ქორქია მიხეილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მიხეილ ქორქია 1972 წელს ოლიმპიური ჩემპიონი
გახდა, 4 წლის შემდეგ
ბრინჯაოს მედალი მიიღო

მიხეილ ქორქია — (დ. 10 სექტემბერი, 1948, ქუთაისი, საქართველო, — გ. 7 თებერვალი, 2004, თბილისი, საქართველო) — კალათბურთელი (196 სმ). თამაშობდა თბილისის “დინამოსა” (1965-79) და სსრ კავშირის ნაკრებში (1971-77). XX ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი (1972, მიუნხენი), XXI ოლიმპიადის მესამე პრიზიორი (1976, მონრეალი), ევროპის ჩემპიონი (1971) და ორგზის მეორე პრიზიორი (1975, 77), სსრკ ჩემპიონი (1968) და მეორე პრიზიორი (1969), სსრკ-ის თასის მფლობელი (1969). სსრკ-ის სპორტის დამსახურებული ოსტატი, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის და ღირსების ორდენების კავალერი.

ისევე როგორც სხვა ცნობილი ქუთაისელი კალათბურთელები, ჭაბუკობაში მიხეილ ქორქიაც შესანიშნავ მწვრთნელთან ­ სულიკო თორთლაძესთან ვარჯიშობდა.

17 წლისა თბილისის „დინამოში“ ჩაირიცხა, იმავდროულად საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს და ამ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონი გახდა, თანაც ტურნირის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. 1968 წელს თბილისის „დინამომ“ 14 ­წლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედ გაიმარჯვა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში, რაშიც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გუნდის დებიუტანტმა მიხეილ ქორქიამ. მან უმოკლეს დროში დაიმკვიდრა ადგილი ზურაბ საკანდელიძის, ვლადიმერ უგრეხელიძის, ლევან მოსეშვილის, ამირან სხიერელის და სხვა ოსტატების გვერდით. მიხეილ ქორქია 14 წელი თამაშობდა თბილისის „დინამოში“, იყო გუნდის კაპიტანი, რომ იტყვიან, შეუცვლელი წევრი – მწვრთნელები ორი­-სამი წუთით თუ დაასვენებდნენ, მერე კი ისევ ბრძოლაში რთავდნენ, რათა მისი უსაზღვრო აღმაფრენა და თავგანწირული თამაში სხვებისთვის მაგალითად ქცეულიყო. ის სწრაფი და აგრესიული კალათბურთის მიმდევარი იყო, უტევდა მოედნის ნებისმიერი წერტილიდან, ბოლომდე იბრძოდა უიმედო სიტუაციაშიც კი.

სსრ კავშირის ნაკრებში პირველად 1968 წელს უხმეს, მაგრამ მეხიკოს ოლიმპიადაზე არ წაუყვანიათ - ჯერ ძალიან ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარო. მერე ნაკრების მთავარ მწვრთნელად ვლადიმერ კონდრაშინი დაინიშნა და ქორქიას საქმეც დაიძრა. ამას ზურაბ საკანდელიძის აქტიურობამაც შეუწყო ხელი — უკვე სახელმოხვეჭილი და გამოცდილი სპორტსმენის რეკომენდაციას მწვრთნელები ანგარიშს უწევდნენ. ამასობაში მოახლოვდა მიუნხენის ოლიმპიური თამაშები. საბჭოთა ნაკრების საბოლოო შემადგენლობა თბილისში გამართული საერთაშორისო ტურნირის შემდეგ დასახელდა. გუნდში სხვებთან ერთად კვლავ მოხვდნენ საკანდელიძე და ქორქია. მიუნხენის „ბასკეტბალ ჰალეში“ სსრკ-­აშშ­-ს ისტორიული ფინალური მატჩი 1972 წლის 9 სექტემბერს გაიმართა. მწვრთნელმა ორივე ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში დააყენა. ყველაფერი გადაწყვიტა ბოლო სამმა წამმა, როცა ალექსანდრე ბელოვის ზუსტი ტყორცნის შემდეგ საბჭოელებმა ერთქულიანი უპირატესობა და ოქროს მედლები მოიპოვეს. ამ სამ წამს წინ უძღოდა დრამატული ეპიზოდები. ერთი ასეთი ეპიზოდი, რამაც მნიშვნელოვანწილად განაპირობა მატჩის საბოლოო შედეგი, სწორედ მიხეილ ქორქიას უკავშირდება. მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, როცა ქორქიამ და ამერიკელთა ერთ­ერთმა ლიდერმა და მთავარმა სნაიპერმა დუაიტ ჯონსმა ბურთი ვერ გაიყვეს. ამერიკელის უხეშობას ქორქიამაც უხეშობით უპასუხა. მსაჯებმა ორივე მოთამაშე მოედნიდან გააძევეს. აი, როგორ გაიხსენა ეს ეპიზოდი თავად მიხეილ ქორქიამ: „ჯონსი პირველ ტაიმში ძალზე აქტიური იყო. როცა ჯონსი და მე გაგვაგდეს, მწვრთნელს თვალს ვერ ვუსწორებდი და გადავწყვიტე, შორს, სკამის კიდეზე დავმჯდარიყავი. ნაკრებში ჩემიკარიერა დამთავრებულად ჩავთვალე. კონდრაშინი თვითონ მოვიდა, ბეჭებზე ხელი მომითათუნა, თამაშისთვის მადლობა გადამიხადა და გაბრწყინებული თვალებით მითხრა — თუ იცი, შენ ვინ გააგდეო?!“

იხილე აგრეთვე

მიხეილ ქორქია

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები