ხიხანის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხიხანის ციხე

ხიხანის ციხე (ხირხათის ციხე) – (ინგლ. Khikhani castle), შუა საუკუნეების (X-XIII საუკ.) ციხესიმაგრე აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა თხილვანაში. ციხე მდებარეობს სხალთის ხეობის სათავეში, ხიხანის მთის ერთ-ერთ კალთაზე. კომპლექსის ძირითადი ნაგებობებია: გალავანი, კოშკები, ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები.

ხიხანის ციხე

ციხეს სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრიდან ერთადერთი საცალფეხო მისადგომი აქვს. გადმოცემით, ციხეს ბევრი მიწისქვეშა საიდუმლო გზები ჰქონია, რომელთა საშუალებით ციხეში მყოფნი, ალყის ან სხვა გაჭირვების დროს, ახლომახლო სოფლებს უკავშირდებოდნენ. XIII საუკუნის 30-იან წლებში ერისთავთ-ერისთავების აბუსერისა და ვარდანის დავალებით, მათმა ძმამ ტბელმა (ცნობილი ქართველი მწერალი და მეცნიერი), წმინდა გიორგის ქვის ეკლესია ააგო. ციხის ფართობი თითქმის ერთ ჰექტრამდეა. მისი მხოლოდ მცირე ნაწილია მოვაკებული. დანარჩენი დამრეც და ციცაბო ფერდობზეა განლაგებული. ალაგ-ალაგ გადარჩენილი ციხის გალავნის კედლების სიმაღლე 5-6 მ-ს აღწევს, სისქე 90-95 სმ-ია. გალავანში ჩაშენებული იყო 4 კოშკი, რომელთაგან მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის ნაშთები ციხის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ მონაკვეთში მდებარეობს. შემორჩენილია საძირკველი. ეკლესია პატარა ზომისაა (5,5×3,5 მ) და დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს. ორსაფეხურიან ცოკოლზე აღმართული ყოფილა საკმაოდ სქელი კედლები (სისქე 55 სმ). შედარებით უკეთაა შემონახული აღმოსავლეთის და სამხრეთის კედლები (სიმაღლე 1,5-1,7 მ). კედლების როგორც გარეთა, ასევე შიგა ზედაპირი მოპირკეთებულია ბრტყელზედაპირიანი ქვებით, ხოლო მათ შორის მდებარე არე შევსებულია კირხსნარიანი ქვა-ღორღით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა.

2014-2015 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი დავით მინდორაშვილი) ხიხანის ციხეზე ჯერ 28, ხოლო შემდეგ 43 ქვევრი (მარანი) აღმოაჩინეს, რომელიც თარიღდება XI-XIII საუკუნეებით. ერთ-ერთ კოშკში ნაპოვნია, აგრეთვე, მცირეკალიბრიანი ზარბაზნის ჭურვები.

ხიხანის ციხე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხეა აჭარაში დღემდე არსებულ სხვა ციხეებთან შედარებით. ხალხი მას თამარ მეფესთან აკავშირებს და ზოგჯერ ხიხანის ციხეს თამარის ციხესაც უწოდებენ.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები