მიდასი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლა პუსენი. დიონისე და მიდასი.

მიდასი(ბერძნ.) ფრიგიის მეფე, გორდიასის ძე, სიმდიდრით სახელგანთქმული.

ბერძენთა რწმენით, ჩვილი მიდასი ჭიანჭველებმა გამოკვებეს პურის მარცვლებით, რაც მისი გამდიდრების მომასწავებელი იყო. როდესაც მიდასი გამეფდა, ფრიგიას ეწვია ღმერთი დიონისე, რათა თავისი დიდედა რეა მოენახულებინა. მის ამალას ჩამორჩა მთვრალი სილენოსი, რომელიც ფრიგიელებმა ყვავილების წნულით შებოჭეს და მეფეს მიჰგვარეს. იცნო მიდასმა დიონისეს მოძღვარი და დიდებული ლხინი გაუმართა. ათი დღე ინადიმეს. მეთერთმეტე დღეს კი მეფემ ღმერთს დაუბრუნა მისი მოძღვარი. გახარებულმა დიონისემ მიდასს სანუკვარი სურვილის აღსრულების პირობა მისცა.

ოქროდ მიქციე, რასაც ხელს ვახლებ“, – სთხოვა მიდასმა. ღმერთმა თავის დაკვრით თანხმობის ნიშანი მისცა. გახარებულმა მიდასმა შინისკენ ისწრაფა. გზად განიზრახა გამოეცადა, რამდენად სარწმუნო იყო ღმერთის პირობა: მწვანედ დაფოთლილ დაბალ მუხას რტო მოატეხა – რტო ოქროდ იქცა. ქვას წამოავლო ხელი – ქვა გაბრწყინდა. ბელტს შეეხო და ბელტი ზოდად გარდაისახა. ვაშლს წაეტანა – ჰესპერიდების ბაღში მოწყვეტილს დაემსგავსა ნაყოფი. ხელს რომ იბანდა, წყალიც ბრჭყვიალით ჩამოეღვენთა ხელებიდან. ხარობდა მეფე, მაგრამ ხანგრძლივი არ აღმოჩნდა ეს სიხარული: მას სახლში დიდებული სუფრა გაუწყვეს მსახურებმა. ლუკმის პირთან მიტანას ვერ ასწრებდა მიდასი, ყოველნაირი საჭმელი მის ხელში ოქროდ იქცეოდა. მიხვდა მეფე, რომ დაღუპავდა ნანატრი ოქრო. კვლავ შეევედრა დიონისეს: შევცდი, მიხსენი ამ მომხიბლავი უბედურებისგანო. შეიბრალა ღმერთმა მიდასი და სასოწარკვეთილს ასეთი რჩევა მისცა: „სარდეს რომ მდინარე ჩამოუდის, იმას სათავემდე აუყევი. იქ წყაროს ნახავ, შიგ განიბანე და განიწმინდები“. ასეც მოიქცა. მიდასმა წყაროში განიბანა ტანი და ოქროს სენისგან განიკურნა. იმ დღიდან შეიძულა მან სიმდიდრე, მიატოვა სასახლე და პანთან დამკვიდრდა გამოქვაბულში.

ერთხელ პანი აპოლონს გაეჯიბრა სტვირზე დაკვრის ხელოვნებაში. მსაჯულად იხმეს მეფე მიდასი, რომელმაც პანის გამარჯვება აღიარა. მაშინ აპოლონმა მას ვირის ყურები გამოაბა. რცხვენოდა მიდასს და ყურები რომ დაემალა, მუდამ ფრიგიული ქუდი ეხურა თავზე. მხოლოდ დალაქმა იცოდა ეს საიდუმლო. სურდა გაეთქვა, მაგრამ მეფის ერიდებოდა, გაწამებულმა ბოლოს ასეთი რამ მოიგონა: მიწაში ორმო ამოთხარა და ხმადაბლა ჩასძახა: ვირის ყურები გამობმია მეფე მიდასსო. შემდეგ ეს ორმო უმალვე მიწით ამოავსო. მალე იქიდან ამოიზარდა ლერწამი, რომელმაც მთელ ქვეყანას მოსდო მიდასის ვირის ყურების ამბავი.

დიონისეს კულტს ზიარებული მიდასის გახუმრებული სახე ხშირად გვხვდება სატირულ დრამებში. ხოლო მის თავგადასავლებთან დაკავშირებული ფრთიანი გამოთქმები: „მიდასის დალაქი“ (ანუ ყბედი, რომელიც ვერ ინახავს საიდუმლოს) „მიდასის სამსჯავრო“ (ანუ უმეცრების ზეიმი), „მიდასის ყურები“ (ანუ შეუსმენლობა, უმეცრება) თანამედროვე მეტყველების კუთვნილებად იქცა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები