უფლისციხის კოხტა სახლი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

უფლისციხის კოხტა სახლი - არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს უფლისციხეში შიდა ქალაქის შუა უბანში, მის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, ქარაფისპირა ტერასაზე. თარიღდება ადრინდელი ანტიკური და ელინისტური ხანის მიჯნით. 1967 წ. სპეცლურიია სამეცნიერო-სარესტავრაციო საწარმო სახელოსნომ კლდის გადახურვის ჩამოგლეჯილი და დაცურებული წინა ნაწილი რკინაბეტონის უწყვეტი კოჭით გაამაგრა.

აღწერილობა

კოხტა სახლი (11,15X6,5 მ) მთლიანად კლდეშია ამოკვეთილი, შენობა უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის თვალსაჩინო ნაგებობაა. კომპლექსში დაცულია ანსამბლის ძირითადი ნაგებობისათვის დამახასიათებელი ყველა მხატვრული და არქიტექტურულ-გეგმარებითი პრინციპი. ნაგებობა დაზიანებულია. შემორჩენილია ღია დარბაზის გვერდითი კედლების ქვედა ნაწილები, გადახურვის კამარის ჩრდილო-დასავლეთი კუთხე, წინა ოთახის ფასადის კედლის ზედა კუთხეები; კედლები ჩამოტეხილი და გამოფიტულია, შემორჩენილი ფრაგმენტებიც დაზიანებულია. კოხტა სახლი მრავალჯერ გადაუკეთებიათ: ოთახის კედლებში ამოუკვეთიათ უსწორო თახჩები, ოთახების იატაკსა და ეზოში ამოუთხრიათ სხვადასხვა დანიშნულების ორმოები (თონეების, საქსოვი დაზგების და ქილების ჩასადგმელი) და ხის ბოძებისა და ღობის, ჩასადგმელი ბუდეები.

კოხტა სახლი შედგება ღია დარბაზისა და ორი ოთახისაგან სამივე სათავსი განლაგებულია ერთ ღერძზე, ერთმანეთის უკან, კლდის ზედაპირი დამუშავებულია კარგად დეკორად გამოყენებულია ხისა და ქვის კონსტრუქციების იმიტაცია. შენობა უფლისციხის ანსამბლის ნაგებობათა შორის გამოირჩევა გარეგანი იერით, იგი მარტივი კუბის ფორმისაა, რასაც ქმნის მთავარი ფასადის თაღის ღიობი, დანარჩენი ფასადების სადა სიბრტყეები და ბანური გადახურვა.

ღია დარბაზი უკანა ოთახებზე ბევრად მაღალი, სწორკუთხა, წაგრძელებული მოხაზულობის ყოფილა, რაზეც მიგვითითებს კედლებისა და კამარის შემორჩენილი ნაწილები. დარბაზის თაღის ღიობი საზეიმო იერს აძლევს წინა ხედს. შენობის დანარჩენი ფასადები დამუშავებულია გლუვად. დარბაზის უკან მდებარე ორივე ოთახი ერთმანეთს შენობის ღერძზე გაჭრილი კარით უკავშირდება. წინა ოთახი მოგრძო სწორკუთხედია (6,3X3,2 მ), უკანა – თითქმის კვადრატულია (3,9X3,8 მ). ორივე ოთახის ჭერი ბრტყელია. წინა ოთახის ჭერი კლდეში ამოკვეთილი ხის კოჭოვანი გადახურვის კონსტრუქციის იმიტაციაა. კედლებს ზემოდან გასდევს პროფილირებული ლავგარდანი, რომელზედაც ორსაფეხურიანი „კოჭებია“ „დალაგებული“. ოთახის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ამოყვანილია თახჩები. ჩამონგრეულ სამხრეთი კედლის ზედა ნაწილზე შემორჩენილია ღია დარბაზიდან ოთახში შესასვლელის წირთხლის კვალი. კოხტა სახლის წინ კლდეში ჩაჭრილი მოსწორებული მოზრდილი ეზოა, რომელიც ქარაფის პირას შემოსაზღვრული იყო პარაპეტით.

წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები