ფიბროცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფიბროცემენტი (ლათ. fibra ბოჭკო, ძარღვი და ძვ. ფრანგ. ciment საშენი ხსნარი, დუღაბი, ხის ფისი < ლათ. caementum სამტეხლოს ქვა, უხეში ქვა, დუღაბის მოსამზადებელი დამსხვრეული ქვა < caedere ჩეხა, პობა, ჭრა, დანამცეცება) – საშენი მასალა, რომლის შედგენილობაში შედის ცემენტი (80-90%), მაარმირებელი ფიბრა (ბოჭკო) და მინერალური შემვსები.

პირველად, დაარმირებული პროდუქტი ცემენტის საფუძველზე მიღებული იქნა ავსტრიელი ლუდვიგ ჰაჩეკის (1856-1914 წწ.) მიერ მე-19 საუკუნის 90-იან წლებში. მან მაარმირებლად გამოიყენა აზბესტის ბოჭკო და შექმნა იმ დროისათვის შესანიშნავი იაფფასიანი ცეცხლ-, ტენ- და ცვეთამედეგი მასალა, რომელიც მთელ მსოფლიოში გახდა პოპულარული და ფართოდ გამოიყენებოდა მშენებლობებზე 1976 წლამდე, ვიდრე არ გავრცელდა აზრი აზბესტის მტვრის მავნებლობის შესახებ (იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს). შემდეგ დაიწყეს ფიბროცემენტში მაარმირებლად ცელულოზის, არამიდის, ბაზალტის და სხვა ბოჭკოების გამოყენება, რამაც ამერიკის, ევროპისა და აზიის სამშენებლო ბაზარზე გააჩინა უამრავი კონსტრუქცია, ნაკეთობა, დეტალი დამზადებული ფიბრებით დაარმირებული ცემენტის საფუძველზე.

კომპოზიტურ ცემენტში ქაოსურად განლაგებული ცელულოზის მოკლე ბოჭკოები მნიშვნელოვნად ზრდის ნაკეთობის (მაგ., ფილის) სიმტკიცეს, ტენმედეგობას, სიხისტეს ღუნვაზე, ამცირებს ტემპერატურული ხაზოვანი გაფართოების კოეფიციენტის სიდიდეს და ასრულებს მაარმირებელი მასალის მოვალეობას. არამიდის ბოჭკო ზრდის ფიბროცემენტის სიმტკიცეს, თერმოსტაბილურობას, დარტყმა- და ცეცხლმედეგობას, დიელექტრიკულ თვისებებს და უზრუნველყოფს კონსტრუქციის ნორმალურ მუშაობს დიდ ტემპერატურულ დიაპაზონში; ხოლო ბაზალტის ბოჭკოები მკვეთრად აუმჯობესებს სიმტკიცის მახასიათებლებს და ზრდის დრეკადობის მოდულის მნიშვნელობას. მინერალური დანამატები ზრდის ფიბროცემენტის ფილის შინაგან პლასტიკურობას, თვით ცემენტი კი კომპოზიტის მატრიცული (შემკვრელი) მასალაა.

ფიბროცემენტის ნაკეთობების, პირველ რიგში ფილების, წარმოებაში გამოიყენება ავტოკლავური დაწნეხის მეთოდები. ფილის დაწნეხის მომენტში წნევა შეადგენს 650 ნ/სმ2. შემდეგ მის გამყარებას სჭირდება 6-8 სთ. ამის შემდეგ ნაკეთობას ათავსებენ ავტოკლავში (ტემპერატურა 175°C, წნევა 10 ატმ.) ტემპერატურა და ორთქლის წნევა საბოლოოდ ასრულებენ გამყარების პროცესს. ასეთი ტექნოლოგიით დამზადებულ ნაკეთობას აქვს ერთგვაროვანი სტრუქტურა. ფიბროცემენტის ფილების დამზადება და გამოყენება რეგულირდება DIN EN 12467 ევროპული სტანდარტით.

თანამედროვე ფიბროცემენტი ეკოლოგიურად სუფთა მასალაა. მის შედგენილობაში არ შედის ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითად მოქმედი კომპონენტები, ფიბროცემენტური მასალები არ ევემდებარება კოროზიას, ლპობას, სოკოების გაჩენას; მდგრადია მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედებისადმი (ულტრაიისფერი გამოსხივების). აქვთ კარგი ბგერა- და თბოსაიზოლაციო თვისებები, მისი გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.

ფიბროცემენტი გამოიყენება სამხედრო, სამოქალაქო და სამრეწველო მშენებლობაში, არქიტექტურაში ვენტილირებადი ფასადებისათვის, ისტორიული შენობების რესტავრაციაში, ავეჯის წარმოებაში, შენობების სარემონტო სამუშაოებში, საკედლე პანელების, ტიხრებისა და მოსაპირკეთებელი ფილების (ფურცლების) დასამზადებლად. ფილებს აქვთ სასიამოვნი გარეგნობა და ფაქტურა, ფერთა დიდი გამა და ფაქტურა.

ფიბროცემენტის ნაკეთობების ერთ-ერთ სახეობას წარმოადგენს ფიბროცემენტის საიდინგი [საიდინგი – შენობის კედლების ჰორიზონტალურად განლაგებული ერთმანეთზე პირგადადებული მოსაპირკეთებელი მასალა, რომელიც ასრულებს უტილიტარულ (შენობის დაცვა ატმოსფერული ზემოქმედებისგან) და ესთეტიკურ (შენობის ფასადის მორთვა) ფუნქციებს]. გავრცელებულია ჩრდილოეთის ქვეყნებში.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები