ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე - (1919 - 1930) - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. რედაქტორები ა. შანიძე და ს. ყაუხჩიშვილი. გამომცემელი უნივერსიტეტის გამომცემლობა.

1919-1920 წლებში „ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე“ გამოვიდა ერთ წიგნად, რომელშიც მასალა დაიბეჭდა ქართულ და ფრანგულ ენებზე. სარჩევიც ორენოვანია. შედგება სამი განყოფილებისაგან:

  • 1. სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტი;
  • 2. სამათემატიკო-საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი;
  • 3. სამკურნალო ფაკულტეტი.

რედაქციის წინასიტყვაობაში ნათქვამია: რომ „ტფილისის უნივერისტეტის მოამბე“ დაიბეჭდა 400 ცალი. ამათგან 250 ცალი ერთ წიგნად გამოიცა, ხოლო დანარჩენი 150 ცალი გაყოფილია სამ-სამ ნაწილად და ცალკე ნაკვეთებად ფაკულტეტების მიხედვით. „რადგან უნივერსიტეტს თავის სტამბა არ აქვს და სხვა სტამბები ტექნიკურად ისე არ არის მოწყობილი, რომ უნივერსიტეტის მოთხოვნები დააკმაყოფილოს, ამიტომ პროფესორთა საბჭომ გადაწყვიტა, რომ ამიერიდან თითოეულმა ფაკულტეტმა ცალკე გამოსცეს თავისი საკუთარი მოამბე“. კრებულში ფაკულტეტების მიხედვით იბეჭდება ცალკეული გამოკვლევები და შრომები, მაგ., სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის განყოფილებაში იბეჭდება: ი. ყიფშიძის „ასიმილაციისა და დისიმილაციის წესი ქართულსა და მეგრულში“, შ. ნუცუბიძის „ბუნებისათვის ცნებისა“, კ. კეკელიძის „ნაწყვეტი ქართული ჰაგიოგრაფიის ისტორიიდან (ცხოვრება ილარიონ ქართველისა)“, დ. უზნაძის „ლეიბნიცის Petites perceptIons-თა ადგილი ფსიქოლოგიაში“, აკ. შანიძის „ნასახელარი ზმნები ქართულში“, ს. ავალიანის „ხიზანი“, ე. თაყაიშვილის „შენიშვნები ზარზმის ეკლესიისა და მის სიძველეთა შესახებ“.

მეორე განყოფილებაში - სამათემატიკო - იბეჭდება პ. მელიქიშვილის ორი გამოკვლევა: „ჩვენი სასმელ-საჭმელის ქიმიური შემადგენლობა“ და „ჩვენი ღვინის ქიმიური შემადგენლობა“. ნ. ციციშვილის ”ამონიაკის განსაზღვრა ყველში“, ასევე თ. ბებურიშვილისა და ნ. ციციშვილის „კახური ღვინოების ანალიზი“ - საკმაოდ ვრცელი ნაშრომი, რომელსაც ახლავს ცხრილები, ანალიზების შედეგები და სხვ. ამ განყოფილებაში ორი ნაშრომი ფრანგულ ენაზეა დაბეჭდილი: მ. ნიკოლაძის „Sur une méthode nouvelle de la géorgie analytique” და ა. რაზმაძის „Deux propositions du calcul des Variations“.

მესამე განყოფილებაში - სამკურნალო - იბეჭდება სამი ნაშრომი მედიცინიდან. ესენია: მ. წინამძღვრიშვილის „შემთხვევა Biermer-ის პერნიციოზული ანემიისა“, ნ. მახვილაძის „პელლაგრის ოთხი შემთხვევა ტფილისში“ და ზ. მაისურაძის „თირკმელების თანდაყოლილი ანომალია (ნალისებრი თირკმელი)“.

მარი წერეთელი

ლიტერატურა

ტფილისის უნივერსიტეტის მოამბე, 1919/1920; გ. ბაქრაძე, ქართული პერიოდიკის ბიბლიოგრაფია 1819–1945, თბ., 1947.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები