მითოლოგიური თეორია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მითოლოგიური თეორია – ანუ ინდოევროპული ანუ არიული თეორია – პირველი მეცნიერული თეორია ფოლკლორისტიკაში, ჩაისახა გერმანიაში XIX საუკუნის დასაწყისში. მითოლოგიური თეორიის წარმომადგენლები ფოლკლორული შემოქმედების საფუძვლად მითსა და უძველეს რელიგიურ წარმოდგენებს მიიჩნევდნენ. მითოლოგიური თეორია იდეოლოგიურ საფუძველს რომანტიკოსთა იდეალისტური ფალოსოფია (შელინგი, კრეიცერი) წარმოადგენდა წარსულის გაიდეალება, მისტაციზმი, მითებში ღვთაებრივი საწყისის ძიება. ამ საერთო თეორულ კონცეფცის შეუერთდა შედარებითი ენათმეცნიერების მიერ შექმნილი თეორია ინდოევროპელ ხალხთა საერთო ლეგენდარულ წინაპარზე, ე. წ. არიელთა ხალხზე, რომლის ენა და მითოლოგია დაედო საფუძვლად ინდო-ევროპულ ენათა ოჯახს. მითოლოგიური თეორიის მიხედვით მითოსი ლეგენდად იქცა, ლეგენდა – ზღაპრად. ფოლკლორულ პროცესში მითოლოგები რეგრესულ განვითარებას ხედავდნენ მხოლოდ. მითოლოგია, მათი აზრით, ხალხის „შეუგნებლად მოქმედი სულის“ შემოქმედების ნაყოფია.

მითოლოგიურ თეორიას საფუძველი ჩაუყარეს ძმ. გრიმებმა, იაკობმა (1785–1863) და ვილჰელმმა (1787-1859). მათ რომანტიკოსების იდეების შედარებითი დემოკრატიული მხარე განავითარეს. შელინგის „სახალხო სული“ დაბალი წოდების, მასების შემოქმედებას დაუკავშირეს, და ხალხური კულტურის საფუმვლად არა ქრისტიანობა და კათოლიკური საშუალო საუკუნეები, არამედ ხალხური რელიგიაწარმართობა აღიარეს. მათ მიერ იყო დამკვიდრებული შედარებითი მეთოდი მითოლოგიისა და ხალხური პოეზიის კვლევაში. ძმ. გრიმების მიერ გამოცემული გერმანული ზღაპრების კრებული და მათი თეორიული შრომები მნიშვნელოვან მოვლენად იქცა მსოფლიო კულტურის ისტორიაში. გრიმების მიმდევართა შრომებში მითოლოგიური სკოლის რომანტიზმმა მისტიციზმის, ხოლო ეროვნულმა იდეებმა, ზოგჯერ, უკიდურესი ნაციონალისტური ხასიათი მიიღო.

მითოლოგიურ თეორიაში ორი ძირითადი მიმართულება ჩამოყალიბდა: ე. წ. მეტეოროლოგიური – მითოსის მთავარ იდეებს ბუნების მოვლენათა გაღმერთებაში, უპირატესდ სტიქიური მოვლენების – ელვა, ჭექა-ქუხილი, ღრუბლები, ქარი – გაღმერთებაში ხედავდა (ად. კუნი, ვ. შვარცი). მეორე მიმართულება – სოლიარული, რომლის ადეპტი მაქს მიულერი იყო – მითოლოგიის საფუძველს მზისა და მზის გარშემო შექმნილ წარმოდვენებში ხედავდა.

მითოლოგიური სკოლის ჯერ მიმდევარი, შემდეგ კი მისი კრიტიკოსები იყვნენ ვილჰ. მანჰარდტი და ალ. ვესელოვსკი. რუსმა მეცნიერებმა ა. აფანასიევმა ფ. ბუსლაევმა და ო. მილერმა მითოლოგიური სკოლის დებულებანი განავრცეს და თავისებური განვითარება მოგვცეს, ამ უკანასკნელთათვის მითი ხალხის მსოფლმხედველობის გამოხატულება იყო.

ე. ვირსალაძე


წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები