იოანე საბანისძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოანე საბანისძე (VIII ს.) – პროზაიკოსი, ავტორი ჰაგიოგრაფიული თხზულებისა „წამებაჲ წმიდისა და ნეტარისა ქრისტეჲსისა ჰაბოჲსი“.

იოანე მოთხრობილ ამბავთა მომსწრე იყო, ამასთან, თავისი პერსონაჟის მეგობარი. თხზულება მან დაწერა ქართლის კათალიკოსის სამოელის შეკვეთით 786-790 წლებში. კათალიკოსი ფრიად მაღალი წარმოდგენისა ყოფილა საბანისძის ნიჭსა და განათლებაზე. დანამდვილებით გარკვეული არ არის, სასულიერო პირი იყო იოანე თუ საერო.

„აბოს წამება“, ჩვენამდე IX-XI საუკუნეთა ხელნაწერებით მოღწეული, ოთხი თავისგან შემდგარი, მებრძოლი სულისკვეთებითა და ეროვნული ოპტიმიზმით გამსჭვალული ნაწარმოებია. იოანე საბანისძემ ამ თხზულებაში სანიმუშოდ გამოკვეთა და ნაციონალური თვითშეგნების ფაქტად აქცია ქართულ მწერლობაში V საუკუნიდან დასახული ტენდენცია — მარტვილის ეროვნულ გმირად აღიარება. მან აღწერა არაბთა ბატონობა ქართლში და თანამედროვეთ გაუსიგრძეგანა ქვეყნის სარწმუნოებრივი და ეროვნული დამცირების ტრაგიკული სურათი; ადრე სპარსელთა, ხოლო შემდეგ არაბთა ბატონობის ხანაში სარწმუნოებრივ-ეროვნული ასიმილაციის გზაზე დამდგარი ქართველებისთვის ეროვნული კატასტროფის საფრთხე ცხადად გამოიკვეთა არაბებმა „მრავალნი შეაცთუნნეს და გარდადრიკნეს გზისაგან სიმართლისა რომელნიმე მძლავრებით, რომელნიმე შეტყუვილით, რომელნიმე სიყრმესა შინა უმეცრებით, რომელნიმე მზაკვარებით“. არაბთა მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია: „აღვერიენით ერსა უცხოსა, შჯულითა განდგომილსა ქრისტესგან, ნათესავსა საწუთროჲსა ამისი მოყვარესა, სარწმუნოებისა ჩვენისა მაგინებელთა, რომელთაგან ვისწავენით საქმენი მათნი და ვჰმონებდით გულისთქმასა გულთა ჩვენთასა მიბაძვებითა მათითა“. თუ სარწმუნოებრივი და ეროვნული ტრადიციებისადმი გულგრილობა კვლავაც ასე გაზარდაო პირადი კეთილდღეობისკენ ლტოლვამ, — აფრთხილებს თანამედროვეთ მწერალი, — იმათი ძალაც დაიშრიტება, ვინც დღეს ერთგულ დარაჯად უდგას მამულს: „და სხვანი, რომელნი ესე ვართ მორწმუნენი, მძლავრებასა ქვეშე დამონებულნი და ნაკლულევანებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა ქვეშე მათსა გვემულნი და ქენჯნილნი, ძვირ-ძვირად ზღვეულნი, შიშითა განილევიან და ირყევიან, ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“. სად არის ხსნა, როგორ ვუშველოთ უფსკრულის პირას მდგარ ერს? ეროვნული სულის გადასარჩენად საჭიროა განმტკიცება ქრისტიანობისა; მხოლოდ ქრისტიანობის დროშის ქვეშ, ეროვნული ეკლესიის წიაღში შევინარჩუნებთ ეროვნულ თვითმყოფობას.

ერის პოლიტიკური უფლებააყრილობის, ეკონომიკური ჩაგვრისა და სულიერი გადაგვარების ამ მრუმე ფონზე საბანისძემ გამოკვეთა შინაგანი თავისუფლების, ქედუხრელობისა და სარწმუნოებრივი თავდადების შუქით გასხივოსნებული არაბი ჭაბუკის აბო თბილელის სახე.

აბო 775 წ. გამოჰყვა ბაღდადიდან ქართლის ერისთავს ნერსეს. თბილისში აბო ახლოს გაეცნო ქრისტიანობას და მისდამი სიმპათიებით განიმსჭვალა. მალე ნერსე ერისთავი იძულებული გახდა ქართლი მიეტოვებინა და დიდი ამალით ხაზარეთს გადასულიყო. აბოც მის მხლებელთა შორის იყო და იქ მოინათლა. როცა ერისთავს ქართლში დაბრუნების საშუალება მიეცა, აბოც თბილისს ჩამოვიდა. აქაურმა არაბებმა იგი რჯულის მიტოვებისთვის თბილისის ამირასთან დაასმინეს. ამირამ ვერც სიკვდილის მუქარით, ვერც დაყვავებით და სიმდიდრის აღთქმით დაუბრუნა არაბი ჭაბუკი მაჰმადიანობას. ათი დღის პატიმრობის შემდეგ, 786 წლის 6 იანვარს აბოს თავი მოჰკვეთეს. გვამი დაწვეს, ფერფლი და ძვლები ცხვრის ტყავში შეახვიეს და მტკვარში ჩაყარეს.

აბოს თავდადების ფაქტში მწერალი ღრმა იდეურ შინაარსს ჭერეტს: აბომ „იმარტვილა მეოხად ჩვენდა და ყოვლისა ამის სოფლისა ჩვენისა ქართლისათვის“; იგი „ყოველსა ამას სოფელსა ჩვენსა ქართლისასა მეოხად მიენიჭა“. ქართლისთვის დაკლული და დამწვარი ტარიგის სისხლი და ფერფლი ამაღორძინებელ მანანად ეპკურება თანამემამულეთა დაშრეტილ სარწმუნოებრივ გრძნობას: „შენ გამო, წმიდაო მოწამეო, სიყვარული იგი ქრისტესი ჩვენდამო და სარწმუნოება ჩვენი მისა მიმართ კვალად განახლდა“. მწერალი კონტრასტის გზით „თვალსაჩინოებს მოვლენის აზრს: ჩვენ, ქართველნი, რომელნიც ხუთასი წელიწადია ქრისტიანენი ვართ, ვირყევით რწმენის გზაზე და ამ დროს „გამოჩნდა ახოვნად წმინდაი ესე მოწამეჲ, არა თუ პირველითგანავე ჩვენგანი იყო, არამედ უმეცარი, სარწმუნოებისა ჩვენისა უცხოჲ, უცხოთა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა, ღმერთსა ჩვენსა, შეემეცნა“. აბოს ღვაწლმა ხუთასწლოვან ქართულ ქრისტიანობას შარავანდედი, ხოლო ქართველებს მამულის გამოხსნის იმედი აღუდგინა. ამ ფაქტის მეოხებით იოანე საბანისძე ქართველებს ადარებს და გვერდში უყენებს ისეთ დიდ ერს, როგორიც იყვნენ ბერძნები: „არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოებაჲ ესე ღმრთისამიერი მოიპოვეს, არამედ ჩვენცა, შორიელთა ამათ მკვიდრთა. აჰა, ესერა, ქართლისაცა მკვიდრთა აქვს სარწმუნოებაჲ და წოდებულ არს დედად წმიდათა“.

იოანე საბანისძის „ღმრთივ მიმადლებული“ ნიჭი ყველაზე მეტად მხატვრულ აზროვნებაში ვლინდება. მის ნაწარმოებში მოქცეულია სულ სხვადასხვა შინაარსის მასალა (პირადი წერილები, პოლიტიკურ-ისტორიული სინამდვილე, პიროვნების ბედი, თეოლოგიური განმარტებანი, ჰიმნი). მწერალი ქმნის უაღრესად ჰარმონიულ მხატვრულ სამყაროს. პოეტური ფანტაზია ბატონობს ყველაფერზე. ეს თხზულების ნათელ და მწყობრ კომპოზიციაში მჟღავნდება. პირველი თავი — „მოხსენებაჲ წმიდისა ჰაბოჲსი“ არის შესავალი, რომელშიც ქვეყნის პოლიტიკური და ეროვნული ვითარებაა წამოსახული. აბოს თავგადასავალი მოთხრობილია მეორე-მესამე თავებში. მეოთხე თავი — „ქებაჲ ჰაბოჲსი“ ამბის თხრობისგან თავისუფალია, ესაა ჰიმნი აბოსი და პოეტური შეჯამება მისი ღვაწლისა. კომპოზიციური მთელის ამ ოთხ, ურთიერთში ჰარმონიულად გარდამავალ ნაწილს აქვს დამატებითი მინაშენი, ერთიგვარი „მისასვლელი“ შენობასთან: წერილი შემკვეთელისა მწერლისადმი და იოანეს პასუხი. აქვეა ნაწარმოების გეგმა ოთხივე თავის სათაურის დასახელებით. მკაცრად ლოგიკური და შინაგანად შეკრულია ოთხივე თავის კომპოზიციური ნახატი. აქ ვერ შევხვდებით გადახვევებს თხრობის მაგისტრალური ხაზიდან. საკმაოდ რთულად ვითარდება ნაწარმოების სიუჟეტი. პირველ თავში სიუჟეტური ქსოვილი აშკარად ბატონობს ფაბულაზე; „ამბავი“, რომელიც დაახლოებით ათიოდე წინადადებაში მოთავსდებოდა, ხატოვან პანორამად და დინამიური განცდების რელიეფურ სახეებადაა გაშლილი. მეორე თავში სიუჟეტური ქსოვილი თხელია, ამბავი მხოლოდ დრო და დრო არის გაცოცხლებული ხატებად. მესამე თავის დასაწყისსა და ბოლო მონაკვეთებში ფაბულა და სიუჟეტი ერთიმეორეს ემთხვევა, პირველი რეალიზებულია მეორეში. მთელი თხზულების მასშტაბით მხატვრულად უძლიერესია მესამე თავის მონაკვეთები: პატიმრობის ცხრა დღე, ამირასთან უკანასკნელ დაკითხვაზე წაყვანა და საუბარი. აქ ამბავი მინიმუმამდეა დაყვანილი, სიუჟეტი უღრმეს შინაგან მოძრაობათა სურათებად წარმოგვიდგება. მეოთხე თავს ფაბულა არა აქვს.

იდეური ჩანაფიქრის სიფართოვისა და პუბლიცისტური პათოსის სიძლიერის მიუხედავად, იოანე საბანისძე მშრალ ქადაგებას არ მიმართავს; სათქმელს მოძებნილი აქვს გამომსახველობითი საყრდენი, იდეას საგანთა ცოცხალი ხატი გამოაშუქებს. აბოს პიროვნება და ღვაწლი ნატიფი ტროპებითაა გამოკვეთილი: „ქრისტემან ისმაიტელთა შორის, ვითარცა ვარდი ეკალთაგან გამოგარჩია და მოგიპყრა თვისსა ეკლესიასა. შენ, ველური ეგე ზეთისხილი, მოგიღო ქრისტემან და მტილსა მას შინა თვისსა სამკვდრებელსა ნაყოფად კურთხევისად დაგნერგა“. ჩვეულებრივი, „პროზაული“ მიზანდასახულობაც - მკითხველის შემზადება ნაწარმოებში შესაყვანად - უაღრესად პოეტური სტილითაა განხორციელებული დასაწყისშივე: „მომაპყრენით საჩინონი ეგე სასმელნი თქვენნი და უფროჲსღა საცნობელნი ეგე ყურნი გულისა და გონებისა თქვენისანი განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმნენით სიტყვათა ამათ ჩემთა, შეიწყნარენით კარავსა გვამისა თქვენისასა და სავანე განუმზადეთ, რამეთუ უფალსა ჰნებავს დამკვიდრებად ასოთა შინა თქვენთა“. აბოს სახეში ჩვენს წინაშე გადაშლილია რთული, დრამატული შიმაგანი ცხოვრება და გამოკვეთილია პიროვნული თვითშეგნება დამცირებული, შეურაცხყოფილი ადამიანისა, რომელსაც უზენაესი სიყვარულის საფასურად ოქრო-ვერცხლი შეაძლიეს. მწერალი გმირის სულის სიღრმისეულ განათებას მიმართავს, აქ სასოებისა და იდეალთან თანაზიარების ნათელი პოეტური სამყარო პიროვნული ტკივილისა და ადამიანური ძრწოლის განწყობითაა შემღვრეული. ამის დამადასტურებელია სურათები იმ მტანჯველი ცხრა დღისა, როცა ციხის საკანში თავისთავთან დარჩენილი აბო შიშითა და ახოვანებით, ცრემლითა და ღიმილით ერკინება კარს მომდგარ სიკვდილს, თავისივე თავის განსამტკიცებლად ღაღადებს: „ჯერარს ჩემდაცა დღესა ამას, რაჲთა განვიძარცო შიში ხორცთა ამათ ჩემთა, რომელნი სამოსელ არიან სულისა ჩემისა…“ ანდა: „დაღათუ ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკვდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალო, ჩემ თანა ხარ“.

იოანე საბანისძე უაღრესად გამჭვირვალე, სახეობრივად მეტყველ დიალოგებს ქმნის. პერსონაჟის მისივე სიტყვით ხატვის საუკეთესო მაგალითია ამირასა და აბოს ბოლო საუბარი ყოველი რეპლიკა აქ ორგვარი მიმართულების ფოკუსშია მოქცეული. რეაქცია და განჭვრეტა სხვისი სიტყვისა განსაზღვრავს აბოს ყველა ფრაზის ინტონაციას და სტილს, შინაგან აზრობრივ სტრუქტურას, შინაგანად დრამატულს, ნერვიულს ხდის მას.

ჭეშმარიტი ხელოვნების მწვერვალზე ადის იოანე საბანისძე შემდგომ პასაჟში: აბო ციხიდან გამოჰყავთ, დასჯის ჟამი ახლოვდება: „და მიჰყვანდა იგი შორის ქალაქსა, და რომელნი ჰხედვიდეს მას ქრისტიანენი და მეცნიერნი მისნი, ცრემლოოდეს მისთვის. ხოლო იგი მივიდოდა, ვითარცა ვინ მოგზაურ ექმნის მკვდარსა, ეგრე ჰხედვიდა თვისსა მას გვამსა და სულითა თვისითა მოგზაური ქმნული თვით იტყოდა ფსალმუნსა“. ეს არის პოეტური ნათელმხილველობის იშვიათი ნიმუში არა მხოლოდ ქართული მწერლობის მასშტაბით.

„აბოს მარტვილობის“ მეოთხე თავი („ქებაჲ ჰაბოჲსი“) ერთ-ერთი ადრინდელი ნიმუშია ქართული პოეზიისა. აქ ქრება თხრობის ეპიური სტრუქტურა, მკითხველის წინაშეა განმეორებათა, გაკვირვება-შეკითხვის, შეძახილის, გრძნობათა ინტენსიური მოძრაობის ფორმით მოწოდებული ექსტაზი: „გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო, უფლისა მიერ!… გიხაროდენ, გიხაროდენ, სანატრელო მოწამეო, უფლისა მიერ!… შენ უგნურთა მათ შემწირველთა შენთა მახვილითა და ცეცხლითა უმეტეს ალისა განგაბრწყინვეს… შენ კარი იგი სამოთხისა. განაღე ჯვარითა… შენ, ვითარცა კრავი უმანკო, შეიწირე, შემწვარი ცეცხლითა…“

„აბოს მარტვილობა“ თარგმნილია რუსულად და გერმანულად.



ტექსტი

  • მ. საბინინი, საქართველოს სამოთხე, გვ. 334-350;
  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, 1946, გვ. 55-71;
  • ჩვენი საუნჯე, I, 1960, გვ. 43-69.

ლიტერატურა

  • კ. კეკელიძე, ა. ბარამიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, 1969, გვ. 74-79.

წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები