მათემატიკური ოლიმპიადები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მათემატიკური ოლიმპიადები – ოლიმპიური შეჯიბრებები – ეს არის უძველესი და ყველაზე პოპულარული დღესასწაული და შეჯიბრება ძველ საბერძნეთში; იგი იმართებოდა ზევსის პატივსაცემად. ანტიკური სამყაროს პირველი, დღეისათვის ცნობილი ოლიმპიური შეჯიბრებები – ოლიმპიური თამაშები – მოეწყო ძვ. წ. 776 წელს, ქალაქ ოლიმპიაში. აქედან წამოვიდა სახელწოდება და ყოველ მომდევნო თამაშებს შორის ინტერვალი შეადგენდა 1417 დღეს. იგი რეგულარულად ტარდებოდა 1170 წლის მანძილზე ერთიმეორის მომდევნო ოლიმპიურ თამაშებს შორის 4-წლიან პერიოდს ძველ საბერძნეთში ოლიმპიადა ეწოდებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ ოლიმპიადის მიხედვით ძვ. წ. 264 წელს წელთაღრიცხვაც კი შემოიღო ისტორიკოსმა ტიმეოსმა, რომლითაც ზოგიერთი ისტორიკოსი სარგებლობდა ახ. წ. 394 წლამდე (როცა გაუქმდა ოლიმპიური თამაშები). ოლიმპიური თამაშები თვალსაჩინო როლს ასრულებდა ძველი სამყაროს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

შემდგომში ტერმინი „ოლიმპიადა“ სულ სხვადასხვა სახის შეჯიბრებებზე იხმარება. წმინდა სპორტული ოლიმპიადების გარდა, ტარდება საჭადრაკო ოლიმპიადები, თვითშემოქმედი კოლექტივების ოლიმპიადები (დათვალიერება-კონკურსები); მეცნიერებისა და ტექნიკის თითქმის ყველა დარგში გამართულ შეჯიბრებებს ოლიმპიადას უწოდებენ. საგნობრივი ოლიმპიური შეჯიბრებები ტარდებოდა მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის და მრავალ სხვა დარგში.

საუკუნეების მიღმა უდევს სათავე მათემატიკური ტურნირებისა და შეჯიბრებების ისტორიას.

მათემატიკის განვითარების მთელი ისტორია არის ამა თუ იმ ამოცანის ამოხსნის, თეორემის დამტკიცების ან ფორმულის გამოყვანისათვის მათემატიკოსებს შორის გარკვეული შეჯიბრების ისტორია. ეს „შეჯიბრება“ ზოგჯერ ათეული წლები, ზოგჯერ კი საუკუნეები გრძელდებოდა. ცდილობდნენ გაეკეთებინათ ის, რისი გაკეთებაც მათმა წინაპრებმა ვერ შეძლეს. იყო მრავალი შემთხვევა, როცა ერთი საკითხის გარშემო კვლევას ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად რამდენიმე მეცნიერი აწარმოებდა და ბევრჯერ ერთი და იგივე შედეგი მიუღიათ, თუმცა სხვადასხვა გზით.

ჩამოყალიბდა ოლიმპიადების ჩატარების გარკვეული ტრადიციები. მათემატიკური ოლიმპიადები გახდა სხვადასხვა თაობის ერთობლივი ზეიმი, რომლის მონაწილეები იყვნენ მოსწავლეები, სტუდენტები (წინა ოლიმპიადების მონაწილენი), მათემატიკური წრეების ხელმძღვანელები – მასწავლებლები და ახალგაზრდა მეცნიერები.

ოლიმპიადებში მონაწილეობა მოითხოვს არა იმდენად სასკოლო მათემატიკის პროგრამის ცოდნას, რამდენადაც მოსაზრებულობას, უჩვეულო სიტუაციაში ლოგიკური მსჯელობის უნარს. ეწყობა საუკეთესო ნამუშევრების გარჩევა.

მოსწავლეთა შორის შეჯიბრების რეგულარული ჩატარების პირველობა, უნგრეთს ენიჭება, სადაც პირველად დაიწყეს მათემატიკური ოლიმპიადების მოწყობა.

1894 წელს უნგრეთის ფიზიკა-მათემატიკის საზოგადოებამ, რომლის პრეზიდენტი იყო ცნობილი ფიზიკოსი ლორენ ეტვოში, მიიღო გადაწყვეტილება ჩაეტარებინა მათემატიკური ოლიმპიადა გიმნაზიების კურსდამთავრებულთათვის. იქიდან მოყოლებული, ყოველწლიურად (გარდა ორ მსოფლიო ომთან დაკავშირებული წლებისა) ტარდება ეს ოლიმპიადა ოქტომბრის თვეში.

1976 წელს გამოვიდა განვლილ ოლიმპიადებში შეთავაზებული ამოცანების პირველი სრული კრებული ამოხსნებით, შენიშვნებითა და კომენტარებით.

სსრკ-ში მოსწავლეთა პირველი მათემატიკური ოლიმპიადა შედგა 1933 წელს, თბილისში; ეს იყო 26-ე საცდელ-საჩვენებელი სკოლის მათემატიკის მასწავლებლის ს. ვაშაყმაძის თაოსნობით მოწყობილი პიონერ-მათემატიკოსთა ოლიმპიადა.

რესპუბლიკის დამსახურებული პედაგოგის სერგი ესტატეს-ძე ვაშაყმაძის მოგონებებიდან:

„მათემატიკური ოლიმპიადები საქართველოში, კერძოდ თბილისში სათავეს იღებს 1933–1934 წლებიდან.

1933–1934 სასწავლო წლის I მეოთხედის ბოლოს, 3 ნოემბერს თბილისის 26-ე საცდელ-საჩვენებელ სკოლაში მათემატიკის მასწავლებლების ს. ვაშაყმაძისა და ტ. პეტრაკოვსკაიას თაოსნობით მოწინავე მოსწავლეებს შორის მოეწყო შიგასასკოლო შეჯიბრება მათემატიკაში, რომელსაც „ნორჩ მათემატიკოსთა ოლიმპიადა“ უწოდეს. 1933 წლის 28 ნოემბერს, რუსულ მოზარდ-მაყურებელთა თეატრის შენობაში გაიმართა სტალინის სახელობის სარაიონო სკოლების რაიონული ოლიმპიადა (მონაწილეობდა 42 მოსწავლე);

1934 წლის მაისში ქართულ მოზარდ-მაყურებელთა თეატრის შენობაში გაიმართა თბილისის სკოლების მოსწავლეთა საქალაქო ოლიმპიადა. ამ ოლიმპიადაში მე-10 კლასებიდან გამარჯვებული ოცდაათი (30) მოსწავლე იმავე წლის 18 ივნისს მიწვეული იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოწყობილ მოსწავლეთა მათემატიკურ ოლიმპიადაზე, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქვეყნოდ ცნობილი მათემატიკოსები: ი. ვეკუა, ა. ხარაძე, მ. კონიაშვილი, კ. სულაქველიძე, ლ. გოკიელი და დ. დოლიძე.

პირველი რესპუბლიკური მათემატიკური ოლიმპიადა გაიმართა 1956–1957 სასწავლო წელს.

საგნობრივი ოლიმპიადების ისტორიაში პირველი საკავშირო ოლიმპიადა მათემატიკაში 1965 წელს გაიმართა თბილისში, I საშუალო სკოლაში.

გარდა თბილისის სკოლების საქალაქო ოლიმპიადებისა, ტარდებოდა თბილისის რკინიგზის სკოლების შიდა სასკოლო, რაიონული და საქალაქო ოლიმპიადები. 1946-1947 სასწავლო წელს, პირველად ჩატარდა თბილისის რკინიგზის საშუალო სკოლების მოსწავლეთა ჯერ შიდა სასკოლო მათემატიკური ოლიმპიადა (რომელთა ორგანიზატორები იყვნენ შესანიშნავი პედაგოგები: ლეონტი რევია, დავით ბაქრაძე და გალინა უკლება), ხოლო შემდეგ, თბილისის რკინიგზის სკოლების საქალაქო ოლიმპიადა.

1965 წელს ჩატარდა პირველი საკავშირო მათემატიკური ოლიმპიადა, რომელიც მოეწყო თბილისში. მასში მონაწილეობას ძირითადად მე- 9-11 კლასის მოსწავლეები იღებდნენ.

საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადები ტარდება 1958 წლიდან, რომლის ინიციატორი იყო რუმინეთი. მასში მონაწილეობდა ევროპის თითქმის ყველა და ამერიკისა და აზიის რამდენიმე სახელმწიფოს მოსწავლეთა გუნდები.

საერთაშორისო მათემატიკური ოლიმპიადებიდან საინტერესოა ოლიმპიადა „მათემატიკური კენგურუ“, რომლის დაარსების ინიციატორი ავსტრალია არის. მას ევროპაში პროპაგანდას საფრანგეთი უწევს. იგი სხვადასხვა ქვეყანაში ტარდება; გათვალისწინებულია მხოლოდ მე- 5-8 კლასის მოსწავლეებისათვის.

მოსწავლეთა საგნობრივი ოლიმპიადები – ეს არის კლასგარეშე და სკოლისგარეშე მუშაობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ფორმა, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა დაინტერესებას ცოდნის მისაღებად, მათი უნარის განვითარებას, პროფესიულ ორიენტაციას.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები