მეხიკოს XIX ოლიმპიური თამაშები (1968)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოლიმპიადისთვის დიდი თანხების ხარჯვამ მექსიკელთა უკმაყოფილება გამოიწვია, რაც საპროტესტო აქციებში გადაიზარდა. ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე, საქმე მექსიკის ჯართან და პოლიციასთან შეჯახებამდე მივიდა. დაიღუპა ასეულობით ადამიანი, ათასობით დაშავდა

მეხიკოს XIX ოლიმპიური თამაშები - ზაფხილის XIX ოლიმპიური თამაშები ჩატარდა 1968 წელს (12-27 ოქტომბერი) მეხიკოში.

  • მონაწილე ქვეყანა 112
  • სპორტსმენი 5,516 / 781 ქალი / 4,735 კაცი
  • სპორტის სახეობა 18
  • მედლების კომპლექტი 172

ყველაზე მეტი ოქროს მედალი
კაცებში: აკინორი ნაკაიამა (ტანვარჯიში, იაპონია) 4,1,1
ქალებში: ვერა ჩასლავსკა (ტანვარჯიში, ჩეხოსლოვაკია) 4,2,0

Mexikos plakati.PNG

XIX ოლიმპიური თამაშების მასპინძლად ზღვის დონიდან 2 250 მეტრზე მდებარე მეხიკოს არჩევას ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა. გაუხშოებული ჰაერის პირობებში შეჯიბრების ჩატარება სერიოზულ რისკთან იყო დაკავშირებული. თუმცა, ამ ფაქტორს ჰქონდა როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები. მაგალითად, ისეთი სახეობის წარმომადგენელები, რომლებიც დროის მოკლე მონაკვეთში დიდ ენერგიას გასცემენ (მოკლე მანძილებზე რბენა, ხტომები, ძალოსნობა და სხვ.) გარკვეულ უპირატესობას ღებულობდნენ. მექსიკა გახდა თამაშების მასპინძელი პირველი ლათინოამერიკული, პირველი ესპანურენოვანი და პირველი განვითარებადი ქვეყანა, ხოლო მასპინძელთა თარჯმრბენი ენრიკეტა ბასილიო პირველი ქალი, რომელსაც გახსნის ცერემონიაზე ოლიმპიურ ფიალაში ცეცხლის დანთების პატივი ერგო.

ოლიმპიადისთვის სამზადისს თან სდევდა სახალხო მღელვარება. განსაკუთრებით აქტიურობდნენ მექსიკელი სტუდენტები და მათი პედაგოგები, რომლებიც საერთო სიდუხჭირის ფონზე დიდ ხარჯებს გაუმართლებლად თვლიდნენ. მოგვიანებით, ყველაფერი საპროტესტო აქციებში და რევოლუციისკენ მოწოდებებში გადაიზარდა. ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე საქმე მექსიკის ჯართან და პოლიციასთან შეჯახებამდე მივიდა. დაიღუპა 200-ზე მეტი ადამიანი, ათასობით დაშავდა.

რომან რურუამ 1964 წელს ტოკიოდან ვერცხლის მედალი წამოიღო, 4 წლის შემდეგ კი მეხიკოში ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

ოლიმპიური თამაშები ამერიკულ საზოგადოებაში რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლის თავისებურ საშუალებად გამოიყენა აშშ-ის ნაკრების რამდენიმე წევრმა. 200 მეტრზე რბენაში გამარჯვებულთა დაჯილდოებისას აფროამერიკელი ჩემპიონი ტომი სმიტი და მისი მესამეადგილოსანითანაგუნდელი ჯონ კარლოსი აშშ-ის ჰიმნს თავდახრილები და შავი ხელთათმანით მუშტშემართულები შეხვდნენ. თავისებური ჟესტი იყო ისიც, რომ კვარცხლბეკზე ასვლამდე ფეხსაცმელიც გაიხადეს. აფროამერიკელებს ამგვარი პროტესტი ოლიმპიური სოფლიდან გაძევებად და ოლიმპიადებიდან სამუდამო მოკვეთად დაუჯდათ. შემდგომი მიუნხენის ოლიმპიადის გამოტოვებით დაისაჯა მეორე ადგილზე გასული ავსტრალიელი პიტერ ნორმანიც, რომელიც კვარცხლბეკზე ამერიკელების მხარდამჭერი ემბლემით წარდგა.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე დამოუკიდებელი გუნდის სახელით პირველად გამოვიდა ბარბადოსი. დებიუტი ჰქონდათ ბრიტანეთის ჰონდურას (1976 წლიდან ბელიზის სახელით), ცენტრალური აფრიკის და კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკებს, სალვადორს, გვინეას, ჰონდურასს, კუვეიტს, ნიკარაგუას, პარაგვაის, სიერა ლეონეს და აშშ-ის ვირჯინის კუნძულებს. 1964 წელს მალაიზიის სახელით მოასპარეზე სინგაპური დამოუკიდებელი ქვეყნის სახელით დაბრუნდა. საშეჯიბრო დებიუტი ჰქონდათ სურინამსა და ლიბიას, რომლებიც, შესაბამისად, 1960 და 1964 წლის ოლიმპიადების მხოლოდ გახსნის ცერემონიას დაესწრნენ, მაგრამ სარბიელზე არ გასულან. საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტთან დაძაბული ურთიერთობის ფონზე, თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადა ჩრდილოეთ კორეამ.

ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ცალ-ცალკე პირველად იასპარეზეს აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიამ. მეხიკოს სიმაღლემ და გაიშვიათებულმა ჰაერმა დამატებითი სარეკორდო ბიძგი მისცა 800 მეტრზე და ნაკლებ მანძილებზე ვაჟთა რბენებს, ასევე სიგრძეზე და სამმაგ ხტომებს, სადაც მსოფლიო რეკორდები ერთმანეთის მიყოლებით დაემხო. სამმაგ ხტომაში მსოფლიოს რეკორდით თავის ოლიმპიურ ოქროებს დაუდო სათავე საქართველოს წარგზავნილმა ვიქტორ სანეევმაც. ყველაზე დასამახსოვრებელი გამოდგა სიგრძეზე ხტომაში ამერიკელი ბობ ბიმონის 8,90 მეტრზე ნახტომი, რომელიც მსოფლიოს რეკორდს 55 სანტიმეტრით (!) აღემატებოდა. ბიმონის რეკორდმა 23 წელი გაძლო.

თავისი სიტყვა თქვა ამერიკელმა დიკ ფოსბერიმაც, რომელმაც მეხიკოში სიმაღლეზე ხტომის ახალი ტექნიკა შემოიღო და ჩემპიონობაც იზეიმა. მისი ეს სტილი შემდგომში „ფოსბერი ფლოპის” (ზურგს უკან გადავლებით) სახელით დარჩა ისტორიაში.

მეხიკოს თამაშებს არაერთი გმირი ჰყავს, მაგრამ მათ შორის უნდა აღინიშნოს ჩეხოსლოვაკიელი ტანმოვარჯიშე ვერა ჩასლავსკა, რომელმაც 4 ოქროსა და 2 ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. მისი გამარჯვებები იმითიცაა აღსანიშნავი, რომ მეტოქეობა სსრკ ნაკრებთან უწევდა, რომლის ჯარიც ოლიმპიადამდე ორი თვით ადრე მის სამშობლოში შეიჭრა.

ეს იყო პირველი ოლიმპიური თამაშები, სადაც მძლეოსნებს ხელოვნურსაფარიან სარბენ ბილიკებზე უწევდათ ასპარეზობა. ასევე პირველად, გამარჯვებულებს დოპინგ-ტესტის გავლა დაევალათ. პირველი ვინც დოპინგზე ჩავარდა და დისკვალიფიკაცით დასაჯეს, შვედი თანამედროვე ხუთჭიდელი ჰანს-გუნარ ლილიენვალია. ასევე პირველად, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა გენდერული ტესტი შემოიღო, რაც იმისთვის გაკეთდა, რომ კაცებს ქალთა ასპარეზობებში ფარულად გამოსვლა და უსამართლო უპირატესობის მოპოვება არ შეძლებოდათ.

აფროსანთა „ფინის” კლასში ოლიმპიური დებიუტი ჰქონდა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მომავალ პრეზიდენტს, ბელგიელ ჟაკ როგეს. ტელეაუდიტორიას პირველად მიეცა ოლიმპიადის ფერადი გამოსახულებით ხილვის საშუალება.

წყარო

ოლიმპიური ორტომეული

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები