ჟესტების ენა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჟესტების ენა – კომუნიკაციის ძირითადი საშუალება ყრუ-მუნჯთათვის. განასხვავებენ ჟესტების ენის ორ ტიპს:

1. ხელის მოძრაობითი (ჟესტიკულაციური) ნიშნებით ფაქტობრივად აღინიშნება ცალკეული ბგერა/ფონემა (უფრო ხშირად კი – ასო). კონკრეტული სიტყვა გადმოიცემა გარკვეული ჟესტიკულაციური ნიშნების იმ თანმიმდევრობით, რომელიც მოცემული სიტყვის ბგერით/ფონემურ შედგენილობას შეესაბამება. ამ ტიპის ენათაგან შედარებით გავრცელებულია ისეთი, რომელშიც სიტყვის აღნიშვნა იმეორებს მოცემული სიტყვის დაწერილობას. ამ უკანასკნელს მოიხსენიებენ როგორც თითებით ჩაწერილს (fingersplling).

2. ჟესტიკულაციური ნიშნებით აღინიშნება გარკვეული შინაარსი და ცნებები. ამ ტიპის ჟესტების ენას სხვაგვარად ნიშნების ენას (Sign Language) უწოდებენ. აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში შეიცვალა მეცნიერების დამოკიდებულება ნიშანთა ენის მიმართ. თავდაპირველი შეფასება, რომ ნიშანთა ენა უბრალოდ პანტომიმურია და გრამატიკულად დეფექტური, სინამდვილეს აღარ შეეფერება.

ბუნებრივ სამეტყველო ენასა და ნიშანთა ენას შორის არის როგორც განსხვავება, ასევე მსგავსება.

ძირითადი განსხვავებები: ბუნებრივი ენის ძირითადი თვისებაა ენობრივი ნიშნის ნებისმიერობა (პირობითობა). რაც ძირითადად გულისხმობს შემდეგს: საგნის ბუნება არ განსაზღვრავს მისი აღმნიშვნელი სიტყვის ბგერით შედგენილობას. სწორედ ნიშნის პირობითობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ერთსა და იმავე საგანს სხვადასხვა ენაში სხვადასხვა ბგერითი შედგენილობის სიტყვებით აღნიშნავენ. ნებისმიერობის (პირობითობის) საპირისპირო თვისებაა იკონურობა (სახეობრიობა), როცა აღსანიშნის ბუნება განსაზღვრავს აღმნიშვნელს, ანუ როცა აღმნიშვნელი აღსანიშნის ერთგვარ ხატს წარმოადგენს. ბუნებრივი სამეტყველო ენისთვის იკონურობა ნაკლებადაა დამახასიათებელი (გამონაკლისად შეიძლება ჩაითვალოს ე. წ ონომატოპეური (ხმაბაძვითი) სიტყვები.

ნიშანთა ენას კი, პირიქით, იკონურობის მაღალი ხარისხი ახასიათებს. მაგ., „მოსამართლეს“ შეესაბამება ნიშანი, რომელიც ხელების ჟესტიკულაციით აწონ-დაწონას გამოხატავს. იმის მიუხედავად, რომ ნიშანთა ენისთვის იკონურობაა დამახასიათებელი, ყოველ ჟესტურ ენაში იკონურობის პრინციპი სხვადასხვაგვარად ხორციელდება. მაგ., ამერიკულ ნიშანთა ენაში „ხე“ გადმოიცემა ვერტიკალურად აღმართული წინა მკლავითა და ხელის გაშლილი თითებით; დანიურ ნიშანთა ენაში ხელებით ჯერ შემოხაზავენ ხის მომრგვალებულ ზედა ნაწილს, შემდეგ კი – ხის ტანს; ჩინურ ნიშანთა ენაში ჯერ ხის ტანი შემოიხაზება და შემდეგ იწყებენ ხელები მოძრაობას ზემოთ ხის წვერის შემოსახაზავად. ამდენად, იკონურობის მიუხედავად, კონკრეტულ ენაში მოცემული საგნის აღმნიშვნელი ჟესტიკულაციური ნიშანი ცალსახად ვერ განისაზღვრება.

ნიშანთა ენების დიაქრონიულმა შესწავლამ გამოავლინა, რომ იკონურობის ხარისხი დროთა განმავლობაში კლებულობს. ამ თვალსაზრისით შედარებით დაწერილებითაა შესწავლილი ამერიკული ნიშანთა ენა (ASL), რომელიც ფრანგული ნიშანთა ენის მიხედვით შეიქმნა 200 წლის წინათ. ASL-ში „სახლი“, „შინ“ აღინიშნებოდა აშკარად გამჭვირვალე ნიშნით, რომელიც წარმოადგენდა ნიშნების კომბინაციას მნიშვნელობით „ჭამა“ და „ძილი“. დღეს ეს ნიშანი ისეთი გამჭვირვალე აღარ არის, იკონურობა დაიკარგა და იგი პირობით ნიშანს დაუახლოვდა.

ბუნებრივი ენა, ძირითადად, წრფივი სტრუქტურით რეალიზდება. ადამიანის მეტყველება არის ბგერათა ნაკადი, ბგერათა მიმდევრობა (სწორედ ამ წრფივ მიმდევრობაზე დაკვირვებით უნდა ამოხსნას ლინგვისტმა რთული ენობრივი მექანიზმი). ნიშანთა ენის რეალიზაცია კი სივრცულია, რაც თითქოს მეტ საშუალებას უნდა იძლეოდეს ენის რთული მექანიზმის წარმოსაჩენად.

ძირითადი მსგავსებები:

როგორც ბუნებრივ სამეტყველო ენას, ისე ნიშანთა ენასაც ახასიათებს დუალობა. საზოგადოდ, დუალობა გულისხმობს შემდეგს: მნიშვნელობის არმქონე მცირე რაოდენობის მინიმალური ერთეულებისაგან, მათი კომბინირების საფუძველზე, მიიღება მნიშვნელობის მქონე ერთეულთა საკმაოდ დიდი ბული კონფიგურაცია, არტიკულაციის 12 განსხვავებული ადგილი, ხელების 24 განსხვავებული მოძრაობა. ცალკე თითოეულ ამ პარამეტრს მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ მათ ახასიათებთ სიტყვათგანმასხვავებელი ფუნქცია.

როგორც ბუნებრივ ენას, ასევე ნიშანთა ენასაც აქვს გრამატიკა. ამ უკანასკნელის გრამატიკა შეიძლება რამდენადმე განსხვავებული იყოს შესაბამისი ბუნებრივი ენის გრამატიკული სტრუქტურისაგან. მაგ., ASL მორფოლოგიურად უფრო მდიდარია, ვიდრე შესაბამისი ბუნებრივი ენა. ASL-ს აქვს პირის, რიცხვის, ასპექტის, რესიპროკალობის (საურთიერთო) მორფოლოგიური კატეგორიები. რაც შეეხება სინტაქსურ კატეგორიებს, ბუნებრივ ენებში, განსაკუთრებით ევროპულ ენებში, სუბიექტი, ობიექტი, შემასმენელი ხასიათდება თავისი ადგილით წინადადებაში (რაც მოცემული ენისთვის დამახასიათებელ სიტყვათა რიგს განსაზღვრავს). ბევრ ენაში სიტყვათა ფიქსირებული რიგია, მაგ. ინგლისურისათვის დამახასიათებელია რიგი SVO. მაგრამ ASL-ში თითოეულ ძირითად სინტაქსურ კატეგორიას (როლს) აქვს თავისი ადგილი სივრცეში. ამიტომ, თუ წინადადება ორაზროვანია ბუნებრივ ენაში, ნიშანთა ენა იძლევა შესაძლებლობას, ორაზროვნება მოიხსნას.

დასასრულ, ნიშანთა ენის შესწავლა საინტერესოა სხვა თვალსაზრისითაც. მაგ., იმის გამო, რომ ნიშანთა ენა ბუნებრივ ენასთან შედარებით ნაკლებადაა ბიოლოგიურად შეზღუდული (რამდენადმე დამოუკიდებელია სუნთქვისაგან), იგი თითქოს ენასთან დაკავშირებულ კოგნიტიურ პროცესებზე დაკვირვების მეტ საშუალებას იძლევა.

უ. სოსელია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები