ვერეს ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერეს ციხე, (აზრატის ციხე, ბერეს ციხე) - (ი. ჯავახიშვილის აზრით), არქიტექტურული ძეგლი დგას გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გარდატენის ჩრდილო-აღმოსავლეთით, სამიოდე კილომეტრზე, მდინარე ტანის ხეობაში, მდინარე ვერეს ნაპირას, ძნელად მისადგომ ქედზე. ციხეს სტრატეგიულად მოხერხებული მდებარეობა აქვს. აქედან მოჩანს ტანის ხეობა და გორი მისი მიდამოებით.

ისტორია

ნაგებობა თარიღდება IX-X სს.-ით. ვერეს ციხე და მისი შემოგარენი თბილისის საამიროში შედიოდა. იგი, ატენის ციხესთან ერთად, მონაწილეობდა ქართლის შემოერთებისათვის წარმოებულ ბრძოლაში. X ს-ის მიწურულიდან ციხე კლდეკარის ერისთავთ-ერისთავების – ბაღვაშთა გამგებლობაში გადავიდა. IX ს.-დან XVI ს. შუახანებამდე ვერეს ციხის მიდამოები საქართველოს სამეფო სახლის განკარგულებაში იყო. 1554 წ. ზაფხულში შაჰ თამაზმა აიღო ვერეს ციხე და გზა გაიხსნა ატენის ციხისკენ, სადაც ქართლის მეფის ლუარსაბ I-ის დედა და ქართლის თავადაზნაურთა ოჯახები იდგნენ. XVII-XVIII სს. ციხე თავად ციციშვილთა ხელში გადავიდა და ამ საგვარეულოს მნიშვნელოვან საყრდენ პუნქტად იქცა. 1638 წ. ვერეს ციხეში გამაგრდა როსტომ მეფის წინააღმდეგ აჯანყებული ქართლის თავადთა მეთაური ნოდარ ციციშვილი. მეფემ ალყა შემოარტყა ციხეს. აჯანყებულმა ციციშვილმა გაქცევით უშველა თავს. როსტომ მეფემ ვერეს ციხე აიღო და გაანადგურა.

აღწერილობა

ციხე გეგმით წაგრძელებულია (სიგრ. 44,6 მ, სიგ. აღმ.-ით 14,8 მ, დას.-ით 6 მ), ნაგებია რიყის ქვით. ნაგებობა დაზიანებულია – ფერდობებზე კედლები შემორჩენილია 4-5 მ სიმაღლეზე. ციხის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეები მთავრდება სხვადასხვა ზომისა და ფორმის კოშკებით. აღმოსავლეთის კოშკიდან გადარჩენილია მხოლოდ კონტური; დასავლეთის კოშკი გეგმით უსწორო-ელიფსურია. ქვედა სართული ცილინდრული კამარით გადახურული გრძელი სათავსია, რომელიც ციხის ეზოს განიერი თაღოვანი კარით უკავშირდება. ციხის ეზოში, გალავნის სამხრეთ კედელთან დიდი წყალსაცავია.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები