ცროლის მთა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ცროლის მთა — მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე.


წინათ ცროლის მთაზე ყოფილა დარბაზიც, საქვაბეც სანების ჯვარისა. იქ დადიოდნენ ხადუელებიც და კალოთანელებიც ზამთარ-ზაფხულ სადღეობოდ. იქ წასულ ხალხს არც სციოდა და არც ზვავი მოუდიოდა. აქ ტყე არ არის და ზამთარში შეშა ვერსაიდან უზიდავთ, მაგრამ საკლავის ხორცი თურმე უცეცხლოდ იხარშებოდა დარბაზში. საკლავი რომ მიჰყავდათ, თოვლზე ისე გაივლიდნენ, რომ არ ეფლობოდნენ. იქ წასაყვანი საკლავი ხალხს თურმე წინ დაუდგებოდა და თავისი ნებით ადიოდა მთაზე. სხვაგან რომ ქარბუქი და ყინვა ყოფილიყო, ცროლზე სადღეობოდ სითბო იყო. ახალი წლის წინ სოფლის მეკვლეები ცროლზე ათევდნენ ღამეს, რომ დილას ჩამოსულიყვნენ სოფელში და ახალი წელი მიელოცათ. მათ მოსვლამდე ხალხი შინ უნდა ყოფილიყო, გარეთ ვერავინ გამოვიდოდა. მეკვლეები მარტო სანთლებით ათენებდნენ ღამეს ცროლზე. თურმე ისე თბილოდა, რომ მთელ ღამეს ოფლი გადასდიოდათ. ქვაც თბილი ყოფილა და მიწაც. სეფისკვერებზე დაკრული სანთლები თავად ინთებოდნენ. თუ ვინმეს ან წმიდად არ ექნებოდა თავი შენახული ან სოფელში მყოფს ვინმესადმი ნაღალატარი ექნებოდა, იმის სანთელს ცეცხლი არ მოეკიდებოდა. მაშინ მეკვლენი შეეხვეწებოდნენ: „დალოცვილო წმიდაო სანებაო, აპატიე შენს ყმას, ძღვენითა და სანთლით გადაახდევიე. ჩვენ ორნივე თავსმდებნი ვართ შენი მეკვლე-პატიმარნი“. დამნაშავე უნდა გატეხილიყო და მეკვლეებსაც უნდა ეღიარებინათ თავისი შენაცოდვარი და ზოგ სანთელს მოეკიდებოდა ცეცხლი, ზოგს აღარ მოეკიდებოდა.

როცა სანების ჯვარი მივიდოდა ცროლს, განათდებოდა იქაურობა, თვალით კი ვერავინ დაინახავდა. ამბობენ, მხოლოდ მკადრე ან ხუცესი ხედავდაო, იმათ გამოუცხადებდა თავის ბრძანებასო. მაშინ დიდი რწმენა და სიწმიდე ყოფილა. ჯვრის ხელკაცს არ შეეძლო დიაცის ახლოს გაევლო. დიაცის ახლოს კი არა, სადაც დიაცები დადიოდნენ, იმ გზაზე გავლაც არ შეეძლოთ. ხუცესი სულ ცალკე იყო ჭერხოში, სადაც ვერც კაცი შევიდოდა და ვერც დიაცი. მერე ეს რწმენა და სიწმიდე თანდათან დაიკარგა, ხორცმაც შეწყვიტა უცეცხლოდ დუღილი, აღარც სანთლებს ეკიდებოდა ცეცხლი. ხალხსაც სციოდა და ქარბუქისა და ყინვის გამო ვეღარ ადიოდნენ ცროლს, შეწყვიტეს იქ სიარული და დაბლა გაიჩინეს სალოცავი. ამის მერე დაიკარგა ცროლზე ხატის დარბაზი და საქვაბე, აღარავინ იცის, სად არის. ამბობენ, საფარველი აქვს დადებულიო.

ერთ მონადირეს, გუროელ კანანათ მანგიას, ნადირობაში დაღამებია ცროლის მთაზე. უჩინი ღამე ყოფილა და არ სცოდნია, სად იყო, სად მოხვდა. იმ ღამეს სიზმარში უნახავს თეთრცხენიანი კაცი. თავადაც ისეთი თეთრი ყოფილა, რომ თვალი ვერ გაუსწორა. კაცმა მათრახის წვერი წაკრა მანგიას და უთხრა: რატომ შესცოდე, რად შემოხვედი აქო. იმავე ღამეს სხვა სიზმარში უნახავს თავისი ოთხრქა ვერძი, და უთქვამს სიზმარში სხვა კაცს, რომ ვერძი აქ მოეყვანა და დაეკლა. რომ გამოღვიძებია მანგიას, ისე თბილად ვიწექიო, ყვებოდა მანგია, რომ სულ ოფლი გადამდიოდაო. ამდგარა, მიუხედ-მოუხედავს და, რას ხედავს, ხატის დარბაზში იმყოფება: ირგვლივ მერხებია, შუაში კერიაა, საკიდელი, თაროებზე თას-განძია შემოწყობილი. განცვიფრდა მანგია, ეს სად შემოვსულვარ, სად გამითევია ღამეო.

ახლა იქიდან მეორე კარში შესულა. აქ საქვაბეა გამართული, ქვაბ-საკიდელი, დიდი სალუდე ქვაბი, შეშაც იქვეა, ქვაბის ძირში. ყველაფერი გაწყობილია ლუდის სადუღებლად.

გამოვიდა გარეთ მანგია, მუხლი მოიყარა და შეევედრა სანების ჯვარს, მაპატიე, რომ შენს კარ-მიდამოში შემოვიჭერი ღამის სიბნელის გამო და მისი სიწმიდე შევლახეო. ათენგენობას ჩემი ოთხრქა ვერძით აქ ამოვალ და დაგიკლავო. შეასრულა აღთქმა მანგიამ და მართლაც ათენგენობას ამოვიდა ცროლის მთაზე, ოთხრქა ვერძი მოიყვანა, თან სხვა ძღვენიც მოაყოლა. მერე ჯვარის მკადრეებს უამბო ყველაფერი, რაც თავს გადახდა, როგორ მოხვდა ჯვარის დარბაზში... მაგრამ არავინ იცოდა, სად იყო ის დარბაზი და სალუდე. თქვეს, რომ საფარველი ადევს ღვთიშვილთაგან და არავის შეუძლია მისი ადგილ-სამყოფელის ნახვაო.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის (ქართული მითოლოგია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები