პრიაპოსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

პრიაპოსი(ბერძნ.) ბაღთა და ველთა ღვთაება, არვეთა შემწე, მეღვინეობის, მებაღეობისა და მეთევზეობის მფარველი. დიონისესა და ნიმფა ქიონეს ძე.

პრიაპოსი თავდაპირველად მცირეაზიული წარმოშობის ადგილობრივი ღვთაება უნდა ყოფილიყო. ჰომეროსთან და ძველ ავტორებთან იგი არ მოიხსენიება. მისი კულტი მოგვიანებით გავრცელდა მთელ საბერძნეთში. უფრო მეტი პოპულარობით პრიაპოსი რომში სარგებლობდა, სადაც ნაყოფიერების ღვთაებათა წრეში დაიმკვიდრა ადგილი. თანდათანობით იგი იქცა ავხორცულ სიამეთა ღმერთად. მისი სახელი იშვიათად გვხვდება მითებში, ისიც გამასხრებულად: ერთხელ კიბელემ, ღვთაებათა დიადმა დედამ, თავის დღესასწაულზე მიიწვია ღმერთები, ნიმფები და სატირები. სტუმრები უგონოდ დათვრნენ. ზოგი იდას მთის ფერდობისაკენ წაბორიალდა, ზოგი მდელოზე ნებივრობდა, ზოგიც ცეკვავდა. იქვე ჰესტიამაც მიაგნო მყუდრო ადგილს და ძილს მიეცა. ბაღთა მფარველი პრიაპოსი კი ამ დროს ქალღმერთებს და ნიმფებს დასდევდა. მან თვალი ჰკიდა ხეთა ჩრდილში მიძინებულ მშვენიერ ქალწულს, ვერ იცნო, ნიმფა ეგონა, მიეპარა და ალერსი მოუწადინა. უცბად მოხუცი სილენოსის მიერ მიტოვებულმა ვირმა ხმამაღლა დაიყროყინა. შეშინებულ ჰესტიას გამოეღვიძა. ნირწამხდარი პრიაპოსი კი სასწრაფოდ გაუჩინარდა.

ამ მითოსს იგავური ხასიათი უნდა ჰქონოდა. ეს იყო ერთგვარი გაფრთხილება მათთვის, ვინც უღირსად მოექცეოდა კერიის მფარველ ღვთაებას, ჰესტიას. არ არის შემთხვევითი, რომ სწორედ უმეცრების განმასახიერებელი ცხოველი, ვირი, აშინებს პრიაპოსს.

პრიაპოსს გამოსახავდნენ გრძელი სამოსით ტანშებურულ წვერებიან კაცად, სიუხვის რქითა და მცენარეული ნაყოფებით (ზოგჯერ ორმაგი ფლეიტით, ჩირაღდნითა და ნიღბით) აღჭურვილს. ასეთი ხისა და ქვის ქანდაკებები იდგა რომაულ ბაღებსა და ზვრებში.

არსებობს გამოთქმა: „პრიაპოსული ქმნილება“, რაც ფრივოლურ, უხამს ნაწარმოებს ნიშნავს.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები