მაჯამური რითმა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მაჯამა, მაჯამური რითმა, ზმა — ომონიმური რითმა, ბგერითი შედგენილობით ერთნაირი და შინაარსით განსხვავებული სიტყვების ან სიტყვათა ჯგუფების გარითმვა („აღმართ-აღმართ მივდიოდი მე ნელა, სერზედ შევდექ, ჭმუნვის ალი მენელა“. აკაკი). დღესდღეობით „მაჯამა“ მხოლოდ ამ მნიშვნელობით იხმარება.

მაჯამა რითმის გართულებული სახეობაა, მაჯამური რითმით ლექსის გაწყობა დიდ ხელოვნებას, ოსტატობას. სიტყვის ვირტუოზულ ფლობას მოითხოვს პოეტისგან. კარგ მაჯამას განუშორებლად ახლავს მოულოდნელობის ეფექტი და ამოცნობის სიხარული, რადგან ერთობ ხშირად ჭირს კიდეც იმის დადგენა, თუ სად მთავრდება მაჯამურ რითმაში შემავალი ესა თუ ის სიტყვა და სად იწყება მომდევნო, ან კიდევ — რას ნიშნავს ესა თუ ის სიტყვა. მით უმეტეს, როდესაც გარდასული დროის პოეზიასთან გვაქვს საქმე: ხელნაწერებში მაჯამური რითმები ხშირად დაუყოფლად, სიტყვათა გამოუცალკევებლად იწერებოდა, ზოგჯერ მკვლევარნი, რედაქტორ-გამომცემელნი სულ სხვადასხვაგვარად კითხულობენ და, ამისდაკვალობაზე, სხვადასხვაგვარად ბეჭდავენ ერთსა და იმავე მაჯამას. შუა საუკუნეთა პოეზიის მრავალი მაჯამა დღემდე გაუშიფრავია, ანდა ერთობ საჭოჭმანოდ არის განმარტებული რაოდენ სირთულეს შეიცავს ხოლმე მაჯამის ამოცნობა, შემდეგი მაგალითით გამოჩნდება. „ვეფხისტყაოსნის]]“ ერთ (ჩანართად მიჩნეულ) სტროფში იკითხება:

რაღაა იგი სიცოცხლე,
ვინ არაშენდაყოფილი,
ღვარი გამრავლდა ცრემლისა,
ბაღს არაშენდაყოფილი,
გულსა ქვადქმნილსა დანისა
ვით არაშენდაყოფილი,
შვიდთა მნათობთა სინათლე
გაქვს არაშენდაყოფილი.

აქ წარმოდგენილია შვიდმარცვლიანი ბგერათშეხამება („არაშენდაყოფილი“), რომელიც, ცხადია, ყოველი სტრიქონის დასასრულს, ოთხ სხვადასხვა შემთხვევაში სხვადასხვაგვარად უნდა იკითხებოდეს — განსხვავებულ სიტყვებს უნდა შეადგენდეს და განსხვავებულ შინაარსს შეიცავდეს (ბგერითი შედგენილობითაც და შინაარსითაც თანხვედრილ, ანუ ერთი და იგივე სიტყვათა განმეორება მაჯამურ რითმაში მიუღებელია). არსებობს ამ მაჯამის გაშიფრვის ამგვარი ცდა: რაღაა იგი სიცოცხლე, იმის სიცოცხლე, ვინც არა შენდა ყოფილი, ესე იგი შენთან მყოფი არ არის (პირველი სტრიქონი); ღვარი გამრავლდა ცრემლისა, ბაღს არ აშენდა ყოფილი, ესე იგი ბაღში („ბაღი“ ნახმარია „თვალის“ მეტაფორული მნიშვნელობით) არ აშენდა „ყოფილი“, გამყოფი, ჯებირი — წამწამებმა ვერ შეაჩერეს ცრემლები (მეორე სტრიქონი); გულსა ქვადქმნილსა დანისა ვით არა შენდა ყოფილი, შენს ქვადქმნილ გულში დანა არ არის ჩაყოფილი (ნაკლებ სარწმუნო განმარტება), ქვადქმნილ გულს დანა როგორ არ დაეშინოს (სიტყვიდან „დაშენა“), დანის დაშენა როგორ არ იყოს „ყოფილი“, როგორ არ მოხდეს (მესამე სტრიქონი); შვიდთა მნათობთა სინათლე გაქვს არა შენ დაყოფილი, შვიდთა მნაობთა სინათლე შენ დაყოფილი კი არ გაქვს, არამედ ერთიანად ბოძებული, ერთიანად დაგნათის შვიდივე მნათობის სინათლე (მეოთხე სტრიქონი).

რითმის ამ სახეობას ქართული პოეზია XII საუკუნიდანვე ახლოს იცნობს. „ვეფხისტყაოსანში“ არის ბრწყინვალე მაჯამებით განწყობილი ოცამდე სტროფი. თუ გავითვალისწინებთ პოემის მოცულობას, ცხადი შეიქნება, რომ რუსთაველი მაჯამას ერთობ იშვიათად იყენებს, მეტწილად ისეთ შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია განწყობილების გამძაფრება და ლექსისთვის მეტი ექსპრესიის მინიჭება:

ერთგან დასხდეს, ილაღობეს,
საუბარი ასად აგეს,
ბროლ-ბალახში შეხვეული
და გიშერი ასადაგეს.
ყმა ეტყვის თუ: შენთა მჭვრეტთა
თავი ხელი, ა, სად აგეს!
ცეცხლთა, შენგან მოდებულთა,
გული ჩემი ასადაგეს.

(„ასადაგეს“ პირველ სტრიქონში ნიშნავს — „გააასკეცეს“, მეორეში — „სადაგ თვლებად აქციეს“, მესამეში — „სად წაიყვანეს“, მეოთხეში - „დადაგეს“).

გაცილებით მეტი ხალისით მიმართავდნენ ამგვარ რითმას მეხოტბენი - „აბდულმესია“ და „თამარიანი“ დახუნძლულია მაჯამური რითმებით. ოღონდ, რუსთაველისაგან განსხვავებით, ამ თხზულებათა ავტორები ამ მხრივაც ავლენენ ფორმით თვითმიზნური გატაცების ტედენციებს: მათეული მაჯამები ერთობ ხშირად ნამდვილ თავსატეხებს წარმოადგენს, ზოგიერთი მათგანის ამოცნობა არც კი ხერხდება; ამასთან, ეს ავტორები მაჯამური რითმის მისაღებად არაიშვიათად ახდენენ სიტყვაზე ძალდატანებას, სიტყვის დეფორმაციას, უხვად იყენებენ ხოლმე ბარბარიზმებს, თხზავენ ხელოვნურ, ნეოლოგიზმადაც ვერმისაჩნევ სიტყვებს. ესეც არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ „აბდულმესიასა“ და „თამარიანის“ სტრიქონები არცთუ იშვიათად მოკლებულია ემოციური ზემოქმედების უნარს და უაღრესად ხელოვნური კონსტრუქციების შთაბეჭდილებას ტოვებს: „ხარ უკვდავება! ვით უკვდავება?“, „ხარკე ისარი! ხარ კეისარი“, „ა მოთხე მისთვის, ამო თხემისთვის“, „მო, ე კალმითა! მოეკალ მითა“, „აწყა რომითა, ა წყარო მითა“ („აბდულმესია“,) „ვინ არს ებანი? ვინ არსე ბანი“, „არ აქა, მანდა, არ აქამანდა“, „მე ცად ვინები! მეცა დვინები“, „არ ენა, სული, არენ ასული“, „უცნი ავითა, უც ნიავითა“ („თამარიანი“). ამ მხრივ დამახასიათებელია „აბდულმესიას“ ერთი სტროფი, ფაქტიურად დღემდე გაუშიფრავი:

ბრძანონ სამალად, არ თუ სამალად:
ელი ამო სით, ეს რომ არა მით?
მასთანა შორად,— ართუა შორად! —
ელია-მოსით, ესრომ-არამით.
ქველად ჭერითა, რისხვით, ჭერითა
ელი ამ ოსით, ესრო მარ ამით.
მასარ ა რითა? მას არ არითა,
ელ ია-მოსით, ეს რომ ა, რა მით?

მაჯამური რითმისადმი დამოკიდებულება ზოგჯერ წარმოადგენს ამათუიმ ავტორის მთელ პოეტურ კრედოს, კერძოდ, მის მიმართებას აღმოსავლური პოეზიისადმი, რომლის წიაღშიც ლექსის ფუნქცია ხშირად ფორმალური ნიშნებით განისაზღვრებოდა, ლექსი გასართობ, თავსატეხ და თავშესაქცევ სამშვენისად იყო ქცეული. აღმოსავლური პოეზიის ამგვარი ცალმხრივი გავლენა ძალუმად იჩენს თავს თეიმურაზ პირველის თხზულებებში. მართალია, თეიმურაზს აქვს ჩინებული მაჯამებით გამართული ცალკეული სტროფები, მაგრამ უმეტესწილად მისი ლექსი უეჭველად ომონომიური რითმის შექმნის თვითმიზნურ მისწრაფებას ეწირება და ხელოვნურობის ნაძალადევობის ბედითი იერით აღიბეჭდება; აქაც ხშირია სიტყვის დეფორმაცია, ყურით მოთრეული ნეოლოგიზმები თუ შეუწყნარებელი ბარბარიზმები, სიტყვათა ბუნებრივი წყობის დარღვევა. იგივე ითქმის არჩილის შესახებ იმ განსხვავებით, რომ იგი ამ სფეროშიც ავლენს ხოლმე მისთვის დამახასიათებელ პოეტურ უმწეობას — სტროფის ოთხივე სტრიქონის მაჯამური რითმით განწყობას ვერც ახერხებს („ჩოლოყაშვილსა და გარსევანს უთქვამს რამე-რაებია: კიტრი ხილად რაღას ვარგა, ვაშლი მოვა რა, ე ბია! ასევე სჯობს, რაც მასმია მისგან მონახსენებია, გული კვდება, ნარგისთათვის თვალნი გაუშტერებია“). ტექნიკურად გაცილებით უფრო სრულყოფილია ვახტანგ მეექვსისა და მამუკა ბარათაშვილის მაჯამები, ამასთან, მათს პოეზიაში აზრი და გრძნობა იშვიათად ეწირება ომონიმურ რითმათა აგების ინტერესებს. დავით გურამიშვილს რაც შეეხება, ისევე როგორც მრავალ სხვა შემთხვევაში, იგი ამ სფეროშიც აღადგენს რუსთაველის პოეტურ ტრადიციებს: მისი მაჯამები შინაარსისეულ და ფორმისეულ ინტერესთა ჰარმონიული შერწყმის ნიმუშია, ავტორი მუდამ ზომიერად და მარჯვედ იყენებს მაჯამურ რითმას, რომელიც სტრიქონის თუ სტროფის აბსოლუტურად ორგანულ ინგრედიენტად აღიქმება და არა ხელოვნურ სამკაულად:

რაც დამრჩა, ვერ ვსთქვი, მეწადა
მეთქვა გრძლად, თავი მეცადა,
ვერა ვსთქვი, მოცლას უცდიდი,
ნეტამცა არა მეცადა!
მესწრაფა სევდის ლახვარი,
საკვდავად გულსა მეცა და,
აწ ამას ვღონობ, არ ვიცი,
ქვესკნად წავალ თუ მე ცადა!

მაჯამურმა რითმამ ჩვენს დრომდე მოატანა. ალექსანდრე ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის გარდა, ამგვარი რითმები გალაკტიონ ტაბიძემაც შეაწყო რამდენსამე ლექსში („უცნაური სასახლე“, „სხვა სტრიქონები“, „ქალი ლიმონებში“, პოემების — „დიდედას სათვალეს“ და „მშვიდობის წიგნის“ ცალკეული სტროფები).


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები