სქემმღვდელმონაზონი გიორგი (გოგოლაშვილი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სქემმღვდელ-მონაზონი გიორგი (გოგოლაშვილი)

გიორგი – (გოგოლაშვილი გრიგოლ), (1836, სოფ. კურსები, ქუთაისის მაზრა, ქუთაისის გუბერნია, 25.12.1899, (ათონის მთა), სქემმღვდელმონაზონი.

დაიბადა აზნაურ ბეჟან ათანასეს ძე გოგოლაშვილისა და გულქან ყიფიანის ოჯახში. წერა-კითხვა, საღმრთო ისტორია, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი ჭელიშის მონასტერში შეისწავლა. 1853 წ. 15 ივნისს იმერეთის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (წულუკიძე) ჭელიშის მონასტერში მორჩილად განაწესა. 1856 წ. 8 იანვარს ჯრუჭის წმ. გიორგის მონასტერში გადაიყვანეს. 1856 წ. 10 მარტს ბერად აღიკვეცა და სახელად გერასიმე ეწოდა. 1858 წ. 8 იანვარს იმერეთის ეპისკოპოსმა გერმანემ (გოგოლაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1860 წ. 3 აგვისტოს კაცხის მაცხოვრის ამაღლების მონასტერში გადაიყვანეს. 1862 წ. 27 მაისს იმერეთის ეპისკოპოსმა წმ. გაბრიელმა (ქიქოძე) მღვდლად აკურთხა. 1865 წ. 20 ივნისს კაცხის მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ ნიკოლოზის (ნიჟარაძე) გარდაცვალების გამო, დროებით განაგებდა კაცხის მონასტერს. 1867 წ. 29 მაისიდან კვლავ ჯრუჭის მონასტერშია. 1868 წ. 28 სექტემბერს გელათის ღვთისმშობლის შობის მონასტერში განაწესეს, სადაც 1869 წ. 19 ივნისს ეკონომოსად და ხაზინადრად დაინიშნა. 1872 წ. 7 მაისს საგვერდული ებოძა. 1877 წ. 15 იანვარს ჯილდოდ სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1881 წ. იმოგზაურა და მოილოცა ათონის წმ. მთა და პალესტინა. შემორჩენილია მისი თხოვნის ბარათი ეპისკოპოს გაბრიელისადმი: „რადგან მსურს მოვილოცო იერუსალიმი და სხვა ადგილები, [გთხოვთ] განმათავისუფლოთ ეკონომოსის თანამდებობიდან, მომცეთ ბილეთი და გამიშვათ, მაგრამ სენაკი და წმინდა გიორგის ეკლესია ჩემს სახელზე დატოვეთ, მე ისევ დავბრუნდები“. უკან დაბრუნებულმა, ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, 1884 6. უკვე საბოლოოდ ათონის წმ. მთას მიაშურა, სადაც წმ. იოანე ღვთისმეტყველის ქართველთა სავანეში განაგრძო მსახურება. იქვე აღიკვეცა დიდ სქემაში გიორგის სახელით.

დეკანოზი (შემდგომში ეპისკოპოსი) პეტრე კონჭოშვილი, რომელმაც იმოგზაურა ათონის მთაზე, პირადად იცნობდა გიორგის და თავის წიგნში მის შესახებ წერდა: „ჩემთან იყვნენ ამ დროს ქართველთა სავანეს ძმანი მღვდელმონაზონი გიორგი, კაცი დიდად გამოცდილი სულიერს მოღვაწეობაში და მხცოვანი წლოვანობითა...“ მამა გიორგი (გოგოლაძე, აქ მამა პეტრე მის გვარს შეცდომით წერს) უკვე გარდაიცვალა 25-სა დეკემბერსა 1899 წელსა, და განვიდა ამიერ სოფლით; მისმა მართალმა სულმა დაუტევა თვისი ხორციელი საყოფელი იმ დღესა, როდესაც ქრისტეანეთა ეკლესია დღესასწაულობს ქრისტე მაცხოვრის ხორციელად შობასა, და ისრედაც რიცხვმცირე ქართველთა ძმათა სავანეს სამშობლოს გარედ მოაკლდა ეს ღირსი, მხნე, დიდი მოღვაწე და მშრომელი ძმა სასიქადულოდ საქართველოს ეკლესიისა და ერისა“.

დიაკ. გ. მაჩურიშვილი


წყაროები და ლიტერატურა

  • სცსა, ფ. 489, აღწერა 1, საქმე №17101.
  • კონჭოშვილი პ., მოგზაურობა იერუსალიმსა და ათონის მთაზე, თბ., 2010.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები