კანონი სასამართლო განაჩენის შეცვლის შესახებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სასამართლო განაჩენის შეცვლის შესახებ კანონი - ტერმინი „სასამართლო ხელისუფლება“ ქართულ სინამდვილეში პირველად სწორედ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კანონმდებლობაში გამოიყენეს. კონკრეტულად, მხედველობაშია 1919 წლის 29 ივლისის კანონი „საქართველოს სენატის დებულების შემოღებისა“. ამ კანონით განისაზღვრა, თუ რომელ ორგანოებს ეკუთვნოდა „სასამართლო ხელისუფლება“ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. თუმცა 1921 წლის კონსტიტუციაში სიტყვა „სასამართლო ხელისუფლება“ არცერთხელაა მოხსენიებული, კონსტიტუციის შესაბამის ნაწილს „სასამართლოები“ ეწოდება.

1919 წლის 17 აპრილის დადგენილება „სასამართლოს განაჩენის შეცვლის თაობაზე შემოსული თხოვნების განხილვისა“ დაინტერესებულ პირებს, რომლებიც მხარეებად გამოდიოდნენ სასამართლო პროცესებზე, უფლებას არ აძლევდა, შეეტანა სააპელაციო საჩივარი დამფუძნებელ კრებაში. დეპუტატები მოითხოვდნენ, რომ დამფუძნებელი კრება ყოფილიყო საბოლოო ინსტანცია სისხლის სამართლის საქმეებზე. იურიდიული კომისიის სახელით დავით ონიაშვილი განმარტავდა, რომ „დამფუძნებელი კრება არ უნდა არჩევდეს ასეთ მოთხოვნებს. დამფუძნებელი კრება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოა და ასეთი საქმეების გარჩევა ხელს შეუშლის და შეაფერხებს მის მოღვაწეობას“. აღნიშნული დადგენილება მოიცავს ერთ პუნქტს და აღიარებს: „საქართველოს დამფუძნებელი კრების სახელზე შემოსული თხოვნები და შუამდგომლობანი, რომლებიც სასამართლოს განაჩენის შეცვლას შეეხება, დამფუძნებელი კრების მიერ განუხილველი დარჩება“.

ამ დებულებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანო გაემიჯნა მართლმსაჯულებით ფუნქციებს. ეს საკითხი აქტუალური იყო ევროპაში ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან, როდესაც გერმანიის უმაღლესი ხელისუფლება ნაკლებად ერეოდა სისხლისა და სამოქალაქო სამართლის სფეროში. პრუსიის მეფე ფრიდრიხ ვილჰემ პირველი 1739 წელს იმუქრებოდა, რომ იგი შეუბრალებლად ჩამოახრჩობდა ყველას, ვინც მას მიმართავდა სასამართლოს მიერ გარჩეული საქმეებისათვის თხოვნით და 1752 წლის 22 ოქტომბრის რესკრიპტრით აცხადებდა, რომ არ ჩაერეოდა სასამართლოს საქმეებში და თვითონაც სახელმწიფო კანონებს დაემორჩილებოდა.

1919 წლის 19 ივლისს დამფუძნებელმა კრებამ მიიღო საქართველოს უზენაესი სასამართლოს (სენატის) დებულება. 1919 წლის 7 ოქტომბერს აირჩიეს სენატის პირველი წევრები 15 მოსამართლის შემადგენლობით. უზენაესი სასამართლო მუშაობას შეუდგა 1919 წლის 23 ოქტომბერს. სენატი აღიჭურვა სასამართლოს განაჩენის შეცვლის უფლებამოსილებით. სენატის დებულების მე-8 მუხლის მიხედვით, იგი თავისი მოღვაწეობის ანგარიშს ყოველწლიურად წარუდგენდა საქართველოს დამფუძნებელ კრებას. საბოლოოდ ეს საკითი აიყვანეს კონსტიტუციურ რანგში. 1921 წლის კონსტიტუციის 79-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს არცერთი განაჩენი არ შეიძლება გაუქმდეს, შეიცვალოს ან შეჩერდეს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ან ადმინისტრატიული ორგანოს მიერ.

ბექა ქანთარია

ლიტერატურა

  • კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებული (კმგკ), 1919, №6;
  • გაზ. „ერთობა“, 24 აპრილი, 1919;
  • გაზ. „სახალხო საქმე“, 5 ნოემბერი, 1920;
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამართლებრივი აქტების კრებული (1918-1921), 1990;
  • ბ. ქანთარია, კონსტიტუციონალიზმის ფუნდამენტური პრინციპები და მმართველობის ფორმის სამართლებრივი ბუნება პირველ ქართულ კონსტიტუციაში, თბ., 2013

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები