ტელქინები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტელქინები(ბერძნ.) ზღვის დემონები, პონტოსისა და გეას ვაჟები, პოსეიდონის თანამავალნი (სხვა ვერსიით, ტელქინებმა აღზარდეს პოსეიდონი, ისევე როგორც კურეტებმაზევსი).

ტელქინები ზღვის წიაღიდან იშვნენ და კუნძულ როდოსზე დასახლდნენ. მათ პირველებმა აღმოაჩინეს რკინისა და სპილენძის დამუშავების წესი და მთელ სამყაროში გაითქვეს სახელი, როგორც მჭედლობის ოსტატებმა. ტელქინებმა გამოუჭედეს კრონოსს ნამგალი, პოსეიდონს – სამკაპი. მათვე შექმნეს ღვთაებათა საკვირველი გამოსახულებანი და ოქროს ნატიფი სამკაულები. ისე შეიყვარეს ღმერთებმა ტელქინები, რომ მათ პატივსადებად როდოსს ზოგჯერ ტელქინიასაც კი უწოდებდნენ. ზღვის დემონებმა ამ კუნძულზე სამი ქალაქი დააარსეს: კამეიროსი, იალისოსი და ლინდოსი. გამოიგონეს წისქვილი და მრავალი კეთილი საქმე ასწავლეს მოქალაქეებს.

ჯადოსნურ ძალას ფლობდნენ ტელქინები. გრძნეული შელოცვებით შეეძლოთ გამოეწვიათ წვიმა, თოვლი თუ სეტყვა. შეეყარათ და გადაერეკათ ღრუბლები. მათ სხვადასხვა სახედ გარდაქმნის უნარიც გააჩნდათ. ზოგჯერ ტელქინები ღმერთთა და ადამიანთა საზიანოდაც იღწვოდნენ. ერთხელ მათ როდოსის მინდვრები მდინარე სტიქსის წყლით დაუტბორავთ, რის გამოც უნაყოფო გამხდარა ოდესღაც ეს დოვლათიანი მიწა. განრისხებულა აპოლონი (თუ ზევსი) და ტელქინები ამოუხოცავს. სხვა ვერსიით, როდოსი წყალში ჩაძირულა და ტელქინები კრეტაზე, კვიპროსზე, ლიკიასა თუ დელფოზე გადასახლებულან, სადაც მათი პატივსადები ზეიმები, „ტელქინიები“ იმართებოდა.

ტელქინთა მითოსში მეცნიერებმა ისტორიული სინამდვილეც აღმოაჩინეს. არქეოლოგებმა და გეოლოგებმა დაადგინეს, რომ ძვ. წ. XV საუკუნის შუა წლებში ტელქინების სამოსახლო კუნძული მართლაც დაუტბორავს წყალდიდობას. იქვე, მახლობლად მდებარე თერაზე კი ბუნებრივი კატასტროფა მომხდარა.



წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები