გოგოლი ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნიკოლაი გოგოლი-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ გოგოლი

ნიკოლოზ გოგოლი – (უკრ. Микола Васильович Гоголь, რუს. Никола́й Васи́льевич Го́голь; 1809-1852), უკრაინელ-რუსი მწერალი. რუსული ლიტერატურის, დრამატურგიის და საზოგადოებრივი აზრის განვითარებაში გოგოლის ადგილი განუზომლად დიდია. იგი სამართლიანად ითვლება კრიტიკული რეალიზმის ფუძემდებლად. მისი შემოქმედება ახალ ეტაპად იქცა რეალისტური ხასიათის დრამატურგიის განვითარებაში.

ცხოვრება და შემოქმედება

ნიკოლოზ ვასილის ძე გოგოლი დაიბადა უკრაინის ერთ-ერთ სოფელ სოროჩინსკში. მისი წინაპრები მღვდლები იყვნენ. გოგოლის ოჯახში მართლმადიდებელ წეს-ჩვეულებებს მკაცრად იცავდნენ. მისი მშობლებიც მორწმუნეები იყვნენ, ამიტომ ქრისტიანული სარწმუნოება მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებას ერთ-ერთ ძირითად ლაიტმოტივად გასდევს.

მამა წვრილი მემამულე იყო. მას კარგი განათლება ჰქონდა მიღებული, უყვარდა პოეზია და თეატრი, წერდა კომედიებს და თავად ასრულებდა მთავარ როლებს ოჯახურ სპექტაკლებში. დედა - ნიჭიერი ქალი იყო, მჭევრმეტყველი, საკუთარ ვაჟიშვილს ბავშვობიდანვე უნერგავდა დიდ სიყვარულს ეროვნული ხალხური შემოქმედებისადმი. დედის ზღაპრები და საუბრები ღრმად აღიბეჭდა ნიჭიერი ბავშვის ცნობიერებაში.

გოგოლმა ბავშვობა სოფელ ვასილიევკაში გაატარა. 1818 წელს იგი მშობლებმა პოლტავის სამაზრო გიმნაზიაში მიაბარეს, ხოლო ორი წლის შემდეგ გადაიყვანეს ნეჟინის გიმნაზიაში. აქ გატარებულმა წლებმა დიდი გავლენა იქონია მწერლის სულიერ განვითარებაზე, მის შეხედულებათა ჩამოყალიბებაზე. სწორედ აქ სწავლის პერიოდში გოგოლი ჩამოყალიბდა, როგორც მომავალი მწერალი და მოაზროვნე.

გიმნაზიაში სწავლის პერიოდში იგი ხარბად დაეწაფა მხატვრულ ლიტერატურას და თვითონაც დაიწყო წერა. ნეჟინში ცხოვრების დროს ყველაზე მეტად თეატრალური ხელოვნებით იყო გატაცებული. როგორც მსახიობი და მხატვარ-დეკორატორი, იგი ხშირად მონაწილეობდა სპექტაკლებში, რომლებიც ადმინისტრაციის ნებართვით გიმნაზიის თეატრის სცენაზე იდგმებოდა. ყველაზე უკეთ იგი კომიკურ როლებს თამაშობდა. მიუხედავად ამისა, გოგოლი მაინც სახელმწიფო სამსახურში შესვლაზე ოცნებობდა და გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ახალგაზრდული იმედებით შეპყრობილი, პეტერბურგისაკენ გაემართა. მას ჰქონდა მოლოდინი, რომ სატახტო ქალაქში თავისი შესაძლებლობების რეალიზაციისათვის დიდი ასპარეზი დახვდებოდა, თუმცა იმედი გაუცრუვდა.

1829 წელს მან შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთ დეპარტამენტში დაიწყო მუშაობა. კანცელარიაში ყოფნამ მას სახელმწიფო სამსახურისადმი ინტერესი დაუკარგა, სამაგიეროდ, იქ მდიდარი მასალა მოაგროვა თავისი მოთხრობებისა და პიესებისათვის.

პეტერბურგის ჩინოვნიკური, ბიუროკრატიული ცხოვრების გაცნობის შემდეგ, გოგოლი ხელს იღებს სახელმწიფო სამსახურის განზრახვაზე და კვლავ ლიტერატურულ ასპარეზზე ცდის ბედს. ამ დროისათვის მან უკვე დაბეჭდა რამდენიმე მოთხრობა უკრაინულ თემებზე, რომლებმაც მოწონება დაიმსახურა. 1831 წელს მან გაიცნო ალექსანდრე პუშკინი. დიდი რუსი პოეტი ახალგაზრდა პროზაიკოსის ლიტერატურული ხელმძღვანელი გახდა. სწორედ პუშკინმა მისცა გეზი მის შემოქმედებას, ჩამოაყალიბა და დახვეწა გოგოლის გემოვნება.

1831 წელს გოგოლმა გამოსცა უკრაინული მოთხრობების პირველი კრებული „საღამოები დიკანკის მახლობლად ხუტორში“ (პირველი ნაწილი). ამ კრებულმა საერთო აღტაცება გამოიწვია. ყველა დარწმუნდა, რომ გოგოლის სახით რუსულ ლიტერატურას უნიჭიერესი მწერალი შეემატა. გოგოლისთვის დაძაბული შემოქმედებითი წლები დაიწყო. ამ დროისათვის უკვე ჩამოყალიბდა გოგოლის მსოფლმხედველობა და ბოლომდე გამოვლინდა მისი შემოქმედების ძირითადი თავისებურებები. თავისი მხატვრული შემოქმედებით გოგოლი ებრძოდა ბატონყმობასა და მის ყოველგვარ გამოვლინებას სოციალურ თუ სულიერ სფეროში. იგი ქვეყნის ცხოვრების სტილს აკრიტიკებდა. გოგოლი უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდებოდა მწერლის მისიას. იგი წერდა: „მხოლოდ იმ მწერალს, რომელიც დაჯილდოვებულია შემოქმედებითი ნიჭით თავად შექმნას მხატვრული სახეები, უპირველეს ყოვლისა, მართებს, საკუთარ თავში აღზარდოს სამშობლოს მოქალაქე, ადამიანი და მხოლოდ ამის შემდეგ ხელი მოჰკიდოს კალამს“. იგი საკუთარ თავს მოვალედ თვლიდა, სამშობლოს მსახურებაში ყოფილიყო.

„პეტერბურგულ მოთხრობებში“ გოგოლმა შესანიშნავი ოსტატობით დაგვიხატა დიდი ქალაქის ცხოვრებისგან დაბეჩავებული და შევიწროვებული ადამიანების არსებობა.იდეურ-მხატვრული ღირსებით გოგოლის „პეტერბურგული მოთხრობები“ („ნევის პროსპექტი“, „პორტრეტი“, „შეშლილის წერილები“, „ცხვირი“ და „შინელი“) მის ცენტრალურ ნაწარმოებებს - „მკვდარ სულებსა“ და „რევიზორს“ უახლოვდება. მათში მწერალმა თავადაზნაურულ-ჩინოვნიკური პეტერბურგის სოციალური წინააღმდეგობები ამხილა, აჩვენა საოცარი კონტრასტები სიმდიდრის და სიღარიბის, უფლებამოსილების და ჩაგვრის, დახატა უსამართლობის მძიმე სურათები წვრილ ჩინოვნიკთა ცხოვრებიდან, გვიჩვენა ე. წ. „პატარა“ ადამიანთა ტრაგედია. „შინელი“გოგოლის შედევრია. ამ ნაწარმოების შემდეგ შეურაცხყოფილი და დამცირებული „პატარა ადამიანი“ რუსულ ლიტერატურაში ერთ-ერთი დიდი ფიგურა გახდა.

გოგოლმა დრამატულ ჟანრს ხელი მოჰკიდა იმ დროს, როდესაც რუსულ სცენაზე უშინაარსო მელოდრამა და ვოდევილი იყო გამეფებული. სოციალური დრამა რუსული სცენიდან განიდევნა, რადგან თეატრისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. იგი შეცვალა ფრანგულიდან გადმოკეთებულმა უშინაარსო ვოდევილმა და მელოდრამამ, რომელთაც არაფერი ჰქონდა საერთო რუსეთის ცხოვრებასთან, რუსი ხალხის ეროვნულ ხასიათთან და მათთვის დამახასიათებელ პრობლემებთან.

გოგოლი თეატრალურ ხელოვნებასა და დრამატურგიაში მთავარ პრინციპად რეალიზმს აღიარებდა. მისი აზრით, თეატრი ცხოვრების სარკე უნდა ყოფილიყო. თავის ნაწარმოებში „სპექტაკლის შემდეგ“ იგი წერს: „კომედია უნდა იყოს ჩვენი საზოგადოებრივი ცხოვრების სურათი და სარკე. მან ჩვენი ცხოვრება უნდა ასახოს სრული სიმართლით“. ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილება კი, გოგოლის აზრით, არ შეეძლო არც იაფფასიან ვოდევილს და არც ყალბპათოსიან მელოდრამას. რეალიზმის დამკვიდრებასთან ერთად, გოგოლი მოითხოვდა რუსული თეატრის დემოკრატიზაციას, მის ხალხურობას.

მწერალი დენის ფონვიზინისა და ალექსანდრე გრიბოედოვისრეალისტური ტრადიციების მემკვიდრე იყო. იგი აგრძელებდა პუშკინის გზას, ავითარებდა რუსულ კრიტიკულ რეალიზმს, რეალისტურ სატირას. გოგოლის სატირის თავისებურება იმაში მდგომარეობს, რომ იგი არსებული ბოროტებისა და უზნეობისათვის მხოლოდ თავის პერსონაჟებს კი არ აკისრებდა პასუხისმგებლობას, არამედ ყოველივე ამას გვიჩვენებდა, როგორც საზოგადოებრივ მოვლენას, განპირობებულს სოციალურ-ეკონომიკური სისტემით. ავტორმა ერთად შეკრიბა ყველანაირი გადაცდომა და უმსგავსოება, რაც რუსეთში იყო დამკვიდრებული და დაცინვის, დაუნდობელი მხილების საგნად აქცია იგი. გოგოლის სატირა ყველაზე თვალსაჩინოდ მის „რევიზორში“ გამოვლინდა. ეს არის რეალისტური სოციალური კომედიის ნოვატორული სახეობა. 1842 წელს გოგოლმა გამოაქვეყნა კომედია „ქორწინება“.

საინტერესოა გოგოლის შეხედულებები თეატრალური ესთეტიკის საკითხებზე. იგი წერდა, რომ „ჭეშმარიტება“ და „გაბრაზება“ ანუ რეალობის თამამად წარმოჩენა და მისი დაუნდობელი კრიტიკა, კომედიების მხატვრულ-ესთეტიკური პრინციპია. „სატირამ უნდა გამოავლინოს საზოგადოების საშინელი წყლულები“. გოგოლის კომედია, უპირველეს ყოვლისა, ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებდა.

მწერალი მწვავედ განიცდიდა რეაქციონერთა მტრულ დამოკიდებულებას. „თანამედროვე მწერალი, მწერალი კომედიისა, მწერალი მორალისა სჯობს სამშობლოდან გადაიხვეწოს“, - აღნიშნავდა იგი. გოგოლი მართლაც მალე გაემგზავრა საზღვარგარეთ. 1836 წელი მან გერმანიაში, შვეიცარიასა და საფრანგეთში გაატარა. საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში იგი მუშაობას იწყებს „მკვდარ სულებზე“. მწერლის მამხილებელი კრიტიკული რეალიზმი და გენიალური მხატვრული ნიჭი მთელი სისრულით სწორედ ამ ნაწარმოებში გამოვლინდა. მხატვრული კონცეფციის და მისი შესრულების, რუსული ყოფის დეტალების და მოქმედ გმირთა ხასიათების სიღრმისეული შრეების წარმოჩენის მხრივ, ეს ნაწარმოები სრულიად გამორჩეულ ადგილს იკავებს გოგოლის შემოქმედებაში.

„მკვდარ სულებში“ გოგოლმა უფრო მაღალ ხარისხში გვიჩვენა ბატონყმური საზოგადოების ღრმა მორალური გახრწნილობა, გაბატონებული კლასების სულიერი სიღატაკე. მწერალმა განსაკუთრებული ძალით გამოააშკარავა ამ ეპოქის არა მარტო ცალკეული უმსგავსოებები, არამედ მთელი ფეოდალურ-ბატონყმური სისტემის ლპობა და გადაგვარება.

გოგოლი გვიხატავს ამ მკვდარ სულთა გალერეას, მორალური სიმახინჯის განსახიერებებს, როგორც იმდროინდელი რუსული სინამდვილის ობიექტურ პროდუქტს. ესაა ჩიჩიკოვი - მლიქვნელი, კომბინატორი და სპეკულიანტი, ანტისაზოგადოებრივი პიროვნება, მოქნილი გაიძვერა, ენერგიული საქმოსანი, უხამსი და ცინიკოსი. ესაა მანილოვი - ზარმაცი, წმინდა პარაზიტი, კორობოჩკა - უაღრესად ჩამორჩენილი, ძუნწი ადამიანი, სობაკევიჩი - ხარბი, უძღები მესაკუთრის კლასიკური განსახიერება, ნოზდრიოვი - ქურდი, ლოთი, აზარტული მოთამაშე და ბოლოს პლიუშკინი - მებატონეთა სულიერი და მორალური, თავადაზნაურობის გახრწნის სიმბოლო, სიძუნწის განსახიერება. ასეთია ამ გადაგვარებულ ადამიანთა გალერეა, რომლებიც ყიდულობენ და ყიდიან „მკვდარ სულებს“. მართალია, გოგოლის „მკვდარი სულები“პროზაული ნაწარმოებია, მაგრამ დრამატურგიული თვალსაზრისით, ძალზე ღირებული ნაწარმოებია და მისი ინსცენირებული ვერსია დღესაც ძალზე წარმატებულად იდგმება თეატრის სცენაზე.

გოგოლი სასცენო ხელოვნების შესახებ

თეატრი განსაკუთრებულ ადგილს იკავებდა გოგოლის ცხოვრებაში. სცენისადმი სიყვარული მას ბავშვობიდან მოყვებოდა. თანამედროვე ხელოვნება, თეატრი და დრამა მისი მუდმივი ფიქრისა და ზრუნვის საგანი იყო. იგი გამუდმებით ეძებდა პასუხს კითხვებზე: რაში გამოიხატება ეროვნული ხელოვნების თვითმყოფადობა? როგორია რუსული თეატრის მომავალი? სად არის ის გზა, რომელსაც ჭეშმარიტიხელოვნების შექმნისკენ მივყავართ?

„1836 წლის პეტერბურგულ ჩანაწერებში“ გოგოლმა მის მიერ გააზრებული პროგრამა განათავსა. ამ პროგრამაში წარმოდგენილია დრამატურგის შეხედულებები თეატრის, სასცენო ხელოვნების საკითხებზე. გოგოლი ისევე, როგორც მისი პედაგოგი და მოძღვარი - პუშკინი, სახალხო, ეროვნული თეატრის იდეას უწევდა პროპაგანდას. მას არ აკმაყოფილებდა თანამედროვე პეტერბურგის სასცენო ხელოვნება, უპირველეს ყოვლისა, მისი რეპერტუარი. იგი წერდა: „ბალეტი და ოპერა - პეტერბურგის თეატრის მეფე და დედოფალია“. გოგოლის ასეთი შეფასება ნათლად მეტყველებს იმდროინდელი დრამატული თეატრის მდგომარეობაზე. იგი წერდა: „თეატრი ვაქციეთ საჩხარუნებლის მსგავს სათამაშოდ, რომელსაც ბავშვების თავშესაქცევად ვიყენებთ. ჩვენ გვავიწყდება, რომ თეატრი ის კათედრაა, საიდანაც ქვეყანას ბევრი კარგი რამ შეიძლება ვამცნოთ, ხალხის დიდ მასას ღირებული გაკვეთილი ჩავუტაროთ, მაგრამ „ჩამოსული სტუმრები“ – „ამაზრზენი მელოდრამები“ და ფრანგულიდან გადაკეთებული ვოდევილები მაყურებელში ვერ აღძრავს ვერც მაღალ ემოციებს და ვერც სერიოზულ აზრებს. ოპერაში ხანდახან მაინც გაისმის ხალხური მელოდიები, რუსული სიმღერების ჰანგები. დრამაში კი?! სად არის ჩვენი ცხოვრება? ჩვენი თვითმყოფადობა, უცნაურობები და ვნებათაღელვა? განა მსგავსი რამ გვინახავს ჩვენს მელოდრამაში? ძალზე უსინდისოდ ტყუის ჩვენი მელოდრამა.“ მწერალი ძალზე მაღალ მისიას აკისრებდა თეატრს.

გოგოლი ყურადღებას ამახვილებს კომედიაზე და სწორედ მასთან კავშირში აყალიბებს საკუთარ ესთეტიკურ შეხედულებებს. კომედიას იგი მიიჩნევს იმ ჟანრად, რომელიც სრულად პასუხობს ეროვნული კულტურის ტრადიციებს. სატირა მისთვის ყველაზე ახლობელი, ყველაზე მისაღები და ორგანული ჟანრია. გოგოლი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა სიცილს. საკუთარ კომედიებში მან საზოგადოებისთვის დამახასიათებელი მანკიერებები წარმოაჩინა, უფრო მეტიც, გროტესკისრანგში აიყვანა, როგორც პერსონაჟები, ასევე ცალკეული ეპიზოდები. მის ნაწარმოებებში იდეა, ზნეობრივი, მოქალაქეობრივი პოზიციაა მთავარი. გოგოლმა კომედიას საზოგადოებრივი მნიშვნელობა მიანიჭა, რამაც ბევრად განსაზღვრა მისი დრამატურგიის ნოვატორული ხასიათი.

გოგოლი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა მსახიობის საშემსრულებლო ოსტატობას. იგი აღნიშნავდა, რომ მდარე ხარისხის დრამატურგიული ნაწარმოები „აცარიელებს მსახიობის სულს“, აკნინებს მის შემოქმედებით შესაძლებლობებს. მას სურდა ამასთანავე, სცენაზე რუსული ხასიათები ეხილა. გოგოლი მართებულად მიიჩნევდა, რომ სცენაზერეალისტური რუსული ხასიათების შექმნა, მსახიობებისგან შესაბამისი საშემსრულებლო უნარების განვითარებას, სამსახიობო ოსტატობის სრულყოფას საჭიროებდა. თავად დრამატურგი როლის შესრულებისას მსახიობებისგან სისადავეს და უბრალოებას მოითხოვდა. გოგოლის კომედიები მსახიობის პროფესიული დაოსტატებისთვის შესანიშნავ საშუალებას იძლევა. მის კომედიებზე აღიზარდა თაობები და ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება.

გოგოლი რეჟისორის ფუნქციასაც ითავსებდა. იგი აქტიურად ერეოდა როლების განაწილების დროს. უფრო მეტიც, მსახიობებისთვის თავად წერდა პერსონაჟების დეტალურ დახასიათებას, ქმნიდა ერთგვარ სამოქმედო პარტიტურას, რომელიც მათ ეხმარებოდა როლის ინტერპრეტაციაში. მისთვის მთავარი იყო მსახიობთა შესრულებაში რეალისტური ტენდენციების ხაზგასმა. „როლზე მუშაობისას მსახიობმა უნდა გაიაზროს მთავარი - რისთვის არის მოწოდებული მისი პერსონაჟი, რას ემყარება მისი სცენური ცხოვრება. როცა მთავარი განსაზღვრულია, წვრილმანები თავად დალაგდება, ისინი ხომ როლის სხეულს და სამოსს წარმოადგენენ, და არა მის სულს“. გოგოლისთვის მსახიობი დრამატურგის თანაავტორია, „მსახიობი - შემოქმედი“ - წერდა გოგოლი შჩეპკინისთვის გაგზავნილ წერილში. დრამატურგს მიაჩნდა, რომ მსახიობზე ბევრადაა დამოკიდებული პიესის წარმატება, რადგან მას დიდი წვლილი შეაქვს როლის ინტერპრეტაციაში. „დრამა მხოლოდ სცენაზე ცხოვრობს, მის გარეშე, იგი სულს ჰგავს სხეულის გარეშე“- წერდა გოგოლი.

„რევიზორის“ დადგმისას გოგოლი მიზანსცენების დამუშავებაშიც აქტიურად მონაწილეობდა. ვლ. ნემიროვიჩ-დანჩენკო აღნიშნავდა, რომ გოგოლი სცენის შეგრძნების საოცარი უნარით იყო დაჯილდოებული. სპექტაკლის ანსამბლურობის საკითხი მისთვის გამუდმებული ფიქრისა და ზრუნვის საგანი იყო. გოგოლისთვის რეჟისორი, უპირველეს ყოვლისა, მხატვრულად მთლიანი სპექტაკლის შექმნას უნდა ემსახურებოდეს, შემოქმედებითი პროცესის სრულუფლებიანი წარმმართველი უნდა იყოს. ამასთანავე იგი აღნიშნავდა, რომ რეჟისორმა არ უნდა შეზღუდოს მსახიობის შემოქმედებითი ინიციატივა, პირიქით, სრული თავისუფლება უნდა მიანიჭოს მას, მაგრამ ყველაფერი სპექტაკლის მთავარ იდეას უნდა ემსახურებოდეს.

40-იანი წლების მეორე ნახევარი კრიზისის წლებია გოგოლის შემოქმედებაში. იგი აშკარად გრძნობდა თავისი შემოქმედებითი ენერგიის გამოფიტვას. მისი ჯანმრთელობა დღითი დღე უარესდებოდა. მწერალი ხშირად ფიქრობდა სიკვდილზე, კარჩაკეტილად ცხოვრობდა, გაურბოდა მეგობრებს, მთელ დღეებს საეკლესიო წიგნების კითხვაში ატარებდა. ცხოვრების ბოლო წლებში მას დაუახლოვდნენ ეკლესიის ბნელი მსახურები, ისარგებლეს მისი რელიგიურ-მისტიკური განწყობით და დაჟინებით მოსთხოვეს ხელი აეღო მწერლობაზე.

მნიშვნელოვანია გოგოლის როლი რუსული სასცენო ხელოვნების განვითარების ისტორიაში, რუსული სამსახიობო სკოლის ჩამოყალიბებასა და სადადგმო კულტურის განვითარებაში. გოგოლმამთელი ცხოვრება უმეცრებასა და უხეშობასთან დაუცხრომელ ბრძოლაში გაატარა. მან თვითმპყრობელურ რუსეთს სატირის გასაოცარი ძალით უკიჟინა, რათა ჩაგრული ხალხის თვითშეგნება გამოეღვიძებინა. გოგოლი სიცილის დიდოსტატი იყო, ოღონდ ეს იყო ცრემლნარევი სიცილი.

გოგოლის ნაწარმოებები დღემდე იდგმება როგორც მსოფლიო, ასევე ქართული თეატრის სცენაზე. ქართული თეატრის სცენაზე განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობდა გოგოლის კომედია „რევიზორი“. ამ კომედიამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეროვნული რეალისტური თეატრის შექმნაში, სასცენო ხელოვნების განვითარებაში.



წყარო

მსოფლიო თეატრის ისტორია წიგნი III

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები