მახარაძე გერასიმე თომას ძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა მახარაძე გერასიმე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გერასიმე მახარაძე

მახარაძე გერასიმე თომას ძე - (1881, სოფ. გომი, ოზურგეთის მაზრა - 13.IX.1937) - სოციალ-დემოკრატი, დიპლომატი, მუშაობდა სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობებზე.

სარჩევი

ბიოგრაფია

მიიღო საშუალო განათლება, სწავლობდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ეწეოდა რევოლუციურ საქმიანობას, რისთვისაც რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს. იყო რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი.

1918 წელს დაინიშნა დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. იყო ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. პარლამენტის დეპუტატობასთან ერთად, იყო თბილისის მუშათა დეპუტატების საბჭოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მის მიერ პარლამენტში რამდენიმე კანონპროექტი იქნა შეტანილი.

1919 წლის 27 ივლისს გ. მახარაძე დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს წარმომადგენლად. სომხეთის პარლამენტის 4 სექტემბრის სხდომაზე თავმჯდომარე მიესალმა მახარაძეს და მწუხარება გამოთქვა წინა წლის სამხედრო კონფლიქტის გამო საქართველო-სომხეთს შორის. 1920 წლის 7 მაისის საქართველო-რუსეთის ხელშეკრულების თანახმად, ორივე ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობები გაიხსნა: საბჭოთა რუსეთში საქართველოს ელჩად გ. მახარაძე დაინიშნა. სამხედრო ატაშე იყო ანტონ ნაცვლიშვილი. საქართველოსთვის ამ ურთულეს პერიოდში მახარაძე ყველა დიპლომატიურ ხერხს იყენებდა მტრულად განწყობილი რუსი პოლიტიკოსების დასარწმუნებლად, რომ საქართველო არასოდეს მისცემდა ანტანტის ქვეყნებს პლაცდარმს რუსეთზე თავდასასხმელად, რომ მისი ქვეყანა დემოკრატიულ პრინციპებს არ დაარღვევდა.

აზერბაიჯანისა და სომხეთის გასაბჭოებამ კიდევ უფრო მეტად დაძაბა ვითარება ამიერკავკასიაში, წარმოიქმნა დავა საზღვრებზე. სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა მთავრობების მხრიდან წამოყენებულ პრეტენზიებზე არბიტრობას რუსეთი ახორციელებდა, რის გამოც მახარაძე კონკრეტულ საკითხებზე რამდენჯერმე შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარ გიორგი ჩიჩერინსა და მის მოადგილე კარახანს. 1920 წლის დეკემბერში კიდევ უფრო დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა.

13 დეკემბერს, დღის 3 საათზე, გ. მახარაძე მახარაძე შეხვდა ლენინს. შეხვედრას დაესწრნენ: მახარაძის მრჩეველი კონსტანტინე ქავთარაძე და რუსეთის საბჭოთა ხელისუფლების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივანი აბელ ენუქიძე. მწვავე კამათი გაიმართა, ლენინმაც და ქართველმა ელჩმაც წარმოადგინეს საკუთარი არგუმენტები კავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე, ლენინის აზრით, საქართველო ჩაითრია ანტანტამ, რომ იგი მხარს უჭერდა ვრანგელს და მტრულად იყო განწყობილი საბჭოთა რუსეთის მიმართ, აფერხებდა სარკინიგზო ტვირთების გატარებას სომხეთ-აზერბაიჯანისაკენ და სხვ. ყველა ბრალდებას მახარაძემ დასაბუთებულად უპასუხა. საბოლოოდ, ლენინმა ითხოვა ამიერკავკასიაში მიმდინარე მოვლენებზე პირდაპირ მისგან ინფორმაციების მიღება, დაჰპირდა, რომ რუსეთი საქართველოს დამუკიდებლობას არ ხელყოფდა და შეასრულებდა 7 მაისის ხელშეკრულებას. მომდევნო დღეებში ჩიჩერინის ნოტაში ეწერა, რომ მახარაძე ცდილობდა ორი სახელმწიფოს ურთერთობის დარეგულირებას, თავად კი ამის პირობად გარკვეული მოთხოვნების შესრულებას აყენებდა. მიუხედავად ამისა, 1921 წლის 11 თებერვალს დაიწყო რუსეთ-საქართველოს ომი. მახარაძე იმ დღეებში კრემლში გამოკეტეს, გადაუჭრეს რადიო-სატელეფონო კავშირი და ისე გასაბჭოვდა საქართველო, რომ ქართველ ელჩს არ გაუგია.

საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ, 1921 წლის 14 ივნისს, გ. მახარაძე დააპატიმრეს კონტრრევოლუციური ბრალდებით, თუმცა მალევე გაათავისუფლეს, რადგან ბრალი არ დაუმტკიცდა. მიუხედავად იმისა, რომ დატოვა სოციალ-დემოკრატიული პარტია, მასზე მაინც მიმდინარეობდა თვალთვალი. 1937 წლის 4 აპრილს ის დააპატიმრეს. სამხედრო კოლეგიამ ბრალდებად წაუყენა, რომ ის იყო „მენშევიკური ორგანიზაციის წევრი, ეწეოდა მენშევიკურ საქმიანობას“. მის გასამართლებაში მონაწილეობდნენ სამხედრო კოლეგიის წევრები: მატულევიჩი, ზარიანოვი, ჟიგური, კოსტიუშკო. სსრკ-ის უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის 1937 წლის 13 სექტემბრის გადაწყვეტილებით, გ. მახარაძეს მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა. 14 სექტემბერს დახვრიტეს. მისი გვარი დასახვრეტთა ორ სტალინურ სიაში იყო შეტანილი (1937 წლის 26 ივნისის და 10 აგვისტოს სიებში), რომელსაც ხელს აწერდნენ სტალინი, მოლოტოვი და კაგანოვიჩი.

დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

  • გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 27 ივლისი, 1919;
  • სცსა, ფ. 1864, აღწ. 1, საქ. 59, 100, 190; გაზ.
  • „საქართველოს რესპუბლიკა“, 10 სექტემბერი, 1919;
  • დ. ჭუმბურიძე, „ქართველი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლა XX ს.-ის დასაწყისში: 1918-1921 წლები“, თბ., 2003.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები