ცემენტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცემენტი − (ძვ. ფრანგ. ciment საშენი ხსნარი, დუღაბი, ხის ფისი < ლათ. caementum სამტეხლოს ქვა, უხეში ქვა, დუღაბის მოსამზადებელი დამსხვრეული ქვა < caedere ჩეხა, პობა, ჭრა, დანამცეცება), მინერალური ჰიდრავლიკური შემკვრელი მასალების დიდი ჯგუფის კრებსითი სახელი. ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშენი მასალაა.

ცემენტის შედგენილობაში შედის სილიკატები და კალციუმის ალუმინატები – ნედლეული მასალების (კირქვები, თიხები, ბოქსიტები და ა.შ.) მაღალ ტემპერატურაზე დამუშავების პროდუქტები. ცნობილია ცემენტის წარმოების ორი მეთოდი – სველი და მშრალი.

ცემენტის ხარისხის მაჩვენებელია მისი მარკა. ამის გარდა, ცემენტი უნდა აკმაყოფილებდეს სტანდარტის მოთხოვნას შეკვრისა და გამაგრების სიჩქარეზე, დაფქვის სიწმინდეზე და სხვ. ცემენტის ყველაზე გავრცელებული და მნიშვნელოვანი სახეობაა პორტლანდცემენტი – ჰიდრავლიკური შემკვრელი, რომელიც მაგრდება წყალსა და ჰაერში. მისი წარმოების ტექნოლოგიური პროცესი შემდეგი ოპერაციებისაგან შედგება: კირქვებისა და თიხების მოპოვება, ნედლეული მასალების დამაკორექტირებელი დანამატების მომზადება მოცემული შედგენლობის ერთგვაროვან მასად, მისი გამოწვა ღუმელში და კლინკერის მიღება, კლინკერის დაფქვა წმინდად თაბაშირთან ერთად.

არსებობს ცემენტის სახეობები: ალიტური, ალუნიტური, ამორფული, ამოჭმის, ანჰიდრიდული, ბელიტური, ბოქსიტის, ბოჭკოვანი, გამოუწვავი, გაფართოებადი, გაჯიანი, დამძაბავი, დეკორატიული, ზოგადსამშენებლო, თაბაშირიანი, თაბაშირთიხამიწიანი გაფართოებადი, თაბაშირწიდიანი, თეთრი, თერმოპლასტიკური, თვითძაბვადი, თიხამიწიანი, კვარცის, კაჟფთოროვანი, კირნაცრიანი, კირპუცოლანიანი, კირწიდიანი, კლინკერის, მაგნეზიური, მარმარილოს, მაღალი მარკის, მჟავაგამძლე, ნელამჭიდი, ნეფელინური, პერიკლაზური, პლასტიფიცირებული, პოლიმიქტური, პორტლანდის, პუცოლანიანი, რეგენერაციული, სატამპონაჟო, სილიკატური, სორელის, სპეციალური, სულფატმედეგი, სულფოალუმინატური, სწრაფმყარებადი, სწრაფმჭიდი, უწესრიგო-მარცვლოვანი, ფერადი, კრუტიფიკაციური, შერეული, შეუკლები, ცელიტური, ძაბვადი, წიდამაგნეზიური, წიდის, წყალუჟონადი, წყალუჟონადი გაფართოებადი, წყალუჟონადი შეუკლები, ჰაიდელბერგის, ჰიდრავლიკური, ჰიდროფობური და სხვ.

ცემენტის მიღების და შენახვის წესი

ცემენტის გაგზავა და მიღება ხდება პარტიებად. ყოველ პარტიას უნდა ახლდეს პასპორტი, სადაც აღნიშნული იქნება: ქარხანა, ცემენტის სახეობა, გარანტირებული მარკა (კლასი), დანამატის სახეობა და რაოდენობა, ნორმალური სისქელე, გამოშვების თარიღი. ტრანსპორტირებისა და შენახვის დროს ცემენტი უნდა დავიცვათ ტენისა და გაჭუჭყიანებისაგან, შევინახოთ ცალ-ცალკე მარკისა და სახეობის მიხედვით. შესანახ ბუნკერში ცემენტების შერევა დაუშვებელია.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები