელს, როცა ინგლისში რელიგიური დევნის ტალღამ გადაიარა ამსტერდამიდან სმიტის მიმდევრების ნაწილი, მისი ყოფილი თანამოაზრის, თომას ჰელვისის (დაახ. 1550-1616) თაოსნობითა, ლონდონში დაბრუნდა. 1612 წელსვე ლონდონში დაიბადა ინგლისის პირველი ბაპტისტური თემი. სწორედ ინგლისში მიეცა გამოკვეთილი სახე ბაპტიზმის მოძღვრებას და დამკვიდრდა თავად სახელწოდება „ბაპტისტები“. მალე მათ რამდენიმე ახალი ჯგუფიც მიემატა, რომლებიც თავიდან სხვა სახელწოდებით იყვნენ ცნობილი: პურიტანები (ლათ. პურუს „სუფთა“,) დისიდენტები (მოწინააღმდეგეები), ინდეფენდენტები („დამოუკიდებლები“, „თვითმყოფადები“).

ბაპტიზმი იმთავითვე ორ ძირითად მიმართულებად დაიყო (ეს დღემდე ასე რჩება): საყოველთაო და კერძო ბაპტიზმად. მათ ერთმანეთისგან ხსნისადმი, ცოდვის გამოსყიდვისადმი დამოკიდებულება განასხვავებთ. 1633-1638 წლებში ბაპტისტებს შორის თეოლოგიურ საფუძველზე განხეთქილება მოხდა. ერთმანეთს ორი ლიდერი - თომას ჰელვისი და ჰენრი იაკობი - დაუპირისპირდა. ჰელვეი კალვინის გავლენით ამტკიცებდა, რომ კაცობრიობის ხსნის ბედი ღმერთმა წინასწარ განსაზღვრა. ადამიანთა სიმრავლიდან მან რჩეულები გამოყო და მხოლოდ ისინი დაიმკვიდრებენ სასუფეველს. ჰენრი იაკობის თანახმად კი, ღმერთი იხსნის ყველას, ვინც სიკეთისა და ღვთივსათნო ცხოვრების გზას დაადგება. ამ საკითხის გარშემო დავამ მწვავე ხასიათი მიიღო, მაგრამ საბოლოოდ საყოველთაო ხსნის იდეამ ბაპტისტების უმრავლესობაში უპირატესობა მოიპოვა და ეს მოძღვრება მსოფლიოს დიდ ნაწილში გავრცელდა როგორც საყოველთაო ხსნის აღმსარებლობა.

ბრიტანეთში ბაპტისტური ეკლესია იზრდებოდა და ყალიბდებოდა სამოქალაქო ომის პირობებში. ბაპტისტებს მოიაზრებდნენ როგორ რევოლუციონერებს და ამის გამო ეკლესიამ ფრთები გაშალა ოლივერ კრომველის დროს.

იმავე პერიოდში ბაპტიზმმა ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილშიც მოიპოვა წარმატება. აშშ-ს ტერიტორიაზე პირველი ბაპტისტური თემების დამაარსებლები პურიტანთა კოლონიიდან განდევნილი მორწმუნეები იყვნენ, რომლებიც იზიარებდნენ მოსაზრებას ეკლესიის სახელმწიფოსგან გამიჯვნის აუცილებლობაზე და ასევე უარს აცხადებდნენ ბავშვების მონათვლაზე. 1638 წელს განდევნილთა ერთ-ერთმა ჯგუფმა, რომელსაც როჯერ უილიამსი ხელმძღვანელობდა დააფუძნა კოლონია როდაილენდი, სადაც ოფიციალურად დაკანონდა რწმენის თავისუფლება, ხოლო ქალაქ პროვიდენსსა და ნიუპორტში პირველი ბაპტისტური ეკლესიები აიგო.

მეოცე საუკუნის გარიჟრაჟზე, 1905 წელს ლონდონში შეიქმნა ბაპტისტების მსოფლიო ალიანსი, ხოლო 1950 წელს, - ბაპტისტების მსოფლიო კავშირი, რომელიც მსოფლიოში არსებული ბაპტისტური ეკლესიების უმრავლესობას აერთიანებს.

დღეისათვის ბაპტისტური ეკლესიები დამკვიდრებულია მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში. ევროპასა და ამერიკის კონტინენტზე ბაპტისტთა მსოფლიო ალიანსი, რომის კათოლიკე ეკლესიის შემდეგ, ერთ-ერთი უმსხვილესი რელიგიური გაერთიანებაა. აშშ-ს მრავალი პრეზიდენტი და ბევრი სხვა გავლენიანი პოლიტიკური თუ საზოგადო მოღვაწე ბაპტისტურ ეკლესიას მიაკუთვნებდა და მიაკუთვნებს თავს. ამ ეკლესიის ერთ-ერთი ხუცესი რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ ყველაზე ცნობილი მებრძოლი მარტინ ლუთერ კინგი იყო. ბაპტისტები აქტიურად იღწვიან საზოგადოებრივ ასპარეზზე. ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დასავლეთის კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში და განსაკუთრებულ გულმოდგინებას იჩენენ ადამიანის უფლებებისა და გარესამყაროს დაცვის საქმეში.

მოძღვრება

დღესდღეობით ბაპტისტური ეკლესიები საღვთისმეტყველო მრავალფეროვნებით გამოირჩევიან და, შეიძლება ითქვას, რომ მათ მკაცრი თეოლოგიური რეგლამენტი არა გააჩნიათ. ერთსა და იმავე გაერთიანებაში შესაძლოა ერთმანეთისგან განსხვავებული მოძღვრების მქონე თემებიც შედიოდნენ. ბაპტისტების ამა თუ იმ მიმართულებას შორის უმთავრესი სადისკუსიო საკითხები კერძო და საყოველთაო ბაპტიზმის ურთიერთმიმართებას, მისიონერულ მოღვაწეობასა და ესქატოლოგიურ თემატიკას ეხება. XX საუკუნეში აქტუალობა შეიძინა ბაპტისტური თეოლოგიისა და რელიგიური პრაქტიკის ლიბერალურმა და კონსერვატორულმა ხედვამ, რამაც ცალკეულ ქვეყნებში ბაპტისტური თემების გახლეჩა გამოიწვია. მიუხედავად ამისა, შესაძლებელია გამოიყოს ის ძირითადი თეოლოგიური პოსტულატები, რის გარშემოც ბაპტისტური ეკლესიები ერთიანდებიან.

ბაპტისტები ეთანხმებიან ნიკეა-კონსტანტინოპოლის მრწამსს, ანუ, პატრისტიკა-პატროლოგიის ძირითად დებულებებს (აღიარებენ ყოვლადწმინდა სამებას, იესო ქრისტეს ორბუნებოვნებას, ქალწულისაგან შობას, სწამთ ქრისტეს გამომსყიდველობითი მსხვერპლი, აღდგომა, ამაღლება და მისი დიდებით მოსვლა, საწუთროს გარდასვლის შემდეგ ღვთის სამჯავრო - სასჯელი ან ჯილდო). ბაპტისტები ცნობენ ეკლესიის მადლმოსილებასა და მნიშვნელობას პიროვნების სულიერი წინსვლისა და წარმატების გზაზე, მაგრამ, სხვა პროტესტანტული ეკლესიების მსგავსად, ღმერთსა და ადამიანს შორის ერთადერთ შუამავლად იესო ქრისტეს, მამის განკაცებულ ძეს, აღიარებენ. შესაბამისად, ბაპტიზმი რწმენის ერთადერთ წყაროდ იესო ქრისტეს სახარებისეულ მოძღვრებას აცხადებს. ბაპტისტური ეკლესიისთვის რწმენა ხსნის ერთადერთი კრიტერიუმია, ხსნა კი საღვთო მადლით მოიპოვება.

პრაქტიკა და ორგანიზაცია

ბაპტისტები უარყოფენ ახალშობილისა და ბავშვის მონათვლის პრაქტიკას და აღიარებენ ზრდასრული ადამიანის ნათლობას მისი ცნობიერი გადაწყვეტილების საფუძველზე, ე.ი. ინათლებიან მხოლოდ მორწმუნენი მოწიფულ ასაკში, როდესაც ადამიანს ჩამოუყალიბდება ნაბიჯის დამოუკიდებლად გადადგმის უნარი. ამავდროულად, ეკლესია აღიარებს ნათლისღების ერთგზისობის ფორმულასაც, ე.ი. ერთგზის ნათლისღებას. ამის გამო ბაპტისტები, ანაბაპტისტებისაგან განსხვავებით, სავალდებულოს არ ხდიან ისეთი პიროვნების ხელმეორედ მონათვლას, რომელიც სხვა ეკლესიაში, თუნდაც ადრეულ ასაკში, ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლულა და მიიჩნევს, რომ გაცნობიერებული აქვს ნათლისღების შინაარსი. თუკი კონკრეტულ პიროვნებას, უკვე მონათლულს, მაინც სურს, ნათლისღების წესი შეასრულოს, ამ რიტუალს, მარტივი ლოგიკის თანახმად, არა საიდუმლოს (ნათლისღების საიდუმლოს ერთგზისობიდან გამომდინარე), არამედ მხოლოდ დეკლარაციის მნიშვნელობა ენიჭება. ნათლისღება, თუ მდინარეზე გასვლის საშუალება არ არის, სრულდება ბაპტისტერიაში, ანუ ეკლესიის დარბაზში გაკეთებულ აუზში ხელდასხმული მსახურის (დიაკვნის, ხუცესის, ეპისკოპოსის) მიერ.

ბაპტისტები საყოველთაო მღვდლობის პრინციპს იზიარებენ და, მიუხედავად იმისა, რომ, ეკლესიაში სრულდება სამი სახის (დიაკვნის, ხუცესისა და ეპისკოპოსის) ხელდასხმა, სამღვდელო პირი არ ფლობს რაიმე განსაკუთრებულ, საკრალურ ძალაუფლებას.

ბაპტისტური ეკლესიის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ ის არ არის მკაცრად ცენტრალიზებული, იერარქიულ პრინციპზე დაფუძნებული ეკლესია და არა აქვს მკაცრად დადგენილი ლიტურგიული ფორმები. ყველა ადგილობრივი ეკლესია სარგებლობს თვითმმართველობის უფლებით, საეკლესიო ცხოვრების საკითხებზე დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. მნიშვნელოვანი თემები მხოლოდ საეკლესიო კრებებზე, მორწმუნეთა საერთო მონაწილეობით განიხილება და წყდება. ამასთანავე, ყოველ ქვეყანაში ბაპტიზმს იმ ქვეყნის კულტურისათვის დამახასიათებელი ელფერი აქვს, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება ბაპტისტური ლიტურგიული მრავალფეროვნების მაგალითზე.

ბაპტისტური ლიტურგია შემოქმედებითი ხასიათისაა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვანაირია. იგი, როგორც წესი, არეკლავს ადგილობრივი კულტურის თავისებურებებს. მაგალითად, აფრიკული ბაპტისტური ეკლესიების ლიტურგიულ პრაქტიკაში გათვალისწინებულია აფრიკული კულტურის თავისებურებანი - ფოლკლორი, ტემპერამენტი, ცეკვა, რაც მას ძლიერ განასხვავებს გერმანული ან ამერიკული ეკლესიებისგან. ზოგადი ლიტურგიული თარგი ასეთია: შესავლისა და დასასრულის ლოცვები (რომლებიც ან სპონტანურია, ან წინდაწინ შედგენილი), რწმენის დამოწმება (მრწამსი), „სიტყვის ლიტურგია“ - ქადაგება, ევქარისტია (პურისტეხა), კურთხევა. ეკლესიაში გალობა სხვადასხვა საკრავის თანხლებით სრულდება. ბაპტისტები ყოველკვირეულ მსახურებას კვირა დღეს ატარებენ. კვირის სხვა დღეებში შეიძლება მოეწყოს დამატებითი შეკრება, რომელიც ეთმობა ლოცვას, ბიბლიის კითხვას, საღვთო წერილიდან სხვადასხვა თემებზე საუბარს და სხვ.

იხილე აგრეთვე

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია

წყარო

რელიგიები საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები