მუშრიბი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მუშრიბი - (არაბ. mušrif - ზედამხედველი, მეთვალყურე, მწერალი). ისლამურ ქვეყნებში მუშრიბს, უპირველესად, ევალებოდა სასახლის ქონებისა და შემოსავლების აღწერა, ამასთნავე, სასახლის მოხელეებზე ინფორმაციის შეკრება და უმაღლესი ხელისუფლისათვის მოხსენება. ნიზამ ულ-მულქის თანახმად, ყველას, ვინც ინიშნებოდა მაღალ თანამდებობაზე, უნდა ჰყოლოდა მისთვის საიდუმლოდ მიჩენილი მუშრიბი, რომელსაც რეგულარულად უნდა მიეწოდებინა სულტნისათვის ინფორმაცია მოცემული თანამდებობის პირის საქმიანობის და მდგომარეობის შესახებ.

ქართულ სინამდვილეში მუშრიბი, ისევე, როგორც ქალაქური სამოხელეო წყობისათვის დამახასიათებელი სხვა ტერმინოლოგია, არაბთა ბატონობის პერიოდში შემოდის. ერთიან ქართულ მონარქიაში მუშრიბი როგორც ფინანსებთან დაკავშირებული მოხელე, მეჭურჭლეთუხუცესის უწყებაში შედიოდა. როგორც ჩანს, მუშრიბი დამაკავშირებელი რგოლი იყო სამეფოს კარის ცენტრალურ უწყებასა და ქალაქის სამოხელეო აპარატს შორის.

მუშრიბის მოვალეობას შეადგენდა ქალაქში შემოტანილი სავაჭრო საქონლისა და ნავაჭრის აღნუსხვა, აკრეფილი ბაჟისა და სხვა სავაჭრო გადასახადების მეჭურჭლეთუხუცესისათვის ჩაბარება. „ხელმწიფის კარის გარიგების“ მიხედვით, მუშრიბს ქალაქური საქონლის ნაწილი (სამეფო ძღვენი, სანელებლები, მასტაკი) სხვა „უხუცესებისათვისაც“ (როგორც ჩანს, მუქიფებისათვის და სამზარეულოს ზედამდგომთათვის) უნდა მიერთმია.

მუშრიბი ისტორიულ საბუთებში ჩანს XV ს-იდან. საქალაქო ცხოვრების დაცემასთან ერთად ამ დროს მისი ფუნქციები აშკარად შეკვეცილი ჩანს, ამიტომ მუშრიბი ზოგჯერ კარის მწიგნობრის ფუნქციასაც ასრულებს. მუშრიბის სინონიმია მწერალი (საბუთების შემდგენი). ამ დროის საბუთებიდან ცნობილია ქალაქის (თბილისის) და გორის მუშრიბები.

მუშრიბის სარგო იყო მამული, რომელსაც მეფისაგან სამსახურის სანაცვლოდ იღებდა. გარდა ამისა, ქალაქის მუშრიბის სასარგებლოდ დაწესებული ყოფილა გადასახადი. „დასტურლამალის“ მიხედვით, ქალაქის ერთ-ერთ საბაჟო გადასახადს „მუშრიბანა“ ეწოდებოდა. XVI-XVIII სს-ის მასალების მიხედვით, მუშრიბების ძირითადი საქმიანობა ანგარიშწარმოება იყო. ამ სახელოს ვხვდებით სხვადასხვა დაწესებულებაში (სალარო, ქარხანა), სადაც კი საფინანსო დოკუმენტების შედგენა იყო საჭირო. მუშრიბის ჯამაგირი, სარგო და წილი განისაზღვრებოდა მისი სამუშაო ადგილისა და შესრულებული სამუშაოს მიხედვით.

მუშრიბები. XV-XVIII სს

  • წირქვალელისძე რატი - მუშრიბი 1453-[1476] წწ.
  • სუმბატ ურდოველასშვილი - სამეფო სალაროს მუშრიბი და მწიგნობარი 1417 წ.
  • ურდოველა - სამეფო სალაროს მუშრიბი 1429 წ.
  • თავაქალასშვილი სადათერ - სამეფო კარის მწიგნობარი და მუშრიბი 1491 წ.
  • ყორღანაშვილი იარალი - სამეფო სალაროს მუშრიბი, მდივან-მწიგნობარი 1622-1643 წწ.
  • ყორღანაშვილი პაატა - სამეფო სალაროს მუშრიბი 1626 წ.
  • ყანდურაშვილი ფირალ - სამეფო სალაროს მუშრიბი, მწერალი, მწიგნობარი 1636-1657 წწ.
  • ფარყუზათაშვილი სულხან - სამეფო სალაროს მუშრიბი 1645 წ.
  • ყანდურაშვილი დავით - სამეფო სალაროს მუშრიბი, მდივან-მწიგნობარი 1681-1690 წწ.
  • ყორღანაშვილი გიორგი - სამეფო სალაროს მუშრიბი 1723-1743 წწ.
  • ბაინდურასშვილი ავთანდილ - სამეფო სალაროს მუშრიბი, მწიგნობარი, მდივანი 1736-1743 წწ.
  • ყორღანაშვილი დავით გიორგის ძე - სამეფო სალაროს მუშრიბი 1764 წ.


წყაროები და ლიტერატურა

  • ქისკ 2013: 121;
  • ქსის 1955: 211;
  • Сиасет-наме 1949: 33;
  • ჯავახიშვილი 1982: 309-310;
  • ლორთქიფანიძე 1954: 143-157;
  • სურგულაძე 1952: 194-195;
  • კეკელია, ქსე (7), 226;
  • ანთელავა 1983: 57-58;
  • გაბაშვილი 1942: 221.

წყარო

ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები