კლაისტი ჰენრიხ ფონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრიხ ფონ კლაისტი

ჰენრიხ ფონ კლაისტი − (Bernd Heinrich Wilhelm von Kleist - 1777-1811), გერმანრლი მწერალი, ნოველისტი, და დრამატურგი, გერმანული რომანტიზმის წარმომადგენელი.

თომას მანი თავის ლიტერატურულ წერილებში გოეთეს (რომელიც მისი კუმირი იყო) „საყვედურობს“ კლაისტის „ვერ დანახვას“, „ვერ დაფასებას“. „ის იყო ერთ-ერთი უდიდესთაგან, გაბედულთაგან, ყველაზე სახელგანთქმული გერმანულენოვანი მწერალი, შეუდარებელი დრამატურგი - ზოგადად უბადლო, როგორც პროზაიკოსი, როგორც მთხრობელი, - სრულიად განუმეორებელი, ამოვარდნილი ყოველგვარი ნორმებიდან თუ წესებიდან, სიგიჟემდე, ისტერიამდე რადიკალური - ექსცენტრიული სიუჟეტებით გატაცებაში, - ღრმა, თუმცა უზომოდ უბედური“. - წერს თომას მანი წერილში „ჰაინრიხ ფონ კლაისტი და მისი ნოველები“. ამ რამდენიმე წინადადებაში ნათლად ჩანს კალისტი: - პიროვნება, შემოქმედი, ადამიანი.

გერმანელ, სამხედრო დიდგვაროვანთა ოჯახში დაბადებული კლაისტი ტრადიციისამებრ აგრძელებს სამხედრო კარიერას, მონაწილეობს რამდენიმე ომში. 21 წლის ასაკში თავს ანებებს სამხედრო საქმეს, განათლების მიღების მიზნით, აბარებს უნივერსიტეტში. შეისწავლის ფიზიკას, მათემატიკას, შემდეგ საფუძვლიანად ფილოსოფიას. იმანუელ კანტმა კი ამოუტრიალა სამყაროს შეცნობა, ხედვა, მთლიანად შეცვალა მისი მსოფლმხედველობა. სწორედ ფილოსოფიის კარგად შესწავლის შემდეგ იწყებს წერას. 27 წლიდან 35 წლამდე, სულ რაღაც 8-9 წლის განმავლობაში, ქმნის: 8 პიესას, 8 ნოველას, რომანს - ორტომეულს (სამწუხაროდ, დაკარგულია), შესანიშნავად დაწერილ ანეკდოტების ციკლს, ლიტერატურულ სტატიებს, რომელთაგან აღსანიშნავია წერილი „მარიონეტების თეატრის შესახებ“, თომას მანის მოსაზრებით - „ესთეტიკური მეტეფიზიკის შედევრი“.

კლაისტის პიესები დაწერილია ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობის წლებში, როდესაც გერმანია ნაპოლეონის წინააღმდეგ იბრძოდა. კლაისტი პატრიოტი იყო, გერმანიის გაერთიანება, ფრანგი დამპყრობლების წინააღმდეგ ბრძოლა მისი უმთავრესი მიზანი გახლდათ, იმავდროულად, საფრანგეთის ბურჟუაზიული რევოლუციის მოწინააღმდეგეც იყო, მიაჩნდა, რომ რევოლუცია არავის მოუტანდა სიკეთეს. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, აისახა მის შემოქმედებაში.

კლაისტის საუკეთესო დრამატულ ნაწარმოებებში წინა პლანზე წამოწეულია პატრიოტული, ნაციონალური მოტივები, საკუთარი ქვეყნის ისტორია, მისი პერსონაჟები გამსჭვალულნი არიან სამშობლოსადმი სიყვარულით, მათთვის ქვეყნისა და სახელმწიფოსადმი პასუხისმგებლობა უმთავრესია. ამგვარ პიესათა რიცხვს მიეკუთვნება „გერმანთა ტომების ბრძოლა“ (1808), რომელშიც გერმანთა ტომების რომაული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაა ასახული.

სარჩევი

კეთხენი ჰეილბრონიდან

„კეთხენი ჰეილბრონიდან“ (1810) კლაისტის ერთ-ერთ საუკეთესო დრამად ითვლება. ამ პიესაში კლაისტმა გამოიყენა გერმანული ფოლკლორი, ზღაპრები, ლეგენდები. კლაისტის ადრეული პიესებისათვის, მაგალითად „ამფიტრიონი“ (1806), დამახასიათებელია გმირთა, პერსონაჟთა ხასიათების სიღრმისეული დამუშავება-განვითარება, ფსიქოლოგიური ასპექტების წინა პლანზე წამოწევა. მისი გმირები ესთეტიკური განცდებისა და ემოციების ტყვეობაში არიან პიესაში - „პენტისილეა“ (1807). ხოლო დრამაში „კეთხენი ჰეილბრონიდან“ უკვე მონუმენტურ სახეებს ქმნის.

პიესის სიუჟეტი შემდეგია: კეთხენი ჰეილბრონიდან, მესაჭურვლის (მეიარაღის) ქალიშვილი, რაღაც იდუმალი ძალებით მიჯაჭვულია, ღირსებით აღსავსე, რაინდ გრაფ ვეტერ ფონ შტრალისადმი. უსაზღვრო სიყვარული კეთხენს აიძულებს, ყველგან აჩრდილივით თან სდიოს გრაფს. ვეტერს ჰყავს საცოლე, კეთილშობილი ოჯახის წარმომადგენელი - კუნიგუნდა ფონ ტურნეკი. კუნიგუნდა მზაკვარი, ზებუნებრივი ძალების მქონე ქალია, რომელსაც შესწევს უნარი, მაგიის გამოყენებით ოსტატურად შეიცვალოს გარეგნობა. საბოლოოდ, გრაფი მიატოვებს კუნიგუნდას, დაქორწინდება კეთხენზე, რომელიც პრინცესა კატერინა, შვაბიის (გერმანიის ერთ-ერთი რეგიონი) იმპერატორის ქალიშვილი აღმოჩნდება.

ნაწარმოების მთავრი მოტივი ბედისწერით, განგებით განსაზღვრული სიყვარულია. კეთხენის გრაფისადმი მიჯაჭვულობა მინიშნებებით დაიწყო. პირველად ვეტერის სახე ქალიშვილმა გამდნარ ტყვიაზე მარჩიელობისას დაინახა. შემდეგ, როდესაც ღმერთს შესთხოვა წინასწარმეტყველური ნიშნის კიდევ ერთხელ დადასტურება, ქალიშვილს ვეტერი დაესიზმრა. განგებამ ნიშანი ვეტერსაც გაუგზავნა, ავადმყოფობისას, უგონო მდგომარეობაში მყოფს, კეთხენი ანგელოზის სახით მოევლინა.

პიესის ფორმა და სტრუქტურა შექსპირისეულია. კლაისტმა დრამის ერთი მესამედი ინგლისელი დრამატურგის მსგავსად პროზით დაწერა, ხშირად ცვლის მოქმედების ადგილს, მრავალი მოქმედი პირია, ისწრაფვის გააფართოოს ისტორიულ-სოციალური ფონი, შექსპირის მსგავსად, ცდილობს ერთდროულად მოიცვას ცხოვრების სხვადასხვა ასპექტი.

ამ თვალსაზრისით, კლაისტის პიესა ბიუხნერის ძიებების ერთგვარი წინაპირობა იყო, რომელმაც პრინციპში გზა გაუკვალა გერმანიის რეალისტურ დრამას.

„კეთხენი ჰეილბრონიდან“ - ავტორის სიცოცხლეშივე დაიდგა 1810 წელს, ვენის ბურგეთეტერში, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ დადგმამ კლაისტს წარმატება არ მოუტანა

პრინცი ჰომბურგი

„პრინცი ჰომბურგი“ (1810) სამართლიანადაა მიჩნეული კლაისტის ყველაზე სრულყოფილ, საუკეთესო დრამატურგიულ ნაწარმოებად. სიუჟეტი აგებულია ისტორიულ თქმულებაზე, პერიოდზე, როდესაც XVII საუკუნის ბოლოს, პრუსიასა და შვედეთს შორის ომი მიმდინარეობდა. მთავარი გმირი პრინცი ჰომბურგი - ემოციებით აღსავსე ახალგაზრდაა, რომელიც სიყვარულსა და დიდებაზე (სახელის მოხვეჭაზე) ოცნებობს. ერთ-ერთ ბრძოლაში მონაწილეობისას, იგი არ ემორჩილება მხედართმთავრის ბრძანებას და დროზე ადრე ერთვება ბრძოლაში. ამ დაუფიქრებელი, მაგრამ მამაცი საქციელის გამო პრუსიელები ბრძოლას მოიგებენ. ამისდამიუხედავად, მას, როგორც სამხედრო დამნაშავეს, ისე ასამართლებენ და სიკვდილს მიუსჯიან. პრინცი ჰომბურგიშეშინებულია, მას არ სურს სიკვდილი და შეწყალებას ითხოვს. მაშინ კურფიურსტი პრინცს აძლევს არჩევანის უფლებას, თავად გადაწყვიტოს, სამართლიანია თუ არა განაჩენი. პრინცის სულსა და გონებაში გარდატეხა ხდება. იგი ხვდება, რომ ბრძოლაში შემთხვევითი გამარჯვება ომის ბედს ვერ გადაწყვეტს. უცხოტომელებზე საბოლოო გამარჯვებისთვის საჭიროა პირადულზე, ეგოისტურ ზრახვებზე, ამბიციებზე უარის თქმა და სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, მხედართმთავრის ბრძანებებისადმი სრული მორჩილება. ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი მტერზე გამარჯვება. პრინცი აღიარებს თავის დანაშაულს და თანახმაა, ვაჟკაცურად შეხვდეს მკაცრი განაჩენის აღსრულებას - სიკვდილით დასჯას. იგი გამარჯვებულია, ვინაიდან დაამარცხა საკუთარ თავში ინდივიდუალურ-ეგოისტური ზრახვები, პრინცი მართლაც ის გმირი ხდება, როგორიც უნდოდა რომ ყოფილიყო. კურფიურსტი, პრინც ჰომბურგის მეტამორფოზის გამო, გააუქმებს განაჩენს.

კლაისტის პიესაში განვითარებული ამბავი არაერთაზროვანია და აგერ უკვე ორ საუკუნეზეა მეტია, მკვლევრები დაობენ პიესის იდეაზე. არასწორი იქნებოდა იმის მტკიცება, რომ კლაისტი დესპოტიზმის ან უზურპაციის მომხრე და რეაბილიტატორია, ანდა, ბრმად აიდეალიზირებს პრუსიის სახელმწიფოებრიობას და ქმნის ერთგვარ „პრუსიზმის აპოთეოზს“. ნაწარმოების მთავარი ტენდენციაა - სახელმწიფოს, როგორც უმაღლესი ფასეულობის, ღირებულების იდეის გამართლება, რომლის გვერდით, ყველა სხვა იდეალი ფერმკრთალდება, უფერულდება. XIX საუკუნის პირველ ათწლეულში, გერმანიის ისტორიულ-პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, როდესაც იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის, საფრანგეთის ჯარებს, შეიძლება ითქვას, გერმანია დამონებული ჰყავდა, კლაისტის ტენდენცია, რა თქმა უნდა, პროგრესული იყო.

კლაისტი ქვეყნის გაერთიანება-გამთლიანების მომხრეა, მაგრამ სახელმწიფოებრიობაში ის, არა მარტო გონივრული კანონებისადმი მორჩილებას ხედავს, არამედ, ჰუმანისტური პრინციპების ტრიუმფსაც. პიესის ფინალი აღიქმება, როგორც პრუსიის მონარქიის სამხედრო ძალის აპოთეოზი. ისმის შეძახილები: „ბრძოლაში! გამარჯვებამდე!“ და ფარდა - სამხედრო, საბრძოლო იარაღების, ქვემეხების ზალპის ქვეშ ეშვება.

გატეხილი ქოთანი

ბორის პასტერნაკის მიერ თარგმნილ, კლაისტის მოთხრობებისა და დრამების რუსულ გამოცემაში ერთი საინტერესო ფაქტია აღნიშნული. კომედია „გატეხილი ქოთანი“ კლაისტმა, შეიძლება ითქვას, „შემთხვევით“ დაწერა. იგი ბევრს მოგზაურობდა და სხვადასხვა ქვეყანაში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ცხოვრობდა კიდეც. შვეიცარიაში ყოფნის პერიოდში მეგობრობდა ჰაინრიხ ცშოკესა და ლუდვიგ ვილანდთან. ცშოკეს ბინაში ეკიდა ნახატი, რომელზეც გამოსახული იყო სოფლის მცხოვრებთა სასამართლო დავა გატეხილი ქოთნის გამო (დღემდე დაუზუსტებელია მხატვრის ვინაობა). მეგობრებმა გადაწყვიტეს ამ სიუჟეტზე ლიტერატურული ნაწარმოებების შექმნა: ვილანდს სატირა, ცშოკეს მოთხრობა, კლაისტს კი კომედია უნდა დაეწერა. ცშოკე მოგონებებში აღიარებს, რომ სამი მეგობრის ლიტერატურულ შეჯიბრში, კლაისტმა პირველობა მოიპოვა.

ხალხური თემებით კლაისტის დაინტერესება ყველაზე ნათლად, სწორედ „გატეხილ ქოთანშია“ (1805) გამოხატული. პიესაში სიყვარულით, ნათლად, იუმორითაა ასახული სოფლის მაცხოვრებელთა ადათ-წესები, ხოლო მლიქვნელი, თვალთმაქცი მოსამართლე ადამის სახე-პერსონაჟით, რომელიც გარყვნილი, ბიუროკრატიული სასამართლოს მეტაფორაა, დრამატურგი მწარედ, შეიძლება ითქვას, სარკასტულად დასცინის და ამხელს მთელ სასამართლო სისტემას. კომედიის შექმნისას, კლაისტმა ძველი გერმანული ფარსის ტრადიციები შეურწყა პერსონაჟთა ხასიათების რეალისტურ ასახვას, სოციალურ გარემოს და ცხოვრებისეულ ყოფას. კომედიის იდეამ და მხატვრულმა ფორმამ განსაზღვრეს მისი განსაკუთრებული ადგილი კლაისტის რომანტიკულ დრამატურგიაში. პიესაში XIX საუკუნის დასაწყისის გერმანული დრამის რეალისტური ტენდენციებიც შეინიშნება. კომედია პირველად ვაიმარის თეატრში 1808 წელს დაიდგა და მას შემდეგ, დღევანდელი დღის ჩათვლით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარეპერტუარო დრამატურგიული ნაწარმოებია. „გატეხილი ქოთანი“ გერმანული თეატრის ოქროს ფონდშია შესული.



წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები