პანათენეები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პანათენეები(ბერძნ.) „ქალაქის მფარველი“ ათენას ანუ ათენა პალასის პატივსადები ზეიმი, რომელიც დააწესა ერიხთონიოსმა. თავდაპირველად პანათენეები ითვლებოდა მხოლოდ ათენელთა დღესასწაულად. მისი გამოცხადება სრულიად ატიკურ ზეიმად მეფე თესევსს მიეწერება. ათენის ტირანის პასისტრატოსის (ძვ.წ. 560-527 წ.წ.) ხანიდან პანათენეებს ოთხ წელიწადში ერთხელ ზეიმობდნენ, ყოველი ოლიმპიადის მესამე წელს. გადმოცემათა თანახმად, პისისტრატოსის ნებით, ადრე არსებულ საცხენოსნო და გიმნასტიკურ ასპარეზობებს დაემატა რაფსოდთა, ხოლო პერიკლესის (ძვ.წ. 495-429 წ.წ.) დროიდან – მუსიკოსთა აგონიც. პანათენეები იმართებოდა ჰეკატომბეონის თვის (აგვისტოს) ბოლოს. გამარჯვებულებს აჯილდოვებდნენ ზეთისხილის დიადემებითა და ზეთისხილის ზეთით სავსე ამფორებით (პანათენეების ამფორებით). ამ ზეიმში მონაწილეობდნენ არა მხოლოდ ატიკელები, არამედ სხვა ქალაქთა წარმომადგენლებიც.

პანათენეების უმთავრესი მოვლენა იყო სადღესასწაულო მსვლელობა, პომპეა, რომელიც სრულდებოდა ათენას დაბადების დღეს (28 ჰეკატომბეონს). ამ დროს ქალაქის მფარველ ღმერთქალს უძღვნიდნენ პეპლოსს (მოსასხამს), რომელსაც ათენელი გოგონები მთელი წლის მანძილზე ქსოვდნენ. საზეიმო სვლის მონაწილე იყო ათენის ყოველი მოქალაქე. ასეთი პროცესიაა გამოსახული პართენონის ერთ-ერთ ფრიზზე. პეპლოსს, რომელიც ერეხთეიონის ტაძარში შეჰქონდათ, აცმევდნენ ათენას ხის ქანდაკებას. დღესასწაულის ბოლოს იმართებოდა ჰეკატომბე – „ასი ხარის“ მსხვერპლშეწირვა. ეს იყო საერთო – სახალხო ნადიმი, სადაც მსხვერპლად შეწირულ ხართა ხორცს ჩამოარიგებდნენ ხოლმე. პანათენეებს ზეიმობდნენ ტროაშიც და იმ ქალაქებშიც, სადაც ათენას კულტი იყო გავრცელებული. ამ დღესასწაულმა ჩვ.წ. IV საუკუნემდე იარსება.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები