სტეფანე მტბევარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტეფანე მტბევარი — ( X ს. დასაწყისი) ჰაგიოგრაფი, საეკლესიო მოღვაწე (ტბეთის საეპისკოპოსო ტაძრის პირველი ეპისკოპოსი). გიორგი მერჩულე სტეფანე მტბევარს იმ ცნობილ მწერალთა შორის მოიხსენიებს, რომელთაგანაც მოელოდნენ თურმე თანამედროვენი გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების აღწერას. დაჩის მის მიერ თარგმნილი ეპიფანე კვიპრელის ფსალმუნთა განმარტება „განსაკითხავად“ (სარედაქციოდ) მისთვის მიუნდვია. სტეფანე მტბევარს ეკუთვნის აშოტ ერისთავთ-ერისთავის დავალებით 914-918 წწ. შექმნილი თხზულება — „გობრონის წამება“.

ნაწარმოებში აღწერილია ისტორიული სინამდვილე: 914 წ. საქართველო და სომხეთი ააოხრა არაბთა სარდალმა აბულ-კასიმმა. მან ალყა შემოარტყა ყველის ციხეს, რომელშიც ქართველი დიდებულნი გამაგრებულიყვნენ. ოცდარვა დღის შემდეგ არაბებმა ციხე აიღეს და აზნაურთა შორის უწარჩინებულესი გობრონი მიჰგვარეს აბულ-კასიმს. სარდალმა მას მაჰმადიანობის მიღება მოსთხოვა, გობრონმა იუარა და მას თავი მოჰკვეთეს. თხზულება ვრცლად არის შეზავებული ბიბლიური ტექსტებითა და თეოლოგიური მსჯელობებით. თხრობა ზოგჯერ საკმაოდ უხვევს მაგისტრალური ხაზიდან და მძიმდება. მწერლის თვალსაზრისი ხასიათდება ხაზგასმული საეკლესიო პროვიდენციალიზმით: (მტრის შემოსევა და ქვეყნის აკლება ღვთის რისხვაა, კაცთა უკეთურების სანაცვლოდ მიგებული. მწერალი ტენდენციურია მაშინაც, როცა ამგვარი ნაცვალგების ობიექტს მიუთითებს.

ამავე დროს, სტეფანე მტბევარი არაიშვიათად ახერხებს ჭეშმარიტი ხელოვანის ძალით მოგვითხროს ამბავი: „მოვიდეს და მოადგეს ციხესა მას ყველისასა, გარე შეადგეს კარვები იგი მათი, ვითარცა თოვლი, რომელნი ხუთისა სოფლისა საზღვართა და-ოდენ-ეტინეს იწროებითა, და საბელნი იგი კარვებისა მათისანი განერთხზნა ურთიერთას, რამეთუ ეს იყო ჩეულებაჲ დადგრომისა მათისაჲ, ნათესავთა მათ საძაგელთა უღმრთოთაჲ, ფიცხლად მოისართაჲ, რომელნი მჭამდეს ძაღლთა, თაგვსა, კაცსა და ყოველსა არაწმიდასა. და ესრეთ განემზადნეს ბრძოლად ფილეკავნებითა მრავლითა და სიმრავლე ტყორცებულთა მათ ისართაჲ შეიპყრობდა ჰაერსა მზისასა… და ოდესმე გამოეტევნიან სიმრავლენი იგი მზღვარსა არტაონისასა და რომელნი პოვნიან თივისა მკრებელნი და მსხვერტელნი ყანობირისა მათისანი, რომელნი შიმშილისაგან შიშსა სიკვდილისასა შეურაცხჰყოფდეს, შეკრიბნიან მახლობელად ციხესა მას, ვითარცა ცხოვარნი საჩვენებელად მათთა, და დაჭრნიან ხორცნი მათნი, და სისხლი იგი უბრალოჲ, ვითარცა მსხვერპლი სულნელი, შეიწირვოდის ღმრთისა, ვითარცა სისხლი იგი აბელისი მართლისაჲ, რომელთა რიცხვი იგი მათი ღმერთმან უწყის მხოლომან და ურიცხვნი იგი ერნი მართლმადიდებელთანი აჭარას და შავშეთს შეწყვდეულ იყვნეს, რომელნი, ვითარცა მკალნი, მოსჭამდეს ფურცელსა ხეთასა და მწვანილოვანსა ქვეყანისასა“. „გობრონის წამება“ რუსულად თარგმნა და გამოსცა მ. საბინინმა.


ტექსტი

  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები