ძიძლანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ძჷძლან-ი (აფხ.Ӡыӡлан) – „წყლის დედა“, წყლის სტიქიის უფალი, რომლის ეპითეტია „ახი ძაჰკუაჟვი“ (წყლის ოქროსმბრძანებელი); ჰყავს მეუღლე და მოსამსახურე ქალი („აბზაჰავ-აბზაჩავი“). ხალხის წარმოდგენით, იგი მზეთუნახავია, რომელიც კოჭებამდე დასული ოქროსფერი თმების გამუდმებულ ვარცხნაშია (შდრ. წყლის ალი და ტყაში მაფა); აქვს თეთრი კანი და ალმასივით ელვარე თვალები, უკანშექცეული ტერფი (შდრ. წარმოდგენები ოჩოკოჩზე).

წყალთა მეუფეს ხელთუპყრია ჯადოსნური სარკე, რომელიც მთელ ქვეყნიერებას აირეკლავს; ხშირად ამოდის ხმელეთზე, ნუსხავს ან ორთაბრძოლაში ამარცხებს სასურველ მამაკაცს და, აჟვეიფშაას ქალიშვილების მსგავსად, მასთან ინტიმურ კავშირს ამყარებს. თუ ადამიანმა შეძლო ძიძლანის თმის ან ფრჩხილის ნაწილის ხელში ჩაგდება, მას მოსამსახურედ გაიხდის, მაგრამ წყალთა უფალი მალევე იბრუნებს მათ და მიდის.

თვლიდნენ, რომ წყლის დედას შეეძლო ადამიანებს, განსაკუთრებით ქალებს ჩასახლებოდა და ფსიქიურად აეშალა ისინი. ძიძლანისაგან ავადმყოფის განთავისუფლება ხელეწიფებოდა აწაავს (მკითხავს, ნათელმხილველს) ან იმ ადამიანს, რომლის დროებითი მოსამსახურე იყო წყლის დედა. ძიძლანის სახელზე ლოცვა იცოდნენ ავადმყოფობისა და წყლისპირზე პატარძლის პირველი გაყვანის ჟამს („ა-ძთიხრა“), ასევე მშობიარობის შემდეგ („ა-გილახჲა“).

ძიძლანის ტიპოლოგიური პარალელებია ადიღეური "ფსიგუაშე" (წყლის ქალბატონი) და „ფსიხო გუაშე“ (მდინარის ქალბატონი), მასთან სიახლოვეს ავლენენ ქართული „წყლის ალი“, მეგრული „წყარიშ დიდა“ (წყლის დედა) და „ოსურტოფუ“ (ქალ-თევზა).


ლიტერატურა

  • М. Джанашвили. Абхазия и абхазцы. (этнографический очерк) // ЗКОИРГО. Тф., 1894. Т. XVI;
  • Н.С. Джанашия. Статьи по этнографии Абхазии. Сух., 1960;
  • Х.Б. Дзизлан // Мифы народов мира. Т.I, М., 1980;
  • პ. გიორგიძე. აფხაზეთი და აფხაზნი // ივერია. 1888. №183.


წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები