ჩახრუხაძე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჩახრუხაძე – (XII-XIII სს.), თამარის ეპოქის მეხოტბე პოეტი, ავტორი ლირიკული პოემისა „თამარიანი“. პოემაში შექებულია თამარი, მისი გარეგნული სილამაზე, სულიერი სისპეტაკე, სათნოება, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობა. თამარი გამოცხადებულია ღვთაებად, რომელიც ადამიანთა ხსნად არის მოვლინებული ქვეყნად. პოეტი აქებს თამარის მეუღლეს — დავით სოსლანს და მათ პირმშოს — ლაშა-გიორგის. მეხოტბე ავტორს გრძნობის უკიდურესად ეგზალტაცია ახასიათებს. იგი თამარს ადარებს გმირებს, წმინდანებს, ანგელოზებს, თვით ღმერთსაც კი. საამისო საფუძველს ავტორი ხედავს საქართველოს იმდროინდელ დიდებაში. საქართველოს მსოფლიო მნიშვნელობის სახელმწიფოდ მიიჩნევს, ხოლო თამარს — მისი დიდების მთავარ შემოქმედად.

ავტორის მხატვრული თვალსაწიერი ფართოა: ბიბლია, ჰაგიოგრაფია, ჰიმნოგრაფია, აღმოსავლური და ანტიკური ლიტერატურა. მხატვრული აზროვნების სიფართოვე პოეტს რენესანსულ აზრთა წყობასთან აახლოებს. ეს თვალსაჩინოა ადამიანის გაღმერთების ჩახრუხაძისეულ კონცეფციაში. ჩანს, იგი ემყარება იმდროინდელ საქართველოში გავრცელებულ იდეას, რომლის თანახმად თამარი ღვთაების მეოთხე ჰიპოსტასად იყო მიჩნეული. ამ იდეით ადამიანში, ამ შემთხვევაში — თამარში, განხორციელდა სამყაროს განვითარების ძირითადი მიზანი — ადამიანის განღმრთობა. ამგვარი იდეა ნაყოფი იყო თამარის ხანის საქართველოს კულტურულ-პოლიტიკური ძლიერებისა. ინტელექტუალური ესთეტიკის პრინციპთა მიმდევარი ავტორისთვის გამოხატვის უმაღლესი ფორმა ფილოსოფიაა და ამიტომაც მოუწოდებს იგი ფილოსოფოსებს „მო, ფილოსოფნო, სიტყვითა არსნო, თამარს ვაქებდეთ გულისხმიერსა“, მაგრამ სოკრატე და პლატონი ვერ მისწვდებიანო თამარის სახეს, თვით ღვთისმეტყველთათვისაც მიუღწეველია ეს. ამიტომაც ბუნებრივია, რომ პოეტს საკუთარი ძალთახმევა თამარის საქებრად მდაბლად ეჩვენება. იგი „ბრძნულ დუმილს“ ქადაგებს. თამარი ღვთაებაა, ხოლო ღვთაების შემეცნება შეუძლებელია — ასეთია ავტორის ეგზალტაციათა ქრისტიანულ-მსოფლმხედველობრივი საფუძველი. ამიტომ თამარის ზეაღმატებული ხოტბა, მრავალმხრივი შედარებანი ითვალისწინებენ არა თამარის სახის სრულყოფილ დახასიათებას, არამედ იმის ნათელყოფას, რომ საზოგადოდ მიუწვდომელია და შეუძლებელი თამარის პოეტური გამოხატვა. სიტყვები იმ მიზნითაა მოხმობილი, რათა ცხადი გახდეს სიტყვის უძლურება ქების ობიექტის მიმართ. ავტორი ობიექტურად ქართული პოეტური სიტყვის განვითარებას ემსახურება, რამდენადაც ესაა სწრაფვა ქართული პოეტური სიტყვის შესაძლებლობათა ამოწურვისაკენ. ეს იწვევს სიტყვის მრავალგვარი მხატვრული ნიუანსის გამოვლინებას, თუმცა მიზანი სხვა არის. მიზნად პოეტს დასახული აქვს იდეალის სიტყვაზე ამაღლების ჩვენება. ამიტომ აქვე ისახება გზა „პოეტური თეოზისისა“. შემოქმედმა (და მის კვალობაზე მკითხველმა) უნდა გაიაროს გზა პოეტური სიტყვისმიერი კათარზისისა, გასცდეს მის შესაძლებლობათა ფარგლებს, ამაღლდეს მასზე, რათა მიაღწიოს იდეალს.

მიუხედავად სახოტბო შინაარსისა, „თამარიანი“ არ არის ვიწრო პანეგირიკული ჰიმნი. თხზულება წარმოაჩენს ქვეყნის დიდი წარმატებით შთაგონებულ ავტორს, ეროვნული იდეოლოგიის მღაღადებელ პიროვნებას, პოემაში ჩაქსოვილია ჩახრუხაძის დამოკიდებულება საქართველოს ძირითადი პოლიტიკური და სააზროვნო პრობლემებისადმი. ეროვნული იდეოლოგია, რომლის მიმდევრად გვევლინება ჩახრუხაძე, უშუალო განვითარებაა იმ ნაციონალური ტენდენციისა, რომელსაც VIII საუკუნეში ჩაეყარა საფუძველი, ხოლო განვითარება-გაღრმავება პოვა იოანე-ზოსიმეს ჰიმნში „ქებაჲ და დიდებაჲ ქართულისა ენისაჲ“. ეს ნაციონალური იდეოლოგია არის მესიანიზმი. ამ კონცეფციის მიხედვით, რა თამარი არის მხსნელი ანუ მესია კაცობრიობისა. თამარმა შექმნა უძლეველი ქართული სახელმწიფო, ქრისტიანობის ერთგული ბურჯი და მუსლიმანობის შემმუსვრელი. რაკი თამარი ქრისტიანობის დამცველადაა მოვლინებული, ხოლო ქრისტიანობის მოწოდებაა მარადიული ტანჯვისგან ცოდვილი კაცობრიობის ხსნა, თამარი გამოცხადებულია ახალ მესიად.

„თამარიანი“ დაწერილია ოცმარცვლიანი ლექსით, რომელსაც ტრადიციულად ჩახრუხაული ლექსი ეწოდება. ჩახრუხაული ლექსის ყოველი სტრიქონის ოცი მარცვალი შუაზეა გაყოფილი დიდი ცეზურით. თითოეული ათმარცვლედი, თავის მხრივ, იყოფა ხუთ-ხუთ მარცვლიან მუხლებად. ყოველი სალექსო სტრიქონის პირველი ნახევრის ორივე მუხლი ერთმანეთს შერითმულია შინაგანი, ხშირად მაჯამურ–ომონიმური რითმებით. სტროფს ამთლიანებს გარეგანი რითმა, რომელიც ოთხივე სტრიქონისთვის საერთოა.


ტექსტი

  • ნ. მარის გამოცემა: Древнегрузинские одописцы (XII в), Teксты и разыскания по армяно-грузинакой философии, Т. IV;
  • ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, II, 1949, გვ. 188-190;
  • ი. ლოლაშვილის გამოცემა, ძველი ქართული მეხოტბენი, II, 1957.

ლიტერატურა

  • ა. ბარამიძე, „თამარიანი“, წიგნში: ქართული ლიტერატურის ისტორია, II, 1966, გვ. 116-136.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები