შავშეთის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავშეთის ციხე

შავშეთის ციხე (სათლეს ციხე, სუეტის ციხე )– (ინგლ. Shavsheti castle), XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, თავდაცვითი ნაგებობების კომპლექსი. მდებარეობს ახლანდელი თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ართვინის პროვინციაში, ისტორიულ მხარე შავშეთში, სოფელ სათლეს მახლობლად კლდოვან ბორცვზე. კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: გალავანი, ეკლესია, დასავლეთის კოშკი, მართკუთხა კოშკი, დამატებითი ზღუდე, სხვადასხვა ნაგებობები.

შავშეთის ციხე

ციხე 1028 წელს აუგია ეპისკოპოს საბა მტბევარს. ციხის მშენებლობა დაკავშირებულია საქართველო-ბიზანტიის გართულებულ ურთიერთობებთან X-XI საუკუნეებში. მძიმე პოლიტიკური ვითარება მოითხოვდა საქართველოს განაპირა ციხეებისა თუ სხვა სასიმაგრო მნიშვნელობის ნაგებობათა აგებას. შეიძლება ითქვას, რომ შავშვეთის ციხემ და საბა მტბევარმა, თავისი საეპისკოპოსოს მცხოვრებლებისაგან შექმნილი ჯარით, გადაარჩინა ტაო-კლარჯეთი ბერძენთა მძლავრობისაგან. ციხეს საკმაოდ კარგი სტრატეგიული მდებარეობა ეკავა და აკონტროლებდა აჭარისწყლის ხეობის სხვადასხვა პუნქტებზე გამავალ და კლარჯეთთან დამაკავშირებელ უძველეს გზებს. სწორედ ამ გზებზეა განლაგებული IX-X სს. აშენებული კლარჯეთის ქვის თაღიანი ხიდების დიდი ნაწილიც (მდ. იმერხევი და ჭოროხი).

ციხის ფართობი დაახლოებით 3400 კვ. მ.-ს შეადგენს. გრანიტისა და ბაზალტის კვადრებით ნაგები ციხის გაბატონებულ ელემენტს წარმოადგენს დასავლეთის კოშკი, რომელიც 19 მ. სიმაღლისაა და 6 სართულს მოიცავს. კედლების სისქე იცვლება 2-დან 5 მ-მდე. კოშკის შიგა ნაწილი ნახევარწრიული მოყვანილობისაა, ხოლო გარე მხარე დაკუთხულია. ციხე სამხრეთ-დასავლეთით დამატებით ზღუდესაც შეიცავდა. ციხეში მოხვედრა მხოლოდ ამ დამატებითი ზღუდის გადალახვის შემდგომ შეიძლებოდა. ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ოდნავ წინ გაზიდული კედელი ნახევარწრიულია და მას სამხრეთიდან ედგმის დახლოებით ასეთივე 18-19 მ სიმაღლის მართკუთხა კოშკი. იგი ციხის კედლის სიმაღლეს 5 მეტრითაა აცილებული. სავარაუდოდ, ისიც 6-სართულიანი უნდა ყოფილიყო. მისი დანიშნულება, ძირითადად, ციხის შიდა ტერიტორიის გაკონტროლება იყო. ციხის შიდა სამხრეთი კედელი საკმაოდ მძლავრ კონტრფორტებსაც შეიცავდა. ციხის ტერიტორიაზე უხვადაა უძველესი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები (მათ შორის მცირე ეკლესიის).


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები