ჩხეიძე ნიკოლოზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ნიკოლოზ ჩხეიძე-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკოლოზ ჩხეიძე

ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე - (დ. - 9.IV.1864, სოფ. ფუთი, შორაპნის მაზრა - გ. - 9.VI.1926, საფრანგეთი) - ქართველი სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტისა და დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. ადრეულ ასაკში გაიტაცა კარლ მარქსის იდეებმა და მისი თეორიის კარგი ცოდნისათვის თანამოაზრე ამხანაგებმა კარლო შეარქვეს.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია, რის შემდეგაც სწავლა განაგრძო უკრაინაში. 1887 წელს გარიცხეს ნოვოროსიისკის უნივერსიტეტიდან, რის შემდეგაც შევიდა ხარკოვის ვეტერინარულ ინსტიტუტში თავისუფალი მსმენელის რანგში, საიდანაც, დაუზუსტებელი ინფორმაციით, 1888 წელს გარიცხეს რევოლუციური იდეების გამო. 1892 წელს თანამოაზრეებთან ერთად აყალიბებს სოციალ-დემოკრატიულ ორგანიზაცია „მესამე დასს“. 1907-1912 და 1912-1917 წლებში იყო მე-3 და მე-4 სახელმწიფო სათათბიროების დეპუტატი და სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარე.

1917 წლის მარტიდან ოქტომბრამდე იყო პეტერბურგის, ხოლო შემდეგ სრულიად რუსეთის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე. 1918 წლის თებერვალში გახდა საკანონმდებლო ორგანოს - ამიერკავკასიის სეიმის თავმჯდომარე, ხოლო ამავე წლის 26 მაისიდან ჯერ ეროვნული საბჭოს (პარლამენტის), ხოლო შემდეგ დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. კაკი წერეთელთან და ბიქტორ თევზაიასთან ერთად, წარმოადგენდა ქართველ სოციალ-დემოკრატთა მემარცხენე, ყველაზე არანაციონალისტურ ფრთას, რუსული მენშევიზმის ნაყოფს. თუმცა, რესპუბლიკის არსებობის პერიოდში შეძლო ეროვნულ ინტერესთა შესაბამის სიმაღლეზე დადგომა. 1918 წლის ბოლოს დაინიშნა პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე გასაგზავნი ქართული დელეგაციის თავმჯდომარედ. ხელმძღვანელობდა ქართულ დელეგაციას ლონდონისა და სან-რემოს კონფერენციებზეც. ამ დროს თბილისი ხშირად მოწყვეტილი იყო ევროპასთან კავშირს და სწორედ კარლო ჩხეიძე, მთელ დელეგაციასთან ერთად, უწევდა კოორდინაციას საქართველოს ევროპულ მისიებს. არ უყვარდა რისკი. 1920 წელს სან-რემოს კონფერენციაზე, როდესაც მასზე იყო დამოკიდებული სომხეთთან შეთანხმების გაფორმება, ბათუმის გავლით გამავალი სომხური რკინიგზისთვის ექსტერიტორიული უფლების მინიჭების ხარჯზე, მან საკუთარ თავზე ვერ აიღო ასეთი გადაწყვეტილების მიღება. ერთი მხრივ, საქართველომ დაკარგა მეზობელთან შეთანხმების მიღწევის შანსი, ამით შეიარაღების მიღებასაც შეეშალა ხელი, ხოლო მეორე მხრივ ჩხეიძის პოზიცია გასაგები იყო, ის ვერ ივაჭრებდა საქართველოს ტერიტორიებით. ფრანგული კარგად ესმოდა, თუმცა ვერ ლაპარაკობდა. შესაბამისად, ლოიდ ჯორჯთან, კლემანსოსთან, ნიტისთან და მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ის ხელმძღვანელობდა დელეგაციას, მაგრამ უშუალოდ საუბარი მის ნაცვლად ირაკლი წერეთელს და ზურაბ ავალიშვილს მიჰყავდათ.

1921 წლის 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის მიერ განხორციელებულმა საქართველოს ანექსიამ იძულებული გახადა საზღვარგარეთ ემიგრაციაში გადახვეწილიყო, სადაც გააგრძელა აქტიური პოლიტიკური მოღვაწეობა. ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სოციალისტური პარტიები აქტიურად იწვევდნენ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისთვის (1921 წლის დანიის სოციალ-დემოკრატიის 50 წლისთავისადმი მიძღვნილი კოპენჰაგენის სოციალისტურ კონფერენციაზე; ბერლინში „ამსტერდამის პროფესიონალური ინტერნაციონალის“ კონფერენციაზე; ინტერვიუები ფინურ, დანიურ და გერმანულ ჟურნალ-გაზეთების კორესპოდენტებთან; ჩანაწერები ევროპის სოციალისტური პარტიებისა და II ინტერნაციონალის მოღვაწეებთან: ველსთან, მიულერთან, ლობესთან, ებერტთან და სხვა წევრებთან გამართული შეხვედრების შესახებ და სხვ).

საყურადღებოა კ. ჩხეიძის შრომები: „მარქსიზმი და ლენინიზმი“, „ბოლშევიზმის დახასიათება“, „ხუთი წელია ბოლშევიკები აბედნიერებენ საქართველოს“, სხვადასხვა სტატიები, სადაც ეხმაურება 1924 წლის აჯანყებას და სხვ. ემიგრაციაში მყოფი პარიზთან ახლოს მდებარე სოფელ ლევილში, ქართველთა მამულში, მეუღლესა და უმცროს ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. დიდ დახმარებას უწევდა საზღვარგარეთის უმაღლეს სასწავლებლებში მოსწავლე ქართველ სტუდენტებს, შეძლებისდაგვარად ზრუნავდა საქართველოში მოშიმშილე მოსახლეობისთვის დახმარების გასაწევად. მისი ინიციატივით ჟენევაში დაარსდა საქართველოს დახმარების საერთაშორისო კომიტეტი, რომელსაც შვეიცარიელი ჟან მარტინი ხელმძღვანელობდა.

1924-1925 წლებიდან კ. ჩხეიძის, ისევე როგორც ლევილში მცხოვრები სხვა ქართველების მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. შიმშილი, უსახსრობა და უიმედობა ფიზიკურ და სულიერ ტანჯვას ანიჭებდა, უკმაყოფილო იყო საბინაო პირობებითაც. გამოუვალ მდგომარეობაში მყოფმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. სიკვდილამდე ქაღალდზე ერთი ფრაზა დაწერა: „ჩემს სიკვდილში ბრალი არავის დასდვათ“. უგონო მდგომარეობაში მყოფი, საავადმყოფოში 4 დღეს აცოცხლეს, რის შემდეგაც გარდაიცვალა. დაკრძალეს პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.

დოდო ჭუმბურიძე

ლიტერატურა

  • სცსა, ფ. N2115;
  • გ. შარაძე, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა და საგარეო პოლიტიკა, თბ.,2003;
  • ის. რამიშვილი, მოგონებები, თბ., 2012.

იხილე აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები