ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ – ქართული სახოტბო პოეზიის ძეგლი, რომელშიც განდიდებულია ქართული ენა. ტექსტის ისტორიულ-ფილოლოგიური და მსოფლმხედველობრივი ასპექტების მიმართ ინტერესი გასცდა პროფესიონალთა წრეს და ფართო განსჯის საგნად იქცა.

ძეგლი (ვარიანტები: „ქებაჲ ქართულისა ენისაჲ“, „ქართულისა ენისათჳს“) შემონახულია ოთხი ნუსხით, რომლებიც სინას მთის ქართული კოლექციის სხვადასხვა კრებულშია ჩართული (ერთი კრებული ამჟამად პეტერბურგში ინახება) და რომელთა გადამწერად დღემდე იოანე-ზოსიმე ითვლებოდა. ბოლო დროს გაირკვა (ლ. ხევსურიანი), რომ მისი ხელით მხოლოდ სამი ნუსხაა გადაწერილი, მეოთხის გადამწერი უცნობია. ტექსტი აღმოაჩინა (1883) და პირველად გამოაქვეყნა (1888) ალ. ცაგარელმა. მომდევნო გამოცემები ეკუთვნის ნ. მარს (1902), პ. ინგოროყვას (1924), სინური მრავალთავის ვარიანტისა ა. შანიძეს (1959). შემდეგ „,ქებაჲ...“ ბევრჯერ გამოქვეყნდა, უკანასკნელად, კრიტიკული ტექსტი - ლ. ხევსურიანის მიერ.

ხელნაწერთა მონაცემებით, გაურკვეველია, თუ ვინ არის ხოტბის ავტორი. მკვლევართა ნაწილი (კ. კეკელიძე ზ. გამსახურდია და სხვ) ავტორად X ს. ცნობილ საეკლესიო მოღვაწეს იოანე-ზოსიმეს ასახელებს. პ. ინგოროყვას მტკიცებით, ნაწარმოები შექმნილია გიორგი მერჩულეს (X ს.) ან მისი სკოლის წარმომადგენლის მიერ, რომელსაც გამოუყენებია „მერჩულეული“ ფორმა თავედი ალიტერაციისა. მკვლევართა უმრავლესობას „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ უფრო ადრინდელ, ზოგს IV ს. ძეგლადაც კი მიაჩნია.

„ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“ რვა მუხლისაგან შედგება. მათგან ზოგიერთის ინტერპრეტაცია გარკვეულ სირთულესთანაა დაკავშირებული. გასათვალისწინებელია ავტორის აზროვნების სტილი, რომელიც ეფუძნება ბიბლიას და მისტიკა-ალეგორიებით გამოირჩევა.

ავტორისათვის, საღვთო წერილიდან გამომდინარე ენა და ერი ერთი და იგივეა. ხოტბის სიტყვები: „დამარხულ არს ენაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ ქართული დღემდე მეორედ მოსვლისასა…” უნდა გულისხმობდეს შემდეგს: ბიბლიის თანახმად, ადამიანის პირველსახე ცოდვის გამო გადაგვარდა, მაგრამ მისი სხეული კი არ მოისპო, არამედ დაიმარხა, „მიწად დაეფლა“, რათა კვლავ აღდგეს. ცოდვამდელი სხეულით შემკობა ყოველი მორწმუნის იდეალია. ვინც თავის თავში სულით და ხორცით შეინახავს ამ სხეულს, ის მარხულია და აღდგება „მერმისსა მას საუკუნესა“. ქართული ენაც „დამარხულია“. მეორედ მოსვლისას, როდესაც აღდგება პირველქმნილი ადამი და ყველა მკვდარი, ქართული ენაც აღდგება. თანაც, აღდგება იმისათვის, რომ „ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“, ე. ი. მეორედ მოსვლის ჟამს ღმერთი ყოველ ხალხს („ყოველსა ენასა“) ამ ენით განსჯის და გაასამართლებს.

მეხოტბის აზრით, „დამარხული“ ქართული ენის პროტოტიპი არის ქრისტეს მეგობარი ლაზარე. ლაზარე მოკვდა და სამი დღე-ღამე სამარეში ესვენა, მეოთხე დღეს კი მაცხოვარმა აღადგინა (იოანე II, 1-44). ავტორს სწამს, რომ ლაზარეს მსგავსად „ოთხისა დღისა მკუდარი“ ქართულიც აღდგება. იქვე განმარტებულია ოთხი დღის საიდუმლო აზრი ხანგრძლივობის თვალსაზრისით: „რამეთუ წელი ათასი, ვითარცა ერთი დღეი“ (შდრ. ფს. 89, 4). მეხოტბეს შემთხვევითობად არ მიაჩნია ის ფაქტი, რომ მხოლოდ ქართულ ენაზე ამეტყველებული მათეს სახარება იწყება „წილ“ ასო-ნიშნით (წიგნი შობისა…“). წილის რიცხვითი მნიშვნელობა ოთხი ათასია, რაც მეოთხე დღეს ლაზარეს მკვდრეთით აღდგომასთან ასოცირდება. ძეგლში აღნიშნულია: ლაზარეს ჰყავდა დები – მარიამი და მართა, რომელთა შუამდგომლობით ქრისტემ სამარიდან გამოიხმო ლაზარე. ქართულ ენას „ახალი ნინო და ჰელენე დედოფალი“ ჭირისუფლობენ. ლაპარაკია საქართველოს განმანათლებელ წმ. ნინოსა და რომის პირველი ქრისტიანი იმპერატორის დედაზე ელენეზე. ეს პარალელი ქართული ენის საიმედო მომავალზე მიგვანიშნებს.

ქართული ენა, განაგრძობს ავტორი, „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსვლისა უფლისასა“. აუცილებელი არაა, აქ ერისა თუ ენის კონკრეტულ-ისტორიული მდგომარეობა ვიგულისხმოთ. ქრისტიანული თვალსაზრისით, ვინც ან რაც შემკულია „სახელითა უფლისაჲთა“, ის „ნათლისღებით დაფლულია“, მარხულია (დამარხულია), საფლავს მდებარე ლაზარეა ისტორიის დასასრულამდე. ყველა, ვინც ღვთისგანაა, წუთისოფლის თვალში მდაბალი, დაწუნებული და მოძულებულია (შდრ. იოანე 15, 18-25). ქართული ენაც დაფლულია „სიკუდილითა ნათლისღებითა მისისაითა“ (შდრ. რომ. 6, 3-4). ამიტომაც მოელის იგი „დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა“. ხოტბის ავტორი აქ რომ პოლიტიკურ კლიმატსა და ენის სოციალურ დამცრობას გულისხმობდეს, მაშინ სხვა ენების გვერდით მოიხსენიებდა ქართულს და აღნიშნავდა მის უუფლებობას, როგორც ამას, მაგალითად, იოანე საბანისძე (VIII ს.) აკეთებს. შესაძლოა, ეროვნულმა კრიზისმა მისცა იმპულსი მამულიშვილს, დაფიქრებულიყო მშობელი ერისა და ენის ბედზე, მათ ადგილზე სხვა ერებსა და ენებს შორის და განეცხადებინა: რაკი ქართული ენა ნათელდებულია, იგი წუთისოფელში მძინარეა და, მაშასადამე, გაღვიძებისა და აღდგომის მოლოდინშია.

ხოტბის ავტორი ქართულ ენას ღირსებად უთვლის იმას, რომ ის, სხვა ენებთან შედარებით, 94 წლით ადრეა შექმნილი და, ასევე, ანბანის ასო-ნიშან „წილს“. პირველი არგუმენტი ჯერჯერობით გაურკვეველია; ვერც ერთი მკვლევარი მას დამაჯერებელ ახსნას ვერ უძებნის. რაც შეეხება მეორეს, უკვე ითქვა, რომ მისი არსი ტექსტშივეა გაცხადებული ქართული ენის ღვთიურობა მეხოტბის რწმენაა, ქართველთა ქრისტიანობის საფუძველზე შეთვისებული. უნდა ვიფიქროთ, რომ ავტორი ქართულ ენაში გულისხმობს ამ ენის ქრისტიანისებულ შრეს, ანუ მარაგს, რითაც აღესრულება ღვთისმსახურება. ეს შრე თუმცა გამოხატვით ქართულია, მაგრამ არსობრივად განუყოფელია საღვთო და სამღვდელო ენისაგან, რომელიც რეალურად არც ქართულია და არც ბერძნული. ამ ენაში ქართულ ენასაც უდევს წილი. როდესაც მაცხოვარი სოფელს გაასამართლებს, მის „სიტყვაში“ ყველა ნათელღებული ენის შინაგანი, სულიერი (და არა ვერბალური) შრე თანაბრად გასაჩინოვდება.

მაშასადამე, „ქებაჲს“ ტექსტს თავისებური წაკითხვა სჭირდება და, ასე ეთქვათ, -ც ნაწილაკის აღდგენა.

რწმენა, რომ ქართველები არავისზე ნაკლები არ არიან და, ქრისტეს მოძღვრებიდან გამომდინარე, არც შეიძლება იყვნენ, საქართველოს ეკლესიის ნაციონალიზაციისა და სრული ავტოკეფალიისათვის ბრძოლის საფუძველთაგან იყო. ეს ბრძოლა ერის თვითშემეცნებისა და კულტურული გამოღვიძების, საქართველოს გაერთიანების პარალელურად მიმდინარეობდა. ტაო-კლარჯეთში საფუძველჩაყრილი ამ თაოსნობის მძლავრი იმპულსი სწორედ ღეთისმსახურების ქართულ ენაზე აღსრულება გახდა. ამ პათოსითაა შთაგონებული გიორგი მერჩულეს ცნობილი სიტყვები: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირეის…“. მშობლიურ ენაზე წირვა-ლოცვა ამა თუ იმ ეკლესიის ავტოკეფალიის, ანუ თავისთავადობის ერთ-ერთი ნიშანი იყო. სულისკვეთება და რწმენა, რომ ქართველ ერსა და ქართულ ენაშიც ღვთიური მადლია და რომ ეს ენა ნებისმიერი „ქრისტიანი ენის“ თანასწორი და თანაარსია, VIII-IX სს-ში გამძაფრდა და ხოტბაც ამ ეპოქაში უნდა შექმნილიყო.

ნ. პაპუაშვილი

წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები