გურამიშვილი დავით

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წარწერის ტექსტი

გურამიშვილი დავით – (1705, გორისუბანი (ახლანდეკი სოფელი საგურამო) – 21.07/01.08. 1792, ქ. მირგოროდი, უკრაინა), პოეტი.

მისი წინაპრები საგურამოში მესხეთიდან გადასახლდნენ XV ს-ში. „მცხეთის გუჯარის“ მიხედვით, გურამ ზედგენიძეს მეფის წინაშე დამსახურებისთვის მიუღია მიწები ქართლ-კახეთის საზღვარზე, მდინარე არაგვის მარცხენა სანაპიროზე, თეძმის ხეობაში. თხუთმეტამდე სოფელს გურამის სამფლობელო – საგურამო ეწოდა. XVIII ს. დასაწყისში, დავითის დაბადების დროს, საგურამო კახეთის საზღვრებში შედიოდა, გურამიშვილები კახელ თავადიშვილებად იხსენიებოდნენ და კახეთის სამეფო კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავათ.

დავითის მამამ, გიორგი შიოშის ძე გურამიშვილმა, ყრმა დავითი წესისამებრ გააძიძავა გლეხის ოჯახში, რომელიც პოეტს სიბერემდე ახსოვდა.

დავით გურამიშვილის „დავითიანი“ (ავტოპორტრეტი)

გურამიშვილის სიჭაბუკის წლები საქართველოს ისტორიის უმძიმეს პერიოდს დაემთხვა: ფეოდალთა შინააშლილობით დაუძლურებული ქვეყანა ვეღარ უმკლავდებოდა სპარსთა და თურქთა აგრესიას, რასაც ლეკთა თარეში დაერთო. 1721 წ. პეტრე I-მა ვახტანგ VI-ს შესთავაზა, რომ ჩაბმულიყო ირანის წინააღმდეგ ომში. ვახტანგი განჯასთან მივიდა ლაშქრით, მაგრამ რუსეთმა სამხედრო ოპერაცია ჩაშალა. შაჰმა ქართლის ტახტი ჩამოართვა ვახტანგს და კახეთის გამაჰმადიანებულ მეფე კონსტანტინეს გადასცა. ვახტანგი და კონსტანტინე ერთმანეთს წაჰკიდეს „ავმა ენებმა“. სპარსთა და ლეკთა მხარდაჭერით კონსტანტინემ თბილისი აიღო. ვახტანგმა თურქებს უხმო და ახლა მათ ააოხრეს თბილისი და ქართლი. 1723 წ. ქართველობამ ძალა მოიკრიბა, თურქთა განდევნა სცადა და გორის ციხეს გარს შემოერტყა. ატენთან ბრძოლაში წარმატება მოიპოვეს, მაგრამ ღალატის გამო დამარცხდნენ. ამ ომში მონაწილეობდა ახალგ ზრდა დავითიც, რომელმაც მარცხის შემდგომ ლამისყანას შეაფარა თავი, რადგან საგურამო ლეკთაგან გადამწვარი და განადგურებული იყო (ლამისყანაში დავითს საცოლე ჰყავდა – გარაყანიძის ასული). 1728 წ. გურამიშვილი ლეკებმა დაატყვევეს და წაიყვანეს დაღესტანში, სოფელ ოსოქოლოში, ხაროში ჩააგდეს და გაყიდვა დაუპირეს. გურამიშვილმა გაქცევა სცადა, მაგრამ შეიპყრეს. მეორე გაქცევა იღბლიანი გამოდგა. 1729 წ. დავითი ასტრახანის გზით მოსკოვში ჩავიდა და ვახტანგ მეფის წინაშე წარდგა. მეფემ დავითს იარაღის საწყობი ჩააბარა.

1734 წ. გურამიშვილი ვახტანგ მეფესთან ერთად ახლდა რუსეთის არმიას ირანის წინააღმდეგ სალაშქროდ. შაჰმა დაიკავა შემახია და რუსეთი იძულებული გახდა უკან დაეხია. იმედგაცრუებული ვახტანგ მეფე ასტრახანში დარჩა, სადაც 1737 წ. გარდაიცვალა. უმეფოდ და უნუგეშოდ დარჩენილმა ქართველობამ რუსეთის ქვეშევრდომობა მიიღო და ჰუსართა ასეული შეადგინა. სხვებთან ერთად გურამიშვილს მამული მისცეს უკრაინის ქ. მირგოროდსა და სოფელ ზუბოვკაში.

„დავითიანი“ - ავტორის ხელნაწერი

1739 წ. გურამიშვილი მონაწილეობდა ყირიმის ომში თურქთა წინააღმდეგ, სადაც მან თავი ისახელა და თავდაპირველად კაპრალის, შემდეგ კვარტერმეისტერის, ბოლოს კი ვახმისტრის წოდება მიიღო.

1741-1742 წწ. გურამიშვილი შვედების წინააღმდეგ იბრძოდა. 1758 წ. იგი კიესტრინის მიდამოებში პრუსიელებმა დაატყვევეს და მაგდებურგის ციხეში ჩასვეს. ერთი წლის შემდეგ ტყვეები გაცვალეს და დავითი სანქტ-პეტერბურგში ჩავიდა. ჯანმრთელობაშერყეული პოეტი სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდა და პოდპორუჩიკის ჩინით მირგოროდში დაბრუნდა. მამული აოხრებული დახვდა. მეორე მეუღლესთან, ტატიანა ავალიშვილთნ ერთად, მან სახლ-კარის აღდგენა შეძლო და მეურნეობას მიჰყო ხელი.

გურამიშვილი თავის მეორე სამშობლოში მამულზე ბევრს ზრუნავდა – სურდა გაეუმჯობესებინა საირიგაციო სისტემა და მოეწყო განახლებული წისქვილები, რისთვისაც საგულდაგულოდ შეისწავლა ეს დარგები და საგანგებო ნახაზებიც შექმნა. პოეტი ღამეებს სამშობლოზე ფიქრში ატარებდა და ბევრჯერ დასთენებია შემოქმედებით წვაში. „დავითიანი“ მან სამშობლოსა და ქართველ ერს მიუძღვნა და მირიან ბატონიშვილის ხელით გამოგზავნა საქართველოში.

„დავითიანი“, მეცნიერთა აზრით, „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ ქართულ ენაზე შექმნილი ყველაზე მნიშვნელოვანი წიგნია. გურამიშვილი შთაგონებულია რუსთველის ლექსით, „ბრძენსა და რიტორს“ უწოდებს მის ავტორს, საუბრობს პოემაში იგავურად გამოთქმულ სულიერ საზრისზე და თავადაც გამომსახველობის ამ გზას ირჩევს.

„დავითიანი“ - ავტორის ხელნაწერი

„დავითიანი“ შთაგონებულია დავით წინასწარმეტყველის პოეტური ქმნილებით. გურამიშვილმა, როგორც ფსალმუნთმგალობლის მოსახელემ, თავის თხზულებას „დავითიანი“ უწოდა. ამასთან, იგი მიიჩნევს, რომ ბიბლიური მეფე ქართველ ბაგრატიონ მეფეთა წინაპარი და მფარველი იყო, რაც უღრმესი სულიერი განცდით აქვს გადმოცემული.

„დავითიანი“ თავისი კომპოზიციით ფსალმუნთა ქარგაზეა აგებული. მეფსალმუნე დავითის მსგავსად, აქაც ბედისწერა გაიგივებულია ქვეყნისა და ერის ყოფასთან. „დავითიანი“ მოგვითხრობს ღმერთის მიწიერი ცხოვრების – შობის, ქადაგებებისა და ჯვარცმის შესახებ. გარდამოხსნა-დატირების სურათებითა და საგოდებელი სტრიქონებით წარმოჩენილია ქრისტიანული რელიგიის მსოფლმხედველობა.

გურამიშვილი არ არის მხოლოდ პოეტი. იგი თავისი დროის დიდი მემატიანეა. „ქართლის ჭირი“ კონკრეტული რეალობის, მეფეთა დიპლომატიური ურთიერთობებისა და საომარი ვითარების სრულ სურათს ხატავს. მეისტორიისა და ბრალმდებლის თვალით არის შეფასებული „ქვეყნის წახდენის მიზეზი“, რაც, გურამიშვილის აზრით, ქართველთა ხასიათსა და ბუნებას უკავშირდება. მისი, როგორც მემატიანის ღირსება „მართლის თქმის“ პრინციპია. ქართველთა მორალური გადაგვარება უმთავრეს ჭირად ესახებოდა პოეტს:

„ავაზაკობა, ქურდობა, გზებზე დასხდომა გზირისა.
ტყვეობა, მოკვლა, ტაცება ქვრივთა, ობოლთა, მწირისა“.

ქართველთა უნდობლობა, შური და ამპარტავნება, სამთავროებს შორის შუღლი და ბრძოლა მტერს უადვილებდა ქვეყნის დაპყრობასა და აოხრებას. გურამიშვილი „ქართლის ჭირს“ ცოდვათა მომრავლების საზღაურად, ღვთის სასჯელად მიიჩნევს.

„დავითიანი“ - ავტორის ხელნაწერი

„დავითიანში“ გურამიშვილი საგანგებოდ საუბრობს სწავლა-აღზრდის საკითხებზე, რადგან განათლება „ქართლის ჭირის“ განსაკურნებელ უპირველეს საშუალებად ესახება. ყრმათათვის სხვადასხვა პროფესიის შესახებ ახსნა-განმარტება და ცოდნის მნიშვნელობა პოეტს მრავალსახოვნად აქვს გადმოცემული.

გურამიშვილმა სასულიერო პოეზიის გამომსახველობა გააღრმავა და ჰიმნოგრაფიის უმთავრესი თემა – ადამიანის უფალთან მიმართება – აღორძინების ეპოქისთვის ნიშანდობლივი მისტიკურ-ალეგორიული შინაარსით გაამდიდრა. ახალ სიმაღლეზე აიყვანა მეტაფორული და სიმბოლური აზროვნება.

გურამიშვილის მისტიკური ხილვა და ზეცისკენ მიმართული ღაღადი უმთავრესად სახარებისეული სახეებით არის ნაჩვენები.

მის ჰიმნთა უმრავლესობა სრულიქმნება კონკრეტული სახეების განზოგადებით. ხშირად რეალურს სიმბოლური გააზრება ენაცვლება, რასაც მოულოდნელობის ეფექტი აქვს.

გურამიშვილის პოეზიის უმთავრესი წყარო მოგონებებია. კონკრეტული ბიოგრაფიული ეპიზოდები, რომელსაც სიცოცხლის მიმწუხრს სამშობლოდან შორს მყოფი გურამიშვილი შემოქმედებითად აცოცხლებს, ღვთისკენ სწრაფვისა და შემეცნების იმპულსად იქცევა. „დავითიანის“ მხატვრული სტილი ამ თვალსაზრისით „ფსალმუნს“ ედარება.

„დავითიანი“ საწუთროს რუსთველურად ემდურის. სიკვდილს „მჭლე კაცად“ ხატავს და ახალი პოეტური სამყაროს შექმნით მაღლდება დროსა და მიწიერებაზე.

„დავითიანის“ ერთ-ერთ ნაწილში – „სწავლა მოსწავლეთა“, საუბარია ცოდნის დაუფლების რთულ გზასა და სიძნელეებზე. ყრმათა „შოლტით ცემა“ და სისასტიკე არ არის მისი სათქმელი, პოეტი „დავითის მცნებას“, ბიბლიური მეფსალმუნის საღვთო გზას უსახავს ყმაწვილებს და შეაგონებს. გურამიშვილი ეფუძნება ქრისტიანული მწერლობის ფუნდამენტურ სწავლებას – „შეიცან თავი შენი“:

„ყმაწვილი უნდა სწავლობდეს საცნობლად თავისადაო....“

„უხილავი საუნჯე“ საიდუმლოდ დაფარული ღვთიური სიბრძნეა. აფორიზმებადაა ქცეული გურამიშვილის გამონათქვამები: „ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა“ და „სწავლის ძირი მწარე არის, კენწეროში გატკბილდების“. ცოდნის მიღება გურამიშვილისთვის არის ტკივილიანი გზა, შეჭირვება და სიმწარე.

დიდაქტიკურ საკითხებზე მსჯელობისას გურამიშვილმა გამოიყენა არჩილ მეფის „საქართველოს ზნეობანი“.

„დავითიანის“ მეოთხე წიგნი, პოემა „მხიარული ზაფხული“, ანუ „ქაცვია მწყემსი“, ეძღვნება სიყვარულს. პოეტი მიწიერ ვნებათა სტიქიურ ძალასა და მძაფრ სასიყვარულო სცენებს ისევე აღწერს, როგორც ბიბლიური სოლომონის „ქებათა ქება“.

გურამიშვილის შემოქმედების წყარო ბიბლია და სასულიერო მწერლობაა. „დავითიანში“ ჩანს დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნთა, რუსთველის „ვეფხისტყაოსნის“, ფსევდო დიონისე არეოპაგელის შრომებისა და ანტიკური ფილოსოფიის კვალი.

დავით გურამიშვილი გარდაიცვალა 1792 წლის 25 ივნისს (ძველი სტილით) 87 წლის ასაკში. მოგვიანებით აღმოჩნდა მისი სამარე და საფლავის წარწერაც. პოეტის ნეშტი დაუკრძალავთ ქალაქ მირგოროდის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში.

ლ. წერეთელი


ლიტერატურა

  • კეკელიძე კ., ბარამიძე ა., ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია (V-XVIII სს.), თბ., 1969;
  • კუსრაშვილი რ., დ. გურამიშვილის ენა და დიალექტიკა, თბ., 2000;
  • მურღულია გ. ალიბეგაშვილი გ., მაღლაფერიძე ვ., საუბრები ქართულ ლიტერატურაზე, თბ., 1992;
  • ყუბანეიშვილი ს, დ. გურამიშვილი ქართველ ჰუსართა პოლკში, თბ., 1955;
  • ჩოხარიძე მ, დავით გურამიშვილის ცხოვრება და შემოქმედება, ბათუმი., 2007;
  • ცაიშვილი ს., დავით გურამიშვილი, თბ., 1985

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები