ტიმოთესუბნის მონასტერი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პანორამული ხედი

ტიმოთესუბნის (კიმოთესუბნის) მონასტერი (ინგლ. Timotesu-bani Monastery) – XII-XIII საუკუნეების მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი, ტიმოთესუბნის მონასტერი. მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ისტორიული თორის შუაგულში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა წაღვერიდან 3 კმ-ში, მტკვრის მარჯვენა შენაკადის მდ. გუჯარეთისწყლის მარჯვენა ნაპირზე. სამონასტრო შენობები განლაგებულია ტერასებზე, ტყიანი მთის ფერდობზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძარი, წმ. ბარბარეს სახელობის მცირე ეკლესია, სატრაპეზო, გალავანი, აგურის კამაროვანი ნაგებობა, რომელსაც გალავანში შესასვლელის ფუნქცია აქვს, საძვალე, სამონასტრო ნაგებობათა ნაშთი.

სამხრეთი კარიბჭის ფრაგმენტი
კომპლექსის მთავარი ნაგებობა – ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი აიგო თამარის მეფობის ეპოქაში (XII-XIII საუკუნეების მიჯნა) თორის ერისთავთ-ერისთავის, დიდი ქართველი პოლიტიკური მოღვაწის, მეჭურჭლე-თუხუცესის და მანდათურთუხუცესის შალვა თორელი-ახალ-ციხელის მიერ ძველი მონასტრის ნანგრევებზე. მანვე საგრძნობლად გააფართოვა მონასტერი. ტაძარი აშენებულია მოვარდისფრო ქართული აგურით.
ბარბარეს სახელობის ეკლესია
ტაძრის ზომებია: სიგრძე 13,8 მ, სიგანე – 20,0 მ, სიმაღლე (ჯვართან ერთად) – 28 მ. ჩახაზული ჯვრის ტიპის ცენტრალურ-გუმბათოვან ნაგებობას აღმოსავლეთ მხარეს საკურთხევლისა და პასტოფორიების სამი შვერილი აფსიდა აქვს. შიგნით გუმბათქვეშა კვადრატი დაყრდნობილია დასავლეთით ორ თავისუფლად მდგარ გეგმით რვაწახნაგა ბოძს და აღმოსავლეთით აფსიდის შვერილებს. მოგვიანებით, სხვადასხვა დროს, ტაძრისათვის დასავლეთის მხრიდან აგურის, ხოლო სამხრეთის მხრიდან – გათლილი ქვის კარიბჭეები მიუშენებიათ. საყურადღებოა, რომ ინტერიერში თაღებს მკვეთრი შეისრული ფორმა აქვთ. პროპორციების მხრივ ტიმოთესუბანი უფრო თანაბარზომიერია, ვიდრე ამ ჯგუფის სხვა ძეგლები. მისი ფასადები სრულიად მოკლებულია დეკორს, ისევე როგორც აგურით ნაშენი სხვა ტაძრები. გარკვეულ მხატვრულ შთაბეჭდილებას აქ ნაგებობის ფერი ქმნის, ფასადები მოვარდისფრო აგურისა და დუღაბის ფენების მონაცვლეობითაა შედგენილი. ტაძრის „სუფთა“ პერანგთან კონტრასტს ქმნის გუმბათის ყელი, ლეკალური აგურის ლილვებით გამოყვანილი თაღებით და კედლის შვეული სვეტებით. სარკმლების გარშემო ჩარჩოები კედლის სიბრტყეების ჩაღრმავებითაა მიღებული.
სამონასტრო ნაგებობათა ნაშთი

ძლიერ მხატვრულ ეფექტს ქმნის ფირუზისფერი კერამიკული ჩანართები გუმბათის ყელზე – ჯვრები და მძივივით ასხმული სხვადასხვა ზომის დისკოების სარტყლები შორიდან ძვირფასი ქვებივით ბრწყინავს. დიდი ფირუზისფერი დისკოებია ჩასმული მკლავების ფრონტონების კეხსა და სარკმელს შორისაც. აღსანიშნავია, რომ ტიმოთესუბანში გუმბათის ყელისა და სამხრეთი ფასადის სარკმლებში შემორჩენილია თავდაპირველი ალათები, კერამიკული მთლიანი დაფა შუაში შვეულ ხაზზე ამოჭრილი მრგვალი ნახვრეტებით. ალათები სარკმლის მთელ ღიობს ავსებდა, რის გამოც ეკლესიაში თავდაპირველად ნაკლები შუქი იყო ვიდრე ახლაა.

ტიმოთესუბნის ტაძარი უფრო მეტად თავისი ფრესკებითაა ცნობილი. ინტერიერი თავიდანვე ერთიანად იყო მოხატული. მხატვრობა შესრულებულია XIII საუკუნის დასაწყისში და თამარ მეფის ეპოქის ბრწყინვალე ძეგლთა რიცხვს მიეკუთვნება. შეიძლება ითქვას, რომ ტიმოთესუბნის ტაძარში ერთ-ერთი ყველაზე რთული მხატვრობაა თავისი პერიოდისათვის. მისი იკონოგრაფიული პროგრამა არაჩვეულებრივად მდიდარი და ტიპურად ქართულია.

ტაძრის ჩრდილოეთით სამონასტრო ნაგებობათა ნაშთია. ზედა ტერასაზე დგას XI საუკუნის თლილი ქვით ნაგები წმინდა ბარბარეს სახელობის მცირე დარბაზული ეკლესია. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი შენობების ნანგრევი. ცენტრალური ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით ქვისგან ნაგები თაღოვანი საძვალეა. გამოთქმულია ვარაუდი, რომ ეკლესიის ტერიტორიაზე უნდა იყოს დაკრძალული შალვა თორელ-ახალციხელი.

წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები