მატანის ცხრაკარას მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მატანის ცხრაკარას მონასტერი

მატანის ცხრაკარას მონასტერი − (გერმ. Matanier Zchrakara Monastery), V საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, სოფელ მატანის დასავლეთით 3-4 კმ-ზე, მთებში კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: რამდენიმე ეკლესია, გალავანი, სამრეკლო, დარბაზი.

დასავლეთი ეკლესიის აღმოსავლეთი ფასადის ფრაგმენტი

მთავარი ნაგებობა − სამნავიანი ბაზილიკა, აშენებულია V საუკუნის შუა წლებში. იგი გეგმით მართკუთხაა (10х8,7 მ), ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები გამოყვანილია მოყვითალო ფერის შირიმით. შუა ნავი, გვერდით ნავებთან შედარებით, ვიწრო და მაღალია. მას აღმოსავლეთით კონქით გადახურული აფსიდა აქვს, რომლის ნახევარწრიული თაღი შირიმის მარტივი პროფილის (თარო და დახრილი სიბრტყე) იმპოსტებს ეყრდნობა. კედლების დასავლეთი ნაწილი და მათ ზემოთ კამარა თავდაპირველი ფორმითაა შემორჩენილი და დაყრდნობილია საბჯენ თაღზე. ბაზილიკაში განთავსებულია სამკვეთლო, საკურთხეველი და ტრაპეზი. ღიობებისა და გადახურვების კონსტრუქციებისათვის ძირითადად გამოყენებულია ნახევარწრიული თაღები, გუმბათოვანი და სხმული კამარები. ბაზილიკის შუა ნავის საკურთხეველსა და დასავლეთ კედელზე შემონახულია XVI საუკუნის მხატვრობა, რომელიც ძლიერ დაზიანებულია.

ბაზილიკაზე მიშენებულია ეკლესიები: სამხრეთიდან გეგმით მართკუთხა (6,9х3,6 მ), ხოლო ჩრდილოეთიდან – დარბაზული (8,2х5,3 მ). ორივე ეკლესია ნაგებია ნატეხი ქვით. გარეთა კუთხეებში და შესასვლელის წირთხლებად გამოყენებულია თლილი ქვები. ბაზილიკის დასავლეთით 4 მ-ზე დგას გათლილი კვადრებით მოპირკეთებუ-ლი, გვიანი შუა საუკუნეების (XIV-XV ს.) დარბაზული ეკლესია (7,3-х5,2 მ), რომლის სამხრეთით პატარა დაზიანებული შენობაა (სავარა-უდოდ ბიბლიოთეკა). ჩრდილო-აღმოსავლეთით 7-8 მეტრზე კი მეორე დარბაზული ეკლესიის (7,9х5 მ) ნაშთია. ბაზილიკის სამხრეთიდან მიშენებული ეკლესიის წინ აგურით ნაგები, გეგმით კვადრატული, დარბაზის (7,67х5 მ) ნანგრევებია. ტერიტორიაზე ყოფილა კვადრატული აგურისაგან აგებული რვაწახნაგა სამრეკლო, რომლის მხოლოდ მცირე ნაწილია შემორჩენილი.

მთავარი ბაზილიკის გარდა, მონასტრის დაბალი გალავნის შიგნით, პირვანდელი სახით, შემორჩენილია დასავლეთის ეკლესია, რომელსაც უძველესი რელიეფური გამოსახულებები ამშვენებს.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები