ქოფლი ჯონ სინგლთონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯონ სინგლთონ ქოფლი. უოთსონი და ზვიგენი, 1778; ზეთი, ტილო, 1.82X2.29 მ. ხელოვნების ეროვნული გალერეა, ვაშინგტონი, ფერდინანდ ლამოთ ბელინის ფონდი

ჯონ სინგლთონ ქოფლი – John Singleton Copley (1738-1815) ანგლო-ამერიკელი მხატვარი. რევოლუციური ომის შემდეგ ბოსტონიდან ლონდონში გადავიდა და სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ლონდონში იგი ამერიკელი თანამემამულის, ბენჯამინ ვესთის მსგავსად, ჩამოყალიბდა როგორც პორტრეტისტი და თანამედროვე ისტორიული სურათის მხატვარი.

ქოფლის ყველაზე წარმატებული ნამუშევარი იყო "უოთსონი და ზვიგენი", რომელიც მას 1778 წელს მდიდარმა ლონდონელმა ვაჭარმა და პოლიტიკოსმა ბრუქ უოთსონმა შეუკვეთა. ქოფლის ნამუშევარი 1749 წელს მომხდარ დრამატულ შემთხვევას ასახავს. 14 წლის უოთსონს ჰავანის ყურეში ცურვისას თავს ზვიგენი დაესხა და სანამ მას მისი მეგობრები გადაარჩენდნენ, მარჯვენა ფეხი დაკარგა. სურათის პირამიდულ კომპოზიციას ნავში მყოფი მაშველთა ფიგურები, თავად საბრალო უოთსონი და მის საპირსპიროდ, პორტის ფონზე საკმაოდ არარეალურად წარმოდგენილი ზვიგენი ქმნიან. ზოგიერთი ფიგურა მართლაც კლასიკური წესების მიხედვითაა აგებული, მაგრამ თავად კომპოზიციას კლასიკურს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ. წინა პლანზე მძვინვარე ზვიგენი უმწეო შიშველ უოთსონს ესხმის თავს, სამაშველო ნავის კიჩოზე კაცს ზვიგენის გასაგმირად ბარჯი (Harpun) აღუმართავს. კომპოზიციის მარცხენა მხარეს გამოსახული უოთსონის ორი მეგობარი ცდილობს, მიწვდეს დაზარალებულს, დანარჩენები კი, აღელვებულები უყურებენ სცენას. ნახატის ზედა ნაწილში გამოსახულ აფრიკელს უოთსონის მკლავზე შემოხვეული, ნავთან დამაკავშირებელი თოკი უჭირავს. ზოგიერთი მკვლევარი აფრიკელს მსახურად მიიჩნევს, რომელიც ხელსაყრელ დროს ელოდება, რომ თეთრკანიან პატრონს თოკი მიაწოდოს, მაგრამ კომპოზიციაში მის ჩართვას პოლიტიკური მიზეზებითაც ხსნიან. უოთსონზე ჰავანის ყურეში ზვიგენის თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც იგი აფრიკიდან ვესთ-ინდოეთში მონების გადამყვან ტრანსატლატიკურ გემზე მუშაობდა. სწორედ მაშინ, როდესაც უოთსონი ამ სურათს უკვეთავდა, ბრიტანეთის პარლამენტში ამერიკელების დამოუკიდებლობის დეკლარაციასა და მონებით ვაჭრობის საკითხების თაობაზე ცხარე დებატები მიმდინარეობდა. ზოგიერთი თორი, მათ შორის უოთსონიც, ეწინააღმდეგებოდნენ ამერიკის დამოუკიდებლობის იდეას და ისინი თვლიდნენ, რომ სანამ თავად ამერიკელი კოლონისტები აფრიკელი მონების თავისუფლებას არუზრუნველყოფდნენ, ამერიკის მოწოდება ბრიტანეთის სამეფოს ქვეშევრდომობიდან გათავისუფლების თაობაზე თვალთმაქცობა იქნებოდა. მართლაც, რევოლუციური ომის დროს ბრიტანელებმა თავისუფლება შესთავაზეს ყველა იმ გაქცეულ ამერიკელ მონას, რომელიც ბრიტანეთის არმიასა და ფლოტს შეუერთდებოდა.

ეჭვგარეშეა, რომ ქოფლის სურათის თემა უოთსონის მიერ იყო ნაკარნახევი და, ამდენად, შესაძლოა, ამერიკელი მონების მიმართ უოთსონის სიმპათიაზე მიანიშნებდა; ან, როგორც ვესთის ნამუშევარში ვულფის სიკვდილი მკვიდრი ამერიკელების ჩართვა, ეს ფიგურაც, შესაძლოა, მხოლოდ მომხდარი ფაქტის ადგილზე, ამ შემთხვევაში - ჰავანაზე მიანიშნებდეს.

ქოფლი ერთ-ერთი პირველი მხატვარი იყო დედაქალაქში, რომელმაც თანამედროვე ისტორიის თემაზე შექმნილი სურათები ლონდონის საზოგადოებრივ ადგილებში გამოფინა; შესვლაზე გადასახადის დაწესებით მხატვარი შემოსავალსაც იღებდა და თავის ნამუშევრებს რეკლამასაც უწევდა. ისეთი სანახაობრივი ხერხების ეფექტური გამოყენებით, როგორიცაა ფანტასმაგორია (ჩვენება მაგიური ფარნით, კვამლით, სარკეებით, განათებით და მოჩვენებებით), პანორამები, დიორამა და ეიდოფუსიკონი (მინიატურული თეატრი სპეციალური ეფექტებით) XIX საუკუნის დასაწყისის ლონდონში ქოფლი სენსაციურ ექტრაორდინალურ სახე-ხატებს ქმნიდა და ფენდა კიდეც.


წყარო

ხელოვნების ისტორია XVIII საუკუნიდან დღემდე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები