ქართული წელთაღრიცხვა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქართული წელთაღრიცხვა – უძველეს დროში ქართველები მთვარის კალენდრით სარგებლობდნენ, რომლის მიხედვით წელიწადში 354 დღე-ღამეა. შემდგომ, ძვ. წ. V საუკუნეში (ზოგიერთი მოსაზრებით I ს-ში), მთვარის კალენდარი შეცვალა მზის კალენდარმა, რომლის მიხედვით წელიწადი 365 დღე-ღამისაგან შედგებოდა. ძვ. წ. I ს-ში (ან ახ. წ. I ს-ში) შემოიღეს ნაკიანი წლების სისტემა.

საქართველოში ერთდროულად არსებობდა სხვადასხვა წელთაღრიცხვის სისტემა: ირანელი შაჰების, ბიზანტიელი კეისრებისა და გაერთიანებული საქართველოს მეფეთა მეფობის წლები. არსებობდა სხვადასხვა რელიგიური ერა ანუ წელთაღრიცხვის სისტემა (ერა ქვეყნის შექმნიდან, ქრისტეს დაბადებიდან, ჯვარცმა-აღდგომიდან, ქორონიკული ერა). ქრისტიანულ საქართველოში მიღებული იყო წელთაღრიცხვის სამი სისტემა, სამი ერა; (ტერმინი „ერა“ აღნიშნავს მოვლენას ან მომენტს, საიდანაც წარმოებს დროის ათვლა).


1. წელთაღრიცხვა დასაბამითგანით. ეს არის განვლილი დრო ღმერთის მიერ ქვეყნის შექმნიდან, ანუ „ადამითგან ქრისტეს შობამდე“ – ჩვენი ერის დასაწყისამდე.

ძირითადად ცნობილია „დასაბამითგანის“ შემდეგი წლები:

5198 წელი – ევსევი კესარიელისა;
5492 წელი – პანოდორე ალექსანდრიელისა;
5500 წელი – ანიანე ალექსანდრიელისა;
5508 წელი – ბიზანტიელებისა (ბიზანტიური ერა).

ქვეყნის შექმნის ერებიდან ყველაზე უფრო გავრცელებული იყო 5508-წლიანი ბიზანტიური და 5604-წლიანი ქართული ერა.

ქართული „დასაბამითგანი“ 5604 წელს ანგარიშობს, რომელსაც საფუძვლად დაედო დამწერლობის შემოღების ქართული წარმართული თარიღი – ძვ. წ. 284 წელი. ცნობილი „ჭეშმარიტებაა, რომ 5604-წლიანი ერა მხოლოდ ქართველებს ჰქონდათ, და ამ ერით ქართველები სარგებლობდნენ, თუ უფრო ადრე არა, VIII საუკუნიდან მაინც, და აქედან ცხადია, რომ ქართველები წლის დასაწყისად 25 მარტს იყენებდნენ (იტალიელებზე და ფრანგებზე ადრე). შესაძლებელია, რომ 25 მარტიდან წლის დაწყება პირველად ქართველებმა შემოიღეს“ (დ. ცხაკაია).

25 მარტი და 1 იანვარი ყოველთვის კვირეულის ერთი და იგივე დღესაა ნაკიანი წლების შემთხვევაში, რაც აადვილებს გადასვლას ისეთი კალენდრიდან, რომელიც იწყება 25 მარტს, იულისისეულ კალენდარზე, რომელიც 1 იანვარს იწყება. ასეთი გადასვლების არსებობა დასტურდება საქართველოს მუზეუმებში დაცული XI და XII საუკუნეების ტრაქტატებში მოცემული წესებიდან.


2. წელთაღრიცხვა ქორონიკონით. ქორონიკული ერა და მასთან ერთად მარტის სტილის წელიწადი VIII - IX საუკუნეების მიჯნაზე შემოვიდა. ეს იყო წელთაღრიცხვა 532-წლიანი ციკლით. 532-წლიან პერიოდს მოქცევა ეწოდებოდა.

5604-წლიანი ერით ახ. წ. 780 წ-ს საქართველოში დასრულდა ქორონიკონის 12 ციკლი. 781 წლიდან დაიწყო მე-13 მოქცევა, რომელიც დამთავრდა 1312 წელს. 1313 წ-ს დაიწყო მე-14 მოქცევა, რომელიც 1844 წ-ს დამთავრდა.

ქართული „დიდი ქორონიკონი“ (ახ. წ. 780 წ.) და ქართული დასაბამითგანი – ძვ. წ. 5604 წელი ქრონოლოგიურ ურთიერთკავშირშია, ისინი ერთმანეთს აპირობებენ:

532 × 12 = 6384; 5604 + 780 = 6384.

როგორც ქორონიკული წელთაღრიცხვა, ისე ქართული დასაბამითგანი აგებულია 532-წლიან ციკლზე. რიცხვი 532 განსაკუთრებით მოსახერხებელია ყოველგვარი საკალენდრო გამოთვლის დროს: 532 = 19 × 28, სადაც 19 – მთვარის ციკლია, ხოლო 28 – მზის ციკლი.


3. წელთაღრიცხვა ქრისტესით მთელ ქრისტიანულ სამყაროში ერთნაირი იყო. მისი საწყისია ქრისტეს დაბადების დღე ამ საწყისიდან წარმოებულ დროს ჩვენს ერას ან ახალ წელთაღრიცხვას ვუწოდებთ.

ისტორიულ ამბებზე, რაც ქრისტეს დაბადებამდე მომხდარა, მივუთითებთ, როგორც ძველად მომხდარს და წლებს ვანგარიშობთ იმავე საწყისიდან, მათ მატებას კი – შებრუნებული მიმართულებით.

ყოველი ერი წელთა აღრიცხვას იწყებს თავისი ცხოვრების რომელიმე შესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით.

ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა თავისი წარმოშობით დაკავშირებულია ძვ. წელთაღრიცხვის 284 წელთან. ამ წელს დამთავრდა ათი 532-წლიანი მოქცევა ქართული დასაბამითგან და დაიწყო მე-11 ქორონიკონი. ალექსანდრე სვანიძის „ვარაუდით ქართული ქრონოლოგიის საწყისია 284 წელი ძვ. წელთაღრიცხვისა და ეს თარიღი დაკავშირებულია იბერიის დამოუკიდებელი სამეფოს დაარსებასთან“. ეს არის თარიღი საქართველოს (იბერიის) დამოუკიდებლობის გამოცხადებისა და ფარნავაზიანთა დინასტიის დამკვიდრებისა საქართველოში.

ფარნავაზ მეფის ზეობის საწყის თარიღად, „ქართლის ცხოვრების“ ქრონოლოგიური მონაცემების საფუძველზე, უნდა მივიჩნიოთ ძვ. წ. 303-302 წლები.

„ქართლის ცხოვრება“ გვაუწყებს: „ამან (ფარნავაზ) განავრცო ენა ქართლისა, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“.

ფარნავაზის მეფობის დროს ჩამოყალიბდა ერთიანი ქართული სახელმწიფო, განმტკიცდა მეფის ხელისუფლება, განხორციელდა მნიშვნელოვანი სამხედრო-ადმინისტრაციული და ეკონომიკური, კულტურული ხასიათის სახელმწიფოებრივი რეფორმები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ერთიან საქართველოში სრულიად ქართული სახელმწიფო ენის შემოღება, რომელსაც საფუძვლად დაედო აღმოსავლურ-ქართული (ქართლის) დიალექტი, ხოლო სრულიად ქართულ სახელმწიფო დამწერლობად შემოღებულ იქნა ქართული ასომთავრული ანბანი.

მაშასადამე, ქართული ანბანი ძვ. წ. 284 წელს კი არ შეიქმნა, არამედ 284 წელს ქართული ასომთავრული ანბანი გამოცხადდა სრულიად ქართულ სახელმწიფო დამწერლობად.

ზემო მსჯელობიდან გამომდინარე, ქართული ასომთავრული ანბანი გაცილებით ადრეა შექმნილი (ალბათ, ძვ. წ ≈V საუკუნეში), ვიდრე ფარნავაზის მიერ მისი შემოღების წელს.

ძვ. წ. 284 წელი საფუძვლად დაედო ქართული ქორონიკონის სისტემას.

წელთაღრიცხვის შემოღება კალენდარული სისტემის შემოღების გარეშე შეუძლებელია. ამიტომ ცხადია, თუ ძვ. წ. 284 წლიდან შემოღებულია ქართული ეროვნული წელთაღრიცხვა, იმავე წლიდან უნდა შემოღებულიყო წლის აღრიცხვის კალენდარული სისტემა.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები