ორესტესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ორესტესი(ბერძნ.) არგოსულ თქმულებათა გმირი, აგამემნონისა და კლიტემნესტრას ძე.

ორესტესი.
კრატერის ფერწერა (ძვ.წ. 370-360 წ.წ.), ნეაპოლი, ეროვნული არქეოლოგიური მუზეუმი

ორესტესი - აგამემნონისა და კლიტემნესტრას ძე.

ტროადან შინ ზეიმით დაბრუნებული აგამემნონი ვერაგულად მოკლეს კლიტემნესტრამ და მისმა საყვარელმა, ეგისთოსმა. მკვლელებს სურდათ თავიდან მოეცილებინათ ტახტის მემკვიდრე ორესტესიც, მაგრამ იგი შეიფარა ფოკისის მეფემ (სხვა ვერსიით, ის გადაარჩინა მისმა დამ, ელექტრამ, ან ძიძამ).

შვიდი წელი დაჰყო ორესტესმა ბიძის სასახლეში, სადაც დაუახლოვდა მის ძეს, პილადესს. როდესაც სრულწლოვანი შეიქნა, შურისძიება განიზრახა. დელფოს ორაკულმა მას დედისა და ეგისთოსის მოკვლა უბრძანა. ორესტესი დაბრუნდა მიკენში და პილადესის დახმარებით სიცოცხლეს გამოასალმა კლიტემნესტრაც და ეგისთოსიც.

დედის მკვლელობისათვის ერინიები სდევნიდნენ ორესტესს, რომელმაც დელფოს შეაფარა თავი. დელფოს დიდმა ღვთაებამ, აპოლონმა, მას ათენში წასვლა უბრძანა. ქალღმერთმა ათენამ არესის ბორცვზე ათენელი დიდებულები მიიწვია და ორესტესი სამსჯავროს წინაშე წარსდგა. იგი დედამისს ორმაგ დანაშაულში სდებდა ბრალს: მეუღლის მკვლელობასა და საკუთარი შვილების დაობლებაში. ერინიათა პასუხი კი ასეთი იყო: დედის მოკვლაზე უფრო მძიმე დანაშაული არ არსებობს. შურისძიება მხოლოდ იმ სისხლით ნათესავებზე უნდა აღსრულდეს, რომლებიც დედის მხრიდან არიან.

კლიტემნესტრას, ერინიათა აზრით, არ ჩაუდენია დანაშაული, რადგანაც ქმარი, რომელიც მოკლა, მისი სისხლით ნათესავი არ ყოფილა. აპოლონმა სცადა ორესტესის გამართლება. მან აღნიშნა, რომ მამა, ვითარცა სისხლით ნათესავი, უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე დედა. იგია ახალი სიცოცხლის შემოქმედი, დედა კი მხოლოდ აღვივებს მის ნაყოფს. შესაბამისად, კლიტემნესტრამ ჩაიდინა შემზარავი დანაშაული, რადგანაც შებღალა ქორწინების წმინდა წესი. ათენელ უხუცესთა ხმები ორად გაიყო და მხოლოდ ათენამ გადაწყვიტა ორესტესის ბედი: მან გაამართლა ორესტესი. განრისხებული ერინიები რომ დაემშვიდებინა, თავის ქალაქში მათი კულტი დააწესა. მას შემდეგ ერინიები ადამიანთა კეთილისმყოფელ ღვთაებებად იქცნენ და მათ ევმენიდები ეწოდათ.

ერთ-ერთი გავრცელებული მითოსი მოგვითხრობს ორესტესის ტავრისში მოგზაურობის ამბავს: ერინიების დევნით სასოწარკვეთილ ორესტესს აპოლონი ურჩევს, ეწვიოს სკვითიურ ტავრისს და იქიდან არტემისის წმინდა ხატი ჩამოიტანოს. ტავრისში იმყოფებოდა ორესტესის და იფიგენიაც, რომელიც ტროას ომის დაწყების წინ არტემისმა მსხვერპლად შეწირვას გადაარჩინა. ტავრისში ჩასული ორესტესი და პილადესი შეიპყრეს, რათა არტემისისათვის შეეწირათ მსხვერპლად. იფიგენია არტემისის ქურუმი იყო. სწორედ მას ეხებოდა მსხვერპლშეწირვათა აღსრულება. მან იცნო თავისი ძმაც, პილადესიც, გაათავისუფლა ისინი და მათთან ერთად საბერძნეთში გაიქცა. თან გაიყოლა არტემისის წმინდა ხატიც. აპოლონის სურვილი აღსრულდა.

ორესტესმა თავისი ცხოვრების ბოლო წლები მიკენში გაატარა. იგი ტახტზე აღზევდა და განაგებდა არა მარტო არგოლისს, არამედ სპარტასაც, რადგანაც ცოლად შეირთო მენელაოსის ასული ჰერმიონე. გარდაიცვალა ორესტესი არკადიაში, იგი დაკრძალეს სპარტაში.

ორესტეს სახე ლიტერატურასა და ხელოვნებაში

ორესტესის მითოსი ძველი სამყაროს ხელოვანთა მრავალ ქმნილებაში აისახა. საყოველთაო პოპულარობით სარგებლობს დღემდე ესქილეს ტრილოგია სახელწოდებით „ორესტეა“, სოფოკლეს „ელექტრა“, ევრიპიდეს „ელექტრა“, „ორესტესი“, „იფიგენია ტავრისში“. რასინის, კრებილონის, ვოლტერის, ალფიერის და სხვათა დრამებზე მრავალმა კომპოზიტორმა შექმნა ბრწყინვალე მუსიკალური ქმნილებები.

წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები