რომანოვების სასახლე ბორჯომში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რომანოვების სასახლე ლიკანში

რომანოვების სასახლე ბორჯომში (ლიკანის სასახლე) – ულამაზესი არქიტექტურული შედევრი საქართველოში, ჯავახეთში, მსოფლიოში აღიარებული კურორტის ბორჯომის მიმდებარედ, სოფ. ლიკანში. აგებულია 1892-1895 წლებში ფრანგი არქიტექტორის ლეონტინ ბენუას პროექტით, რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ რომანოვის (ნიკოლოზ I) ბრძანებით. მდ. მტკვრის ნაპირზე განათავსებული სასახლე, მრავალი წლის განმავლობაში, რუსეთის სამეფო ოჯახის რომანოვების საზაფხულო რეზიდენციას წარმოადგენდა.

სასახლე აშენებული იყო „ვილა მაროკოს სტილში“, მისი ყველა ფასადი ფორმით განსხვავებულია. შენობის მთავარი განსაკუთრებულებაა ევროპული დიზაინის ადაპტაცია ტენიან ცხელ კლიმატთან – სასახლე იდეალურად შეეთვისა ბორჯომის ხეობას და მიგნებული არქიტექურული გადაწყვეტების შედეგად შენობის შიგნით მუდმივი სიმშრალე და სიგრილეა.

ეიფელის ხიდი ბორჯომი-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზზე

სასახლეში დაცულია უნიკალური ექსპონატები, მათ შორისაა ნაპოლეონის მიერ რომანოვებისათვის ნაჩუქარი მაგიდა, ირანის შაჰის მიერ ნაჩუქარი სავარძელი, პირადად რუსეთის იმპერატორ პეტრე პირველის ხელით კაკლის ხის ფესვებისგან დამზადებული ისტორიული მაგიდა. სასახლეში არსებული თითქმის ყველა ნივთი ანტიკვარულია. საბილიარდო ოთახში ახლაც მწყობრშია რომანოვების დროინდელი ბილიარდი. ოთახში არსებულ რუსულ ღუმელზე იტალიური მწვანე კერამიკით გამოსახულია ბორჯომის ხეობაში ბინადარი ცხოველები. ასევე დაცულია რომანოვის კაბინეტი, რომელშიც შემდგომში იოსებ სტალინი მუშაობდა. ამ კაბინეტშია ორი ისტორიული ლურსმანი, რამდენადაც ორივე სტალინის მიერ არის დაჭედებული. ერთი საწერ მაგიდაზე ქუდისათვის და მეორე კედელზე კიტელის დასაკიდად. ეს კაბინეტი ბუხრით, ანტიკვარული ავეჯითა და მოზაიკური ჭერით აღმოსავლურ სტილშია გადაწყვეტილი. სასახლის მეორე სართულის „პეპლებიან ოთახში“ არის იმდროინდელი ორმხრივი სავარძელი, რომელსაც „გაბუტული შეყვარებულების“ სავარძელი ჰქვია.

ზღაპრული ბორჯომის ხეობა ლიკანის სასახლითა და მის ირგვლივ გაშენებული ბაღით, კიდევ უფრო ამძაფრებს მნახველში ქართული ბუნების მშვენიერების შეგრძნებას, ტოვებს მას სასიამოვნო შთაბეჭდილებების ბურუსში და სამუდამოდ უტოვებს სურვილს კიდევ და კიდევ ჩამოვიდეს სტუმრად ამ ღვთიურ ქვეყანაში.

არსანიშნავი ფაქტია, რომ ლიკანის სასახლის სიახლოვეს, მდ. ცემისწყალზე 1902 წელს, საფრანგეთში დამზადებული კონსტრუქციებით, მიხეილ რომანოვის შეკვეთით, ბორჯომ-ბაკურიანის სარკინიგზო ხაზზე, ააგეს ლითონის ხიდი, დაპროექტებული უდიდესი ინჟინრის ალექსანდრ გუსტავ ეიფელის მიერ. ხიდი ამჟამადაც ექსპლუატაციაშია.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები