ზარზმის წარწერა (979)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზარზმის წარწერა ივანე სულას ძისა – დაახლოებით 979. ზარზმის მონასტრის (ისტორიული სამცხე, ახლანდელი ადიგენის რ-ნი) სამრეკლოს შესასვლელის თავზე ჩასმულ ქვის ფილაზე ამოკვეთილი ქართული ასომთავრული წარწერა. დიდი ზომის (211X100 სმ.) ქვის ფილაზე გამოსახულია რელიეფური „ჯვარი აყვავებული“. წარწერა ამოკვეთილი იყო ჯვრის ორივე მხარეს 10-10 სტრიქონად. ფილა მოგვიანებით ხელმეორედ გამოუყენებიათ საშენ მასალად და ჩამოუჭრიათ მარჯვენა მხარე, ამ ნაწილის ფრაგმენტი. წარწერის ტექსტის ნაწყვეტით, რომელიც თითქმის არ იკითხება, ჩასმულია მონასტრის მთავარი ტაძრის (XIV ს.) სამხრეთ კედელში. სამრეკლოს შესასვლელის თავზე ჩასმულ ფილაზე თავდაპირველი სახით შერჩენილია წარწერის მარცხენა ნაწილი (10 სტრქ.) და დასაწყისი მარჯვენა ნაწილის სტრიქონებისა – 4-7 ასოს მანძილზე (გადარჩენილი მარცხენა ნაწილის მიხედვით, ყოველ სტრიქონში 19-30 ასო უნდა ყოფილიყო). გადარჩენილი ნაწილისა და მთავარი ტაძრის სამხრეთ კედლის ფრაგმენტის სტრიქონები არ ებმის ერთმანეთს, რადგან ტექსტი გადათლილია და ნაკლული. ამიტომ წარწერის მარჯვენა ნაწილში მეტნაკლებად გაბმული ტექსტის აღდგენა ვერ ხერხდება. ფაქტობრივად, ჩვენამდე მოაღწია წარწერის ტექსტის მხოლოდ მარცხენა ნაწილმა, რომელიც მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს:

„† სახელითა ღმრთისაჲთა და წმიდისა ღმრთისმშობელისა მეოხებითა მე, ივანე, ძემან სულასმან, აღვაშენე წმიდაჲ ეგუტერი. მას ჟამსა ოდეს საბერძნეთს გადგა სკლიაროსი, დავით კურაპალატი ადიდენ ღმერთმან – უშუვლა წმიდათა მეფეთა და ჩუვნ ყოველნი ლაშქარს წარგუავლინნა სკლიაროსი გავაქციეთ. მე მას ქუეყანასა, რომელსა ჰქუიან ხარსანანი, ადგილსა, რომელსა ჰქუიან სარვენისნი მუნ ესუენა ტახტი...

ამგვარად, წარწერა ეკუთვნის ივანე სულას ძეს – ბიზანტიური საიმპერატორო კარის წინააღმდეგ აჯანყებულ ბარდა სკლიაროსთან დავით კურაპალატის († 1001) მიერ 979 საომრად გაგზავნილი ლაშქრის მონაწილეს. წყაროების („სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, ათონის ქართველთა მონასტრის სააღაპე წიგნი) მონაცემებით, ივანე სულას ძე ჩორჩანელთა – ადგილობრივი ძლიერი ფეოდალური საგვარეულოს – წარმომადგენელი იყო. ე. თაყაიშვილი თვლიდა, რომ იგი თორნიკე ერისთავია – ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ გაგზავნილი მხედრობის ერთ-ერთი სარდალი. ავტორის აზრით, თორნიკეს ბერობის სახელი იოანე იგივე ივანეა, ხოლო სულა მეორე სახელია თორნიკეს მამისა – ჩორდვანელისა. ეს სულა და ათონის ქართველთა მონასტრის იმდროინდელ ერთ-ერთ აღაპში მოხსენიებული ძმების, ფარსმანისა და ჩორჩანელის, მამა – სულა სხვადასხვა პირია, ორივე სულას ასევე სხვადასხვა პირებად და სხვადასხვა დროის მოღვაწეებად მიიჩნევენ ნ. ბერძენიშვილი და ე. მეტრეველი.

გარდა ივანე სულას ძისა, წარწერის ტექსტში დასახელებული არიან ისტორიული პირები: სკლიაროსი (ორგზის) და დავით კურაპალატი; გეოგრაფიული სახელები: საბერძნეთი, ხარსანანი და სარვენისნი. წარწერა, მასი წარმოდგენილი ისტორიული რეალიებით, დაახლოებით 979-ით) თარიღდება, იგი დოკუმენტურად ადასტურებს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ ბრძოლაში ქართველთა ამქრის მონაწილეობასა და მის დამსახურებას ბიზანტიის სამეფო კარის წინაშე.

ვ. სილოგავა

ლიტერატურა

  • ქართული წარწერების კორპუსი, ტ.I. შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, თბ., 1980 (იქვე ბიბლიოგრაფია);
  • მეტრეველი ე. ათონის ქართული მონასტრის სააღაპე წიგნი, თბ. 1998;

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები