რუსიშვილი რაჟდენ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რაჟდენ რუსიშვილი

რუსიშვილი რაჟდენ გრიგოლის ძე - (5.X.1900, თელავი - 15.I.1984, ილი, დიდი ბრიტანეთი) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი სტუდენტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი, ქართული ემიგრაციის ცნობილი წარმომადგენელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა თავად გრიგოლ გიორგის ძე ყორჩიბაშ-რუსიშვილისა და ნატალია ილიას ასული ჯანდიერის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო თელავში. დაამთავრა თბილისის გიმნაზია (1917). 1918 წელს სწავლა დაიწყო თბილისში ახლად გახსნილ ქართულ უნივერსიტეტში, სადაც ოჯახის ახლობლის, ივანე ჯავახიშვილის, რჩევით, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მას მუდამ ახსოვდა დიდი მეცნიერის შემდეგი შეგონება: „XX საუკუნე - ტექნიკის საუკუნე იქნება და ამ სფეროში საქართველოს კვალიფიციური სპეციალისტები დასჭირდება“. პეტრე მელიქიშვილის ხელმძღვანელობით დასპეციალდა ქიმიაში, რომელიც თავის სამოღვაწეო სფეროდ აირჩია. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის ბოლო პერიოდში, ივანე ჯავახიშვილის რეკომენდაციით, გაიგზავნა გერმანიაში სწავლის გასაგრძელებლად. გერმანიაში ჩასულს დახვდნენ ძმები ივანე და ალექსანდრე ნიკურაძეები, რომლებიც ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ 1919 წელს ჩავიდნენ თბილისის უნივერსიტეტის იმდროინდელი რექტორის, პეტრე მელიქიშვილის, რეკომენდაციით. დაამთავრა მიუნხენის უმაღლესი ტექნიკური სასწავლებელი. იქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ქიმიის დარგში და მოიპოვა დოქტორნჟინრის ხარისხი (1928).

მისი ნაშრომები იბეჭდებოდა გერმანიაში გამომავალ ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში. მათი თანაავტორი ზოგჯერ იყო მისი უახლოესი მეგობარი, ევროპის კონტინენტური კვლევის ინსტიტუტის დირექტორი, ფიზიკოსი ალექსანდრე ნიკურაძე. ახლო ურთიერთობა ჰქონდა ქართული და ჩრდილოკავკასიური ემიგრაციის ცნობილ წარმომადგენლებთან, მათ შორის, ეროვნულ გმირ ქაქუცა (ქაიხოსრო) ჩოლოყაშვილსა და გენერალ გიორგი კვინიტაძესთან, რომლებსაც ჯერ კიდევ საქართველოდან იცნობდა, როგორც თავისი მშობლების ახლობლებს, მწერალ გრიგოლ რობაქიძესთან, დაღესტნელ მხატვარ ჰალილ ბეგ მუსაიასულთან (მუსაევთან), რომელიც წარმოშობით ქართველი იყო, სტუდენტობის მეგობარ გიორგი მაღალაშვილთან და სხვ.

არასდროს ჩარეულა პოლიტიკაში და მხოლოდ ნაყოფიერ სამეცნიერო მოღვაწეობას ეწეოდა. მისი ხელმძღვანელობით მიუნხენში მოქმედი ქიმიური ლაბორატორიის სტუმართა შორის იყვნენ როგორც ქართველი, ასევე გერმანელი მოღვაწენი, მათ შორის, თომას მანი და სხვ. II მსოფლიო ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე საცხოვრებლად გადავიდა დიდ ბრიტანეთში, სადაც დასახლდა ქალაქ ილიში. აქტიურად განაგრძობდა სამეცნიერო მოღვაწეობას. იყო რამდენიმე მსხვილი სასურსათო ფირმის ტექნიკური კონსულტანტი. სამეცნიერო მივლინებით აგზავნიდნენ მსოფლიოს ცალკეულ ქვეყნებში, მათ შორის, ინდოეთსა და თურქეთში, სადაც იმოგზაურა ტაო-კლარჯეთსა და ჭანეთში. დიდი ბრიტანეთის მოქალაქის რანგში 1973 წლიდან რამდენჯერმე ჩამოვიდა საქართველოში დარჩენილი ნათესავების მოსანახულებლად. ქ. ილიში, ფილდსაიდის ქუჩაზე მდებარე საკუთარი ორსართულიანი სახლის ეზოში გაახარა ვაზი, რითაც განცვიფრებაში მოჰყავდა ამ ქვეყნის მცხოვრებნი.

გარდაიცვალა ილიში, საიდანაც მისი ფერფლი სამშობლოში გადმოასვენა დამ - დარია რუსიშვილმა (1904-1992). დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, თავისი ძმის, თერაპევტ გიორგი რუსიშვილის (1892-1958) გვერდით. მისი არქივი და სადოქტორო დისერტაცია დაცულია საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

ნიკო ჯავახიშვილი

ლიტერატურა

ნ. ჯავახიშვილი, რაჟდენ რუსიშვილი - ქართველი მეცნიერი უცხოეთის ცის ქვეშ (ფესვები, ტრადიციები, მოღვაწეობა), ჟურ. „ისტორიანი”, თბ., 2014, №12.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები