ბაღვაშები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბაღვაშები (ბაღუაშები) − მსხვილ ფეოდალთა საგვარეულო IX-XIII სს. საქართველოში, არგვეთის (ზემო იმერეთი) მფლობელები.

XX საუკუნის 70-იან წლებში გვარის უფროსი წარმომადგენელი ლიპარიტ I ბაღვაშები დავით კურაპალატის (876-881) ყმობაში (ვასალობაში) შევიდა, მიიღო მისგან მიწა-წყალი თრიალეთში და შექმნა ძლიერი კლდეკარის საერისთავო. მის შთამომავლებს ერისთავთერისთავის ტიტული ჰქონდათ. ბაღვაშებთა მეორე შტოს წარმომადგენლები იყვნენ რაჭის ერისთავები-კახაბერისძენი. ბაღვაშებთა კლდეკარის შტოს ძლიერების ბაზას წარმოადგენდა მათი სამამულო სამფლობელო არგვეთი და პატრონყმობის საფუძველზე მიღებული კლდეკარის საერისთავო. გაძლიერებული ბაღვაშები ცდილობდნენ, საერისთავო მიწა-წყალი მამულად გადაექციათ. გამოთქმულია მოსაზრება, რომ ბაღვაშები ლაზურ-ჭანური წარმოშობისანი იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ თრიალეთი გუარამ მამფლის სამფლობელო იყო, ლიპარიტ I-მა თავის პატრონად დავით ბაგრატის ძე ბაგრატიონი აღიარა და ამით ბაგრატიონთა შორის დიდი სისხლისღვრა გამოიწვია.

ბაღვაშები ატენის ქვეყანაში 940 წლიდან საბოლოოდ დამკვიდრებულან. ქართველთა მეფე ბაგრატ I მაგისტროსმა (937-945) მიქელ ბაღვაშს სიგელით უბოძა ეს ქვეყანა. ბაღვაშთა ფეოდალური სახლის გვარით დასახელების ფაქტი პირველად გამოჩნდა ატენის სიონის დასავლეთ აფსიდის ჩრდილო კალთაზე გამოვლენილ მიქელ ბაღვაშის 940 წელს ზუსტად დათარიღებულ გრაფიტში.

ბაღვაშები საუკუნეების მანძილზე კლდეკარის ერისთავობას ფლობდნენ. პარალელურად ინარჩუნებდნენ თავის მამულს არგვეთში, კონკრეტულად კი – კაცხში. საგვარეულოს წარმომადგენლები არსებობის მთელ მანძილზე ებრძოდნენ გაერთიანებული საქართველოს მეფეებს (ლიპარიტ IV, ლიპარიტ V, ივანე ლიპარიტის ძე). ბაღვაშების ბრძოლა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ განსაკუთრებით ბაგრატ IV-ის დროს გამწვავდა. ლიპარიტ IV-მ, ბაღვაშებთა საგვარეულოს ყველაზე უფრო ძლიერმა და ცნობილმა წარმომადგენელმა, რამდენჯერმე შეძლო მეფის დამარცხება. საბოლოოდ მეფემ სხვა ფეოდალთა დახმარებით მაინც შეძლო მისი შეპყრობა. ანტონის სახელით ბერად აღკვეცილი ლიპარიტ IV სირიაში ანტიოქიის მახლობლად მდებარე „ბარლაამწმიდას“ მონასტერში მოღვაწეობდა. სავარაუდოა, რომ თავად ეს მონასტერიც მისი დაარსებული იყო („თვისსა მონასტერსა“ – ასე მოიხსენიება ეს მონასტერი საისტორიო წყაროში). მანვე მნიშვნელოვანი მატერიალური დახმარება გაუწია გიორგი მთაწმინდელს, როდესაც ეს უკანასკნელი ათონის ქართველთა მონასტერში სახარებას თარგმნიდა. აგრეთვე დიდად იზრუნა ამ თარგმანის გამრავლებასა და სხვა ქართულ მონასტრებში გავრცელებაზე. ანტონმა ათონის ქართველთა მონასტერსაც გაუწია მატერიალური დახმარება. შემორჩენილია თავად ანტონის რამდენიმე ნაშრომიც. ათონის ქართველთა მონასტერში საგანგებო აღაპი იყო განწესებული ლიპარიტყოფილ ანტონის სულის მოსახსენიებლად.

1094 წელს დავით IV აღმაშენებელმა შეიპყრო ლიპარიტ V და ბაღვაშებს საბოლოოდ ჩამოართვა კლდეკარის საერისთავო. 1103 წელს უმემკვიდრეოდ გარდაიცვალა ბაღვაშებთა საგვარეულოს უკანასკნელი წარმომადგენელი რატი IV და მათი მამული, კაცხი მეფემ გელათის მონასტერს შესწირა.

ბაღვაშების საგვარეულო საძვალე კაცხი იყო. ამ საგვარეულოს წარმომადგენლები დიდ აღმშენებლობით საქმიანობას ეწეოდნენ კაცხში, თრიალეთში, ატენში. ბაღვაშებთა ქტიტორობითაა აგებული კაცხის, შეპიაკის (დღეს დაფარულია ხრამჰესის საგუბარით), დაშბაშის წმ. გიორგისა და ღვთისმშობლის ტაძრები. ბაღვაშებთა ფეოდალურ სახლს უკავშირდება ატენის სიონის მეორე აღმშენებლობითი პერიოდი (X საუკუნე). მიქაელ ბაღვაშს, რომელიც სამხრეთის ფასადზეა გამოსახული, 945 წელს აუშენებია ზღუდე ატენის სიონისათვის. ამავე ხანაში უწარმოებია აღდგენითი სამუშაოები ვერეს ღვთისმშობლის სახელობის სამნავიან ბაზილიკაზე და გომარეთის წმ. გიორგის ეკლესიაზე. 983/84-986 წლებში ერისთავთერისთავი რატი I-ს შეუკეთებია დიდი ატენის მცირეგუმბათიანი და ატენის სიონის ტაძარი. მას მოუწვევია სარესტავრაციო სამუშაოების საწარმოებლად ეროვნებით სომეხი რესტავრატორი თოდოსაკი და მისი ამქარი ოსტატების – გერგიუმ ერჰასანის ძისა და გრიგოლ დაპსის – შემადგენლობით. რატი I-ის ქტიტორული ქანდაკებაა წარმოდგენილი ატენის სიონის აღმოსავლეთ ფასადზე ეკლესიის მოდელით ხელში. გვერდით არსებულ რელიეფზე მისი ძე ლიპარიტია გამოსახული. ასევე ბაღვაშებთა მიერაა აგებული სოფ. კაკლიანის „ღვთისმშობელი“ (XI საუკუნე), (სამხრეთ შესასვლელის თავზე არსებულ წარწერაში მოიხსენიება ივანე ლიპარიტის ძე ბაღუაში) და სხვა ეკლესიები.

ბაღვაშები საგვარეულოს წევრთა თაოსნობითა და ხელშეწყობით იწერებოდა ხატები, იქმნებო და სხვადასხვა საეკლესიო ნივთი, გადაიწერებოდა სახარება და სხვა საეკლესიო ლიტერატურა.

მ. ბახტაძე

წყაროები და ლიტერატურა

  • მატიანე ქართლისაჲ, წგ.:. ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;
  • ჟაამთააღმწერელი, იქვე; ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა და მწერლობისა, თ ჟორდანიას გამოც., წგ. 1, ტფ. 1892.
  • აბრამიშვილი გ., ატენის სიონი, ადრეული შუა საუკუნეების ცენტრალურ-გუმბათოვანი ხუროთმოძღვრული ტიპის ისტორიიდან, თბ., 2012;
  • ბახტაძე მ., ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში, თბ., 2003;
  • კავლელაშვილი ე., ვერეს ღმრთისმშობლის სახელობის წარწერები, „საქართველოს ხელოვნ. მუზეუმის ნარკვევები“, 2005, №10;
  • Копалиани B., Клдекарское эриставство, Tб.,1949.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები