ქიურექ ბიიჩე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქჲურექ ბიჲჩე (ბალყ.-ყარაჩ. Кюрек бийче – „ნიჩბის ქალბატონი“) – დიდი ზომის რიტუალური დედოფალა, რომელსაც ბალაყარელ-ყარაჩელთა წინაპრები გვალვების დროს, წვიმის გამოწვევის მიზნით, მოწყობილი საწესო მსვლელობის დროს სოფელში ეზო-ეზო დაატარებდნენ. მსვლელობის მონაწილე გოგოები ხის ნიჩაბის ტარზე ამაგრებდნენ ჯოხს, რომელიც მხრებისა და ხელების იმიტაციას წარმოადგენდა. ასეთ ფიგურას ქსოვილის ჭრელი ნაჭრებისაგან შედგენილ კაბაში გამოაწყობდნენ, „თავზე“ თავსაფარს შემოახვევდნენ, წელზე კი ქამარს შემოარტყამდნენ. სახედარს ჭრელ ქსოვილს გადააფარებდნენ, თავზე ჭრელ თავსაფარს, კუდზე ფერად ლენტებს შემოახვევდნენ, კისერზე კი ძაფზე აცმულ თვითნაკეთ მსხვილ მძივებს ჰკიდებდნენ; ქვედა ყბაზე გრძელ ულვაშებს, ფეხზე კი სამაჯურებს გაუკეთებდნენ. ასე გამოწყობილ სახედარზე ჯდებოდა ბიჭი, რომელსაც ხელში „ნიჩბის დედოფალა“ ეკავა. სახედარი და მისი მხედარი ქალის სამოსში ჩაცმულ ბიჭს და ბიჭურად გადაცმულ გოგოს მიჰყავდათ. მათ წინ მიდიოდა მასხარა, ახალგაზრდა კაცი მწვანე ფერის დროშით და გოგონა, რომელსაც ხელში ქალის კაბაში გამოწყობილი ბაყაყი ეკავა. მათ უკან მოყვებოდათ ქალიშვილი საცრით და ბიჭი თასით, რომელშიც წყაროს წყალი ესხა. ამ ჯგუფს სოფლის ახალგაზრდობა მიაცილებდა. მსვლელობის მონაწილეებს გარკვეულ ადგილზე „წყლის დედისა“ (суу анасы) და „წყლის მამის“ (суу атасы) როლის შემსრულებელი გოგო-ბიჭი ხვდებოდა. პროცესია სოფელს სიმღერების, ცეკვების, თამაშობების, თეატრალური წარმოდგენების თანხლებით დაივლიდა. მოსახლის ეზოში შესული ჯგუფი შემდეგ სიმღერას მღეროდა:

ნიჩბის ქალბატონო, წვიმას გთხოვთ!
წვიმა ასხამს შეუჩერებლად,
პური უხვად იზრდება,
ალაჰის, დიდი ალაჰის წყალობით,
ყველანი ერთად გამოვედით,
რათა თეირის წვიმა ვთხოვოთ.

ამ სიმღერის შემდეგ თასიდან საცერში წყალს ასხამდნენ, რითაც თავსხმა წვიმის იმიტაციას ახდენდნენ. ოჯახის წევრები მოსულებს წყალს ასხამდნენ და ფუნთუშებითა და ღვეზლებით ასაჩუქრებდნენ. როგორც კი სოფელის ყველა ოჯახს დაივლიდა, პროცესია ძველი საფლავისკენ მიემართებოდა. აქ მკერდგაღეღილი მოხუცები თეირს წვიმის გამოგზავნას შესთხოვდნენ. შემდეგ ახალგაზრდები საფლავს სამჯერ შემოუვლიდნენ და იქვე ორმოს გათხრიდნენ. თუ წვიმა წამოვიდოდა, ორმოს ამოავსებდნენ, თუ არადა – ღიად დატოვებდნენ; საფლავის ქვის ნატეხს წყალში ჩააგდებდნენ, რათა წვიმა გამოეწვიათ (ე. წ. „წვიმის ქვები“ ცნობილი იყო ჩერქეზებისა, ვაინახებისა, ოსებისა, სომხებისა და ქართველებისათვის). შემდეგ მდინარისკენ მიმავალი პროცესია გზადაგზა დიდ ქვებს აბრუნებდა. თუ ამ ქვების ქვემოთ მიწა ნოტიო იყო, წვიმას წინასწარმეტყველებდნენ. მდინარესთან მისულები ბანაობდნენ და ერთმანეთსა და გამვლელებს, აგრეთვე ცხოველებსა და ხეებს წყლით წუწავდნენ.

ყარაჩში წვიმის გამოწვევის რიტუალი წმინდა ხესთან – ჯანგიზ თერექთან – სრულდებოდა, რომლის დროსაც შემდეგ სიმღერას მღეროდნენ:

ოჲ, ჯანგიზ თერექ, სიცოცხლის ხეო,
ჩვენთვის ჭირნახულის მომცემო,
ქვეყნიერება გვალვამ მოიცვა,
ფართოდ გახსენი წვიმის კარები!
დე, ელვამ გაიბრწყინოს,
დე, ახლავე წვიმამ ასხას.

ბაქსანის ხეობის სოფლებში გვალვების ჟამს მთელი სოფლის მოსახლეობა, რომელსაც გადმობრუნებული სამოსი ეცვა, შემაღლებულ ადგილზე იკრიბებოდა. მოხუცები შვიდ შინაური და გარეული ცხოველის თავის ქალას გრძელ ჯოხებზე წამოაცვამდნენ. ქალები შვიდ ბაყაყს დაიჭერდნენ და მათ შვიდი ფერის სამოსში გამოაწყობდნენ. წვიმის გამოგზავნას მამაკაცები – უზენაეს ღმერთს (თეირს), ხოლო ქალები უმაჲხანს შესთხოვდნენ.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბალყარელები და ყარაჩელები ზაფხულში ხშირი წვიმების დროს „მზის გამოწვევის“ რიტუალსაც აწყობდნენ. საამისოდ ლითონის საგნებს, ქვებს, ჯოხებს ერთმანეთზე არტყამდნენ, უკრავდნენ ტაშს, უსტვენდნენ, ყვიროდნენ და ა. შ. ჩეგემის ხეობის სოფლებში ამ რიტუალის შესასრულებლად ირჩევდნენ ქალიშვილს, რომელიც აუცილებლად ოჯახის პირველი შვილი უნდა ყოფილიყო. ყველა მდინარისპირზე გადიოდა, სადაც გოგონა სიმღერას მღეროდა:

მე პირველი ვარ, მე პირველი ვარ,
ჩემს სახეს ვხსნი და
ღრუბლებს ვფანტავ!
ტილსა და რწყილს ერთად შეკრულს
მდინარეში ვაგდებ,
წვიმას – არა, მზეს ვირჩევ.

მდინარესთან სამ კოცონს გააჩაღებდნენ, რათა „მზე გამოეწვიათ“. მოზარდები წვიმაში გადმობრუნებული ტყაპუჭებით დარბოდნენ. რათა წვიმა შეეჩერებინათ. ამავე მიზნით, თავსხმა წვიმაში თოფებს ისროდნენ; უზენაესს მსხვერპლს სწირავდნენ და ლოცულობდნენ.


ლიტერატურა

  • Тепцов В. Я. По истокам Кубани и Терека // Сборник материалов для описания местностей и племен Кавказа. Тифлис, 1892. Вып. 14;
  • Азаматов К. Пережитки язычества в верованиях балкарцев // Мз истории феодальной Кабарды и Балкарии. Нальчик, 1980; Халилов Х. Общее и специфическое в календарной поэзии летне-осенней обрядности народов Дагестана // Календарно-обрядовая поэзия народов Северного Кавказа. Махачкала, 1988;
  • Чурсин Г. Ф. Очерки этнологии Кавказа. Тифлис, 1913;
  • Кудаев М. Ч. Древние танцы балкарцев и карачаевцев. Нальчик, 1997.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები