თევზაძე ილია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თევზაძე ილია მოსეს ძე (6.II.1881, სოფ. მუხაყრუა, ქუთაისის მაზრ. - ?) - ქართველი სოციალისტ-რევოლუციონერი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) წევრი. ნაფიცი ვექილი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა მედავითნის ოჯახში. 1887-1896 წლებში სწავლობდა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1899 წელს სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სემინარიაში, სადაც დაუახლოვდა „მესამედასელ“ მოსწავლეთა წრეს. ქუთაისში სწავლის დროს 1903-1904 წლებში მონაწილეობას იღებდა რევოლუციურ საქმიანობაში რის გამოც დაითხოვეს სემინარიიდან.

1904 წელს შეუერთდა სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიას. 1904 სწავლა დაიწყო თბილისის სასულიერო სემინარიაში, თუმცა პოლიტიკური საქმიანობის გამო, „მგლის ბილეთით“ დაითხოვეს. 1905 მასწავლებლად მუშაობა დაიწყო სოფ. დაფნარის სამრევლო სკოლაში, თუმცა თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი რექტორის ნიკანდრეს საჩივრის საფუძველზე დაითხოვეს. შემდგომში ცხოვრობდა არალეგალურად, არჩეული იყო ესერთა პარტიის საგუბერნიო კომიტეტში. 1905 წელს იყო იმერეთში მოქმედი ესერთა წითელი რაზმის მეთაური. 1906 წელს გაძლიერებული რეპრესიების გამო საქართველო დატოვა და ყაზანში გადავიდა, სადაც სწავლა დაიწყო ყაზანის უნივერსიტეტში. 1907 მონაწილეობა მიიღო სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის ლონდონის ყრილობაში. 1910 წელს დაასრულა უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო ქუთაისის სასამართლოში. 1914 წლიდან ნაფიცი-ვექილის თანაშემწედ მუშაობდა სამტრედიაში. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ ეკავა სამტრედიის რაიონის კომისრის თანამდებობა. იყო სხვადასხვა კომიტეტის წევრი ესერთა პარტიიდან. 1917 წელს აირჩიეს ქუთაისის ქალაქის გამგეობის წევრად, შემდგომ კი - ქალაქის თავის ამხანაგად. 1918 წელს აირჩიეს პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრად. სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით გახდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი. 1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალისტ-რევოლუციონერთა პარტიის სიით კენჭს იყრიდა დამფუძნებელი კრების არჩევნებში, თუმცა მანდატი ვერ მოიპოვა, იყო საარჩევნო სიის მე-8 ნომერი.

საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ ცნობები არ მოიპოვება.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 107, 109, 119.

იხილე აგრეთვე

თევზაძე ილია მოსეს ძე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები